რატომ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ „რესპუბლიკურ პარტიასთან“ შერიგებას

რატომ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ „რესპუბლიკურ პარტიასთან“ შერიგებას

„ნაციონალური მოძრაობის" მცდელობაში გასაკვირი არაფერია, რადგან ეს გაერთიანება („ძალა ერთობაშია") იმ ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის" ფრაგმენტებია. ამ პარტიებს პიროვნებები გამოეყვნენ და თქვეს, რომ პარტიას ვქმნითო, მაგრამ ისევ „ნაციონალური მოძრაობასთან" გაერთიანდნენ," - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ „რესპუბლიკური პარტიის" წევრმა ლევან ბერძენიშვილმა, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იმყოფება, მისი და „ნაცმოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მოულოდნელი შეხვედრის შესახებ „ფეისბუკით" გაავრცელა ინფორმაცია.

„ვზივარ ჩემთვის ფრანქფურტში, მოვიდა სააკაშვილი, საჯაროდ მომიბოდიშა, საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლი მიწოდა და წავიდა. აღარ ვარ რუსეთის საელჩოსთან „შნურით" მიბმული," - წერს ლევან ბერძენიშვილი.

თავად საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი „ფეისბუკზე" ასეთი რამ დაწერა.

„მე გამიხარდებოდა, რომ განათლების საკითხებში გია ვაშაძემ ლევან ბერძენიშვილს სთხოვოს მრჩევლობა და ამ მიმართულების წაყვანა," - წერს სააკაშვილი.

ასევე შეგახსენებთ, რომ „ნაცმოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ორიოდე კვირის წინ საჯაროდ მიმართა ლევან ბერძენიშვილს და მასთან გაერთიანება შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ახალ გაერთიანებას სხვა პარტიაბთან გაერთიანება „ჰაერივით სჭირდება".

„მათთან გაერთიანებული არიან ეროვნულ-დემოკრატები, მაგრამ ისინი 2007-2008 წლიდან, ფაქტობრივად, „ნაციონალების" ორბიტაზე არიან. ამ პარტიას ჰქვია „გაერთიანებული ოპოზიცია", მაგრამ ეს არ არის ასე. ამიტომაც, მათ ჰაერივით სჭირდებათ დღეს ნებისმიერი პარტია, „რესპუბლიკური" თუ იქნება, მითუმეტეს. მათ არ უნდათ ეს იყოს დაშლილების გაერთიანება," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.