დღევანდელ ტრადიციულ საკვირაო მოგონებებში ქართველი სპორტსმენების თავს გადამხდარ რამდენიმე საინტერესო ამბავს გავიხსენებთ.
ცნობილი ქართველი მოჭიდავე, პირველი საბჭოთა ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში შოთა ჩოჩიშვილი ასეთ ისტორიას ყვებოდა:
„საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად ჰოლანდიაში, საერთაშორისო ტურნირზე ვიმყოფებოდი. ჩემპიონები გავხდით და სანამ უკან გამოვფრინდებოდით, მე და ჩემმა მეგობარმა და თანაგუნდელმა, სერგეი ნოვიკოვმა (ოლიმპიური ჩემპიონი) მაღაზიებში გავიარეთ, რომ „ფირმა შმოტკები“ (უცხოური წარმოების ტანსაცმელი) გვეყიდა.
მე შარვალი და პიჯაკი ვიყიდე; სერგეიმ კი – ცისფერი ხავერდისგან შეკერილი „დვოიკა“: შარვალი და პერანგი, ზურგზე ჰოლანდიური წარწერით. ნოვიკოვს შარვალი ვიწრო ჰქონდა, ტანზე შემოტმასნილი და ცოტა უხერხულადაც კი გამოიყურებოდა. აეროპორტში გვაგვიანდებოდა. ტაქსი გავაჩერეთ და სასწრაფოდ გავვარდით.
ამსტერდამიდან მიუნხენში ჩავფრინდით და რადგან „პერესადკამდე“ (სხვა თვითმფრინავში გადაჯდომა) ექვსი საათი იყო, ხოლო აეროპორტის გარეთ გასვლის უფლება არ გვქონდა, მიუნხენის უზარმაზარი აეროვაგზლის შენობაში შევუდექით ხეტიალს. მე და ნოვიკოვი ერთად დავდიოდით და შევნიშნე, რომ აგრეთვე, მომლოდინე მგზავრთა ერთი ჯგუფი (ექვსი მამაკაცი), ყურადღებით გვაკვირდებოდა, შიგადაშიგ კი, გვიღიმოდნენ კიდეც. მე ტუალეტში მომინდა და იქით გავემართე. რამდენიმე წუთში უკან დავბრუნდი და რას ვხედავ – ნოვიკოვი იმ მოღიმარ, მოთვალთვალე მამაკაცებს დარევია, აქეთ-იქით ბურთებივით ყრის, თან იგინება. მივვარდი, ვცდილობ, დავაშოშმინო, ის კი არ ცხრება. მოვარდა პოლიცია და სანამ იარაღი არ იშიშვლეს, ნოვიკოვი ვერ გააჩერეს.
მიგვიყვანეს აეროპორტის განყოფილებაში. ის ექვსი მამაკაცი კი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გააქანეს. დაიწყო მოკვლევა და გაირკვა, რომ სერგეის მსხვერპლები ჰოლანდიელი დიპლომატები ყოფილან, რომლებიც ასევე „პერესადკით“ ლონდონში მიფრინავდნენ. გამოიძახეს ნიდერლანდებისა და საბჭოთა კონსულები. დაჰკითხეს სერგეი და მან თქვა: ეს კაცები იმიტომ ვცემე, რომ ჩემთან მოვიდნენ. ერთ-ერთმა კი უკანალზე ისე მომისვა ხელი, როგორც მეძავ ქალსო.
იქვე მყოფმა ნიდერლანდების კონსულმა კი განგვიმარტა:
– ეს არცაა გასაკვირი, რადგან თქვენ (ნოვიკოვს) გეების სამოსი გაცვიათ, რომელზედაც აწერია: „შეგიძლიათ, მოსინჯოთ ჩემი ხავერდოვანი უკანალი“...
ეს ისტორია იმით დასრულდა, რომ საბჭოთა სპორტკომიტეტმა დაზარალებულებს ფულადი კომპენსაცია გადაუხადა. სერგეი ნოვიკოვმა კი თავისი „ზიზიები“ მიუნხენის პოლიციაშივე შემოიხია ტანზე და მოსკოვში სპორტულებით დაბრუნდა“.
ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე არსენ მეკოკიშვილი ფანტასტიკური ფიზიკური ძალითა და ნებისყოფით გამოირჩეოდა. საგულისხმოა, რომ ორმოც წელს გადაცილებულ ქართველ ფალავანს ტოლი არ ჰყავდა მსოფლიოში და „პაპა არსენი“ ლამის შვილიშვილების ასაკის ახალგაზრდებსაც იოლად ამარცხებდა.
1956 წელია. საბჭოთა კავშირის თექვსმეტგზის, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, 44 წლის არსენ მეკოკიშვილი საბჭოთა კავშირის ხალხთა პირველ სპარტაკიადაზე გამოდის. „პაპამ“ ფინალს ისე მიაღწია, რომ ერთხელაც არ ჩაუმუხლავს. აშკარაა, რომ ფინალშიც ადვილად გაიმარჯვებს. არა და, რუსებს პირველი სპარტაკიადის დათმობა არ უნდათ და თავისიანს „ქაჩავენ“.
