მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზით, დაახლოებით 2025 წლამდე სამედიცინო მარიხუანას პროდუქციის გამოშვება ორმაგდება და დაახლოებით 25-დან 50 მილიარდ დოლარამდე იზრდება. ამას საბაბად იყენებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და კანონპროექტისადმი აგრესიულად განწყობილ საზოგადოებას ცდილობს პლატაიციებიდან მომდინარე სიკეთე კიდევ ერთხელ ჩააგონოს.
მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის თქმით, როცა არის პოტენციალი და ამ მიმართულებით მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა ორმაგდება, მისი თუნდაც 1% საქართველომ რომ დააკმაყოფილოს, დიდი შემოსავალი იქნება ქვეყანაში.
კანაფის მოყვანა-კულტივაციიდან მისაღები შემოსავლები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დაშვებებით მიიღებს პარლამენტი კანონს.
„რა განცხადებებიც გაკეთდა, საუბარი იყო ეკონომიკაში დამატებით შემოსავალზე. ეს ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თუ რა ტიპის კანონი იქნება მიღებული, საერთოდ იქნება თუ არა მიღებული, რამდენი ლიცენზიანტი შეიძლება არსებობდეს, რამდენი ჰექტარი შეიძლება არსებობდეს. შემიძლია გითხრათ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზებით, დაახლოებით 2025 წლამდე, სამედიცინო მარიხუანას პროდუქციის გამოშვება ორმაგდება და დაახლოებით 25-დან 50 მილიარდ დოლარამდე იზრდება.
ეს ის პროგნოზია, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აქვს. კანონპროექტში ბევრი რაღაც არ წერია, რაც უნდა გაიწეროს. არ წერია ბევრი რიცხვი, რაზეც შემდგომში კონკრეტული გათვლები იქნება დამოკიდებული. როცა არის პროგნოზი და პოტენციალი, რომ ამ მიმართულებით მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა ორმაგდება, მისი თუნდაც 1% რომ საქართველომ დააკმაყოფილოს, დიდი შემოსავალი იქნება არა თუ ბიუჯეტში, არამედ ქვეყანაში“, - განაცხადა კაკაურიძემ.
ჯერჯერობით „კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა ორი თვით გადადო. გარდა ამისა, ბიუროს გადაწყვეტილებით, ერთი თვით გადაიწია იმ საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადამ, რომლის მიხედვით, კანაფი/მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება. აღნიშნული პროექტი პარლამენტს მხოლოდ პირველი მოსმენით აქვს მიღებული.
ოპოზიცია ამბობს, რომ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის 2 თვით გადადება იმას ნიშნავს, რომ არაფერზე უკან დამხევები არ არიან.
„ტანკივით მიაწვებიან საზოგადოებას, თავისას მაინც მიაღწევენ. როცა დიდ ფულზეა საუბარი, პარტიებს, ეკლესიას, სამოქალაქო სექტორს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილს არად აგდებენ. არჩევნებიც კი ფეხებზე დაიკიდეს, ისე სწრაფად უნდოდათ ამ კანონპროექტის პარლამენტში გათრევა და მოსალოდნელ ზიანზეც თვალები დახუჭეს.
თავიდან ხალხი მოატყუეს: კანონი უკან გავიტანეთო. მერე შეაპარეს იდეა შევაჩერეთო, ახლა დაადგინეს, რომ განხილვა მხოლოდ ორი თვით შეაჩერეს. 2 თვის შემდეგ არჩევნებიც ჩავლილი იქნება და შეუდგებიან ჩანაფიქრის განხორციელებას. თუ არჩევნები წააგეს, რას ველოლიავოთო, იტყვიან, ხოლო თუ მოიგეს - ჭარბი ნდობა გვქონია, ესეც კი შეგვრჩაო. აი, ასე უბნელებს ფული გონებას! ძალიან ბევრი მოსდით უკვე. სალომე და მარიხუანა ძალზე ბევრი გამოდის ერთ ულუფად“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ რომან გოცირიძემ.
2 თვის შემდეგ თუ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი განხილვაში დაბრუნდება, საპატრიარქოს უმკაცრესი რეაგირება ექნება. პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით საკითხის განხილვას საპატრიარქო გაემიჯნა და ამ თემაზე სამსჯელო მათ არაფერი აქვთ.
„ნამდვილად ძალიან ძნელია, ვიმსჯელო, ხელისუფლება რას ფიქრობს ამ საკითხზე. ყოველ შემთხვევაში, საპატრიარქომ ცალსახად და უპირობოდ განაცხადა, რომ ამ განხილვებში მონაწილეობას არ მივიღებთ და არაფერი სასაუბრო ამ საკითხზე არ გვაქვს. როგორც ადრე განვაცხადეთ, დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ ვთანამშრომლობთ და მომავალშიც ვითანამშრომლებთ. რაც შეეხება კულტივაციას, ეს თემა ჩვენთვის დახურულია. წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია, როცა აუცილებლობა დადგება, ვიტყვით, როგორ ვიმოქმედებთ“, - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.
მარიხუანას კიულტივაციის საკითხს საქართველოში მოქმედი ყველა რელიგიურო ორგანიზაცია ეწინააღმდეგება.