„არცერთ ბაზრობასა და საბითუმო მაღაზიაში პროდუქციის შენახვის პირობები დაცული არ არის“

„არცერთ ბაზრობასა და საბითუმო მაღაზიაში პროდუქციის შენახვის პირობები დაცული არ არის“

[მერაბ ბრეგაძე]

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია თბილისის ბაზრობებსა და საბითუმო მაღაზიებში სანტარული ნორმების დარღვევებზე საუბრობს. აღნიშნული ორგანიზაცია 2 თვის განმავლობაში აწარმოებდა შემოწმებებს ბაზრობებზე და საბითუმო მაღაზიებში.

როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამირან შენგელია ამბობს, არცერთ ბაზრობასა და საბითუმო მაღაზიაში დაცული არ არის პროდუქციის შენახვის პირობები და პროდუქცია განთავსებულია ისეთ ადგილას, სადაც მზე აცხუნებს.

გაფუჭებული პროდუქციის ასორტიმენტი, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, დიდია. მათ აღმოაჩინეს გაფუჭებული ბავშვთა ტკბილეული, ასევე მაიონეზი, თაფლი, ძეხვეული. ბავშვთა ტკბილეულის შემთხვევაში კი, ხშირად იყიდება პროდუქცია, რომელსაც ვადა 2008-2010 წლებში გაუვიდა. არის შემთხვევებიც, როდესაც პროდუქციაზე ვარგისიანობის ვადა მთლიანად გადახაზულია. კვლევის შედეგად ამოღებულია საბავშვო საღეჭი რეზინები „სუპერი“ და „ბარბი“, რომელთა უმეტესობას მოხმარების ვადა კარგა ხანია გასული აქვს.

გარდა ამისა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ამ საკითხზე ყურადღება უნდა გაამახვილონ თავად მეწარმეებმაც და ისინიც უნდა იყვნენ დაინტერესებული, თუ რა პირობებში ინახება მათი პროდუქცია, რადგან ეს მათი კომპანიის რეპუტაციაზე აისახება. ამასთან, ორგანიზაცია ურჩევს მომხმარებლებს, დაიცვან საკუთარი უფლებები და პროდუქციის შეძენისას ყურადღებით იყვნენ. ასევე, ორგანიზაცია ითხოვს, რომ ბაზრობებსა და საბითუმო მაღაზიებში არსებული სანიტარული ნორმების დარღვევით დაინტერესდნენ სამართალდამცაველი ორგანოები. ასოციაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის მონიტორინგი საბითუმო ბაზრობებზე საქართველოს რეგიონებშიც გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებულ ცუდ სანიტარულ პირობებზე  უცხოელი ტურისტების ნაწილიც საუბრობს. ტურისტული კომპანია „თებულოტურის“ დამფუძნებლის პაატა ვარდანაშვილის განცხადებით, მომსახურე პერსონალის დაბალი დონის გარდა, უცხოელი სტუმრები ტურისტული ობიექტების მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანებაზეც ხშირად ჩივიან.

„ერთმა უკრაინელმა სტუმარმა მთხოვა პრეზიდენტის ელ-ფოსტა, რათა მიეწერა, რომ ტურისტული ობიექტები შესანიშნავადაა გაკეთებული, მაგრამ ძალიან ბევრი ნაგავია“.

შეგახსენებთ: წლის დასაწყისში  ეკონომიკის სამინისტრომ ტურისტულ ცენტრებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების დაწყების თაობაზე განაცხადა და შესაბამისი ობიექტების  მშენებლობის ინტერესთა გამოსახატად ფიზიკური და იურიდიული პირები მიიწვია. შეთავაზებული პირობების თანახმად, ინვესტორს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად უნდა გადასცემოდა მიწის ნაკვეთები ობიექტის მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის.  ინვესტორს უნდა უზრუნველეყო სანიტარული ობიექტის (საპირფარეშო) აშენება და სათანადო ინფრასტრუქტურით (წყალი,  ელ. ენერგია) აღჭურვა.

როგორ წარიმართა ინტერესთა გამოხატვა და რა სამუშაო შესრულდა, ამაზე ეკონომიკის სამინისტროში და ტურიზმის დეპარტამენტში არაფერს ამბობენ. ორივე ამ უწყებას არ გააჩნია ინფორმაცია ტურისტულ ობიექტებზე არსებული სანიტარულ–ჰიგიენური ობიექტების არსებობის შესახებ.

ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, საქართველოში ტურისტულ ობიექტებზე სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ზოგან კი ასეთი ობიექტები საერთოდ არ არის, ამიტომ, მისი თქმით, ტურიზმს დეპარტამენტშიც და სამინისტროშიც უკმაყოფილო ტურისტების შესახებ ინფორმაცია არსებობს.

თუმცა, მისი თქმით, ეს პრობლემა თანდათან გვარდება და უახლოეს მომავალში ტურისტულ ობიექტებზე სანიტარულ–ჰიგიენური ობიექტები მთელი თავისი თანამდევი ინფრასტრუქტურით გაჩნდება: „ეს პრობლემა მოგვარებადია და რამდენადაც ვიცი, ამაზე სახელმწიფო დონეზე მიდის მუშაობა“.

ექსპერტ მარინა მეტრეველის განცხადებით კი, მას ზუსტი ინფორმაცია ამ საკითხზე არ აქვს, მაგრამ რამდენიმე ობიექტზე ეს პრობლემა გადაწყვეტილია, თუმცა, მისივე შეფასებით, მძიმე მდგომარეობაა გზებზე:

„ათეულობით კილომეტრს ისე გაივლის ტურისტი, რომ საპირფარეშოს მსგავსს ვერაფერს ნახავს და თუ ნახა, ისიც სავალალო დღეშია, რაც ქვეყნის იმიჯზე მეტად ნეგატიურად აისახება. დღეს ასეთი ვითარება გვაქვს: საქართველოს გზებს თუ 5 ქულით შევაფასებთ, ამ გზაზე არსებული სანიტარულ–ჰიგიენური ობიექტების მდგომარეობა ერთქულიან შეფასებასაც კი ვერ იმსახურებს“.

ცნობისთვის, სანიტარული ნორმები და წესები წარმოადგენს შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნებს, რომელსაც ჯანმრთელობის სამინისტრო ადგენს. ამ აქტებით დგინდება საკვებდანამატების ან დამბინძურებელი ნივთიერებების ზღვრული ოდენობა სასურსათო პროდუქტებში, სურსათის მომზადებისა და შენახვის წესები და სხვა წესები, რომელთა დაცვა აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.