დაუმარცხებელი არსენის დასამარცხებლად მათ ერთი ფანდი მოიგონეს. აწონის წინ, არსენი ერთ ბნელ სარდაფში ჩაიტყუეს და ფოლადის კარი მაგრად გამოუხურეს, ანუ ჩაკეტეს... აწონაზე რომ დაიგვიანოს, ფინალში აღარ აჭიდავებენ და ჩემპიონობა რუსს დარჩება...
მოტყუებულმა არსენმა იმდენი ქნა, რომ ფოლადის კარი გამოამტვრია. აწონას წუთი-წუთზე მიუსწრო და ფინალისთვის გაემზადა, რომელიც ერთი საათის შემდეგ იწყებოდა. ფინალში არსენმა საკმაოდ ძლიერი რუსი მეტოქე პირწმინდად დაამარცხა, ბეჭებზე გააკრა. მსაჯმა მას ხელი აუწია გამარჯვების ნიშნად. მაგრამ როდესაც აღფრთოვანებულმა მწვრთნელმა, მილოცვის ნიშნად, ხელი მხარზე დაარტყა, არსენი გულწასული დაეცა ძირს. როგორც გაირკვა, ფოლადის მძიმე კარის გამომტვრევისას არსენს ლავიწის ძვალი გასტყდომია. აუტანელ ტკივილს ითმენდა, მაგრამ მეტოქე დაამარცხა, ჩემპიონი გახდა და მხოლოდ ამის მერე მოეშვა. სწორედ ამ დროს იჩინა თავი სასტიკმა ტრავმამ.
ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ჯემალ ზეინკლიშვილი ასეთ კურიოზს იხსენებდა: „1959 წელს თბილისის „დინამო“ ამხანაგური მატჩების გასამართავად საფრანგეთსა და ბელგიაში იმყოფებოდა. იმ პერიოდში ყველა საბჭოთა დელეგაციას უცხოეთში „კაგებეშნიკი“ დაჰყვებოდა. ჩვენ ერთი დიდცხვირა ქუთაისელი „კაგებეშნიკი“ გამოგვაყოლეს, რომელსაც პლატონიჩს ვეძახდით. მიშა მესხმა მითხრა:
– ჯემალ, ამ პლატონიჩს უამრავი ხიზილალა და რამდენიმე ყუთი წითელი ღვინო აქვს წამოღებული. მოდი, რაიმე ოინი მოიფიქრე და „გავწეწოთო“.
მე მართლაც მოვიფიქრე ერთი ოინი. მიშას მოვუყევი. მოეწონა და ავმოქმედდით. პლატონიჩთან ერთი ბოთლი ღვინით შევედი. დავუსხი, დავლიეთ და ვუთხარი:
– პლატონიჩ, ხიზილალა მქონდა წამოღებული, გავყიდე, ბლომად ფული ვიშოვე-მეთქი.
პლატონიჩმა „ჭამა“. თვალები აენთო. ცხვირი გაუწითლდა და მითხრა:
– მეც მაქვს წამოღებული ორი ჩემოდანი და იქნებ გამაყიდინოო.
გეგმის მიხედვით, მე, მიშა მესხი და პლატონიჩი პირველსავე მაღაზიაში წავედით, რომელიც ჩვენი სასტუმროდან კილომეტრ-ნახევარში მდებარეობდა. თან, ცოტა ხიზილალა წავიღე (პრობნი გაყიდვისთვის). პლატონიჩი და მიშა მესხი „ატანდაზე“ დადგნენ, რომ ვითომდა, ვინმეს არ „დავეწვით“. მე კი მაღაზიაში შევედი, იღლიაში ხიზილალაამოჩრილი. ცოტა ხნის მერე კართან მივედი და უცებ ადგილს მოვწყდი, ხოლო მიშასა და პლატონიჩს რომ ჩავუქროლე, მივაძახე: უშიშროება მოგვდევს-მეთქი. წარმოიდგინეთ, „კაგებეშნიკი“ პლატონიჩი რომ ადგილობრივ უშიშროებას დაეჭირა, რას უზამდნენ უკან მობრუნებულს საბჭოეთში. ამიტომ, პლატონიჩმა ისეთი „მოხია“, ლამის მიშას გაასწრო. მესხი და პლატონიჩი სასტუმროში შევარდნენ. მე კი, ვითომ მდევარი გავიტყუე, ცოტაც ვირბინე და სასტუმროში ოფლიანი დავბრუნდი. პლატონიჩის ხიზილალა დავმალე, მას კი ვუთხარი:
– პლატონიჩ, კუდი მოვიშორე. ხიზილალა კი – გადავაგდე-მეთქი.
ხიზილალას დარდი ჰქონდა „გადარჩენილ“ „კაგებეშნიკს“.
– ხიზილალის მეტი რა მაქვსო, – შვებით ამოისუნთქა პლატონიჩმა და მე და მიშას „პაეზდკის“ ბოლომდე ხიზილალა და წითელი ღვინო არ მოგვკლებია მისგან.
ამ ამბიდან ათი წლის შემდეგ ქუთაისში, ერთ სუფრაზე მოვხვდი და პლატონიჩიც იქ იყო. რომ შევქეიფიანდი, ეს ისტორია სუფრაზე მოვყევი. პლატონიჩს ის გრძელი ცხვირი გაუწითლდა ნერვიულობისგან. პისტოლეტი გააძრო და ძლივს დააწყნარეს. ბოლოს კი მითხრა, ჯემალ ზეინკლიშვილი არ იყო, ცოცხალი ვერ გადამირჩებოდიო.