ქუთაისში, მუხნარის ტყეში პარტია „თავისუფალი საქართველოს" ლიდერების კახა კუკავასა და გოგა წულაიას მიერ წაქცეული ხეების მორებად დაჭრის გამო, შესაძლოა, სამართლებლივი რეაგირება მოხდეს. მათ საღორიის ტყეში სანიტარული ჭრა განახორციელეს. პარტიის წარმოამდგენლებმა მოჭრილი ხეები სოციალურად დაუცველ ოჯახს მიუტანეს. კუკავამ და წულაიამ აღნიშნული პერფორმანსით ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს.
„დავიწყოთ იმით, რომ ეს არ არის ამომრჩევლის მოსყიდვა. ქვეყანაში იმდენი მოსყიდვა ხდება, რომ იმ ფონზე, რასაც „ქართული ოცნება" და თუნდაც „ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს, ერთი გაჭირვებული ქალსთვის შეშის მიტანა არ მგონია იყო მოსყიდვა, რომელიც გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე.
„რაც შეეხება ჩემ დაჯარიმებას, ეს იყო დაანონსებული წინა დღეს. იცოდნენ ჟურნალისტებმა, ნათქვამი იყო ტელევიზიით, ტელეფონითაც ვისაუბრე ამის შესახებ და ჩემი მობილური რომ ისმინება, ესეც ვიცი.
„ამ პერფორმანსის შესახებ იცოდა უშიშროებამ და ყველამ. თუ რამის თავი ჰქონდათ, მოსულიყვნენ იქ და ჩაეტარებინათ ის სამართლებრივი ღონისძიება, რომელზეც ახლა ფიქრობენ, ანუ დავეჯარიმებინე. მაგრამ ამის თავი არ ჰქონდათ. ახლა უნდა დაიწყონ გამოძიება, წამიყვანონ დაკითხვაზე და ა.შ.
„კიდევ ერთი რამ მიკვირს - იქ კახა კუკავაც იყო და ეს ჩვენი საერთო აქცია იყო. ისრებს მისკენ კი არ ვხრი, მაგრამ ამიხსნან, რა ლოგიკით მოქმედებენ? გოგი წულაიაზე გამოვაცხადებთ სანქციებსო - ამბობენ და კახა კუკავა-ხელშეუხებელია?
„ასე რომ, ასეთ სისულელეებს ჯობია, რომ ხე-ტყეს მივხედოთ. თუ სადმე ჯანმრთელი ხე ნახეს - ჭრიან, ავადმყოფს კი ყურადღებას არ აქცევენ. მაგრამ ჩემი დაჯარიმება თუ გადაარჩენს ქართულ ბუნებას, ჯანდაბას, გადავიხდი. მაგრამ ესენი არ უვლიან, ტყეები კატასტროფულ მდგომარეობაშია", - „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა პარტია „თავისუფალი საქართველოს" შტაბის უფროსმა გოგი წულაიამ.