ხელისუფალნი მარიხუანით გვანებივრებენ, მაგრამ ჩვენი ჯანმრთელობის დასაცავად პოლიეთილენის პარკებს სასტიკად ებრძვიან. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ხუციშვილი ეხმაურება იმ ფაქტს, რომ მაღაზიებში პროდუქტს ისევ პოლიეთილენის თხელ პარკებში ათავსებენ. ეს მაშინ, როცა 1-ლი ოქტომბრიდან 15 მიკრონამდე სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოება-იმპორტი უნდა აკრძალულიყო.
ზაზა ხუციშვილის თქმით, ბიზნესს საშუალება ეძლევა, უკვე დამზადებული პოლიეთილენის თხელი პარკები ამოყიდოს, თუმცა 15 ოქტომბრიდან ამ პარკების გამოყენება აიკრძალება.
„ბიზნესს დრო უნდა მივცეთ, რომ ეს პარკები ამოყიდოს. ეს არის ყველაზე თხელი პარკები, რომლებიც ადვილად იხევა, ქარს მიაქვს და საშინლად აბინძურებს გარემოს. ამის დეგრადირებას თითქმის 200 წელი სჭირდება. მომავალი წლის აპრილიდან პოლიეთილენის პარკებზე საერთოდ უარს ვიტყვით“, - აცხადებს ზაზა ხუციშვილი და ძველ ტრადიციასაც იხსენებს, როცა ყველა ოჯახში ნაჭრის პარკები ჰქონდათ და ამ პარკებით დადიოდნენ მაღაზიებსა და ბაზრებში.
იმისთვის, რომ ჩვენი გარემო დიდ ნაგავსაყრელს არ დაემსგავსოს, ზაზა ხუციშვილი კონტროლის მექანიზმის ამოქმედებასაც გვთავაზობს და ამბობს, რომ აღსრულების მექანიზმი უმნიშვნელოვანესია.
პოლიეთილენის პარკებზე უარი რომ უნდა ვთქვათ, ეს გასაგებია, მაგრამ გაჭირვებულ ქვეყანაში რამდენად გააძვირებს პროდუქციის თვითღირებულებას ქაღალდის პარკების გამოყენება?!
მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია „ეტიკის“ ხელმძღვანელი ამირან შენგელია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ იდეა კარგია, მაგრამ შესრულების მექანიზმი ცოტა გაურკვეველია, თანაც, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხს კიდევ პარკებზე თანხის მომატება აწყობს?!
ამირან შენგელიას განცხადებით, თხელი პარკებით დანაგვიანებულია მთელი თბილისი, საქართველო, პარკები ხეებზეა შეფენილი, ქუჩაში ყრია, მაგრამ ალტერნატიული შეფუთვის საშუალება ხომ უნდა არსებობდეს? ახლა კი რომ დაგვჭირდეს, ქაღალდის პარკს ვერ ვიპოვით. წვალობენ მწარმოებლებიც. მაგალითად, „იფქლის“ მწარმოებელი პურს ქაღალდში დებს და ამისთვის ქაღალდს ყიდულობს.
„ამ აკრძალვის შემდეგ, ალბათ, სქელი ცელოფანები გვექნება და ისინი უნდა ვატაროთ, ან ნაჭრის პარკებზე გადავიდეთ. ჩვენს მშობლებს ბადურა ჰქონდათ მოქსოვილი, „სეტკას“ რომ ეძახდნენ, ასევე, ჰქონდათ ნაჭრის პარკები, მაგრამ ამ ნაჭრის პარკებს და „სეტკას“ მაინც არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან პროდუქციის შეფუთვა მაინც ცელოფანში ხდება, პური ცელოფანშია შეფუთული, დაფასოებული პროდუქციაც ცელოფანშია. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როგორ მოხდება მათი უტილიზაცია. უტილიზაციის პირობები ჩვენს სანაგვეზე არ არის, თორემ, აგერ, ჩინეთში სამი ადამიანი მილიარდერი გახდა სანაგვე ბიზნესით. სანაგვე ბიზნესი რას ნიშნავს? ნაგვის დაფასოებას, რადგან ნაგავში ყველაფერი ხვდება და ცელოფანებით დაფასოებამ დიდი მოგება მისცა ჩინელებს. საქართველოში კი საქონლის უტილიზაცია არ ხდება. რა შეეხება 15 მიკრონამდე სისქის თხელი ცელოფანის აკრძალვას, მისი მაგიერი უნდა გამოჩნდეს, რაც არ ჩანს“,-აცხადებს ამირან შენგელია და ფიქრობს, რომ შეიძლება, ზოგიერთმა მეწარმემ თავიდან ცოტა ძვირად გაყიდოს პოლიეთილენის შემცვლელი პარკები და მერე, ალბათ, ყველაფერი კალაპოტში ჩადგება.
მანამდე კი, ვისაც შემოაქვს ცელოფანები, ისინი დადიან და გამყიდველებს ეუბნებიან, თითქოს წლის ბოლომდე გაგრძელდება თხელი ცელოფანების გამოყენება. ეს მაშინ, როცა მათი გამოყენება მალე აიკრძალება.
ამირან შენგელიას განმარტებით, ქაღალდის პარკები ძვირი იქნება, რადგან ხის მასალისგან მზადდება, თანაც, სუფთა ნედლეული უნდა იყოს, რადგან მეორადი მასალისგან, მაკულატურისგან არ მიიღება ქაღალდის პარკები, მით უმეტეს, კვების პროდუქტებთან შეხებაში. მუყაოს პარკები ძვირი ღირს. უახლოეს წარსულში ერთი კილოგრამი შაქარი იყიდებოდა ქაღალდის პარკებში და შედარებით ძვირი ჯდებოდა მისი შეძენა, 3-4 თეთრით მეტი ღირდა მაშინ. ახლა კი მუყაოს პარკები, ალბათ, უფრო გაძვირდება.
„კონტროლის მექანიზმზე ლაპარაკობენ, მაგრამ არ ამბობენ, როგორ დაჯარიმდებიან თხელი პარკების გამყიდველნი. ვთქვათ, მაღაზია არ ყიდის ცელოფნით პროდუქციას, მაგრამ იქნებ, მე ჩემს მიერ მიტანილ ცელოფანში ჩავდე მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტი, მაშინ დამაჯარიმებენ? ალბათ, აქ ჩეკების მსგავსი სისტემა ამუშავდება და, როგორც ჩეკის ამოურტყმელობის გამო გამყიდველს აჯარიმებენ, აქაც იგივე მოხდება. მაგრამ რა მექანიზმებია, როგორ უნდა დაჯარიმდნენ კანონის დამრღვევლები, პირველი ჯარიმა როგორი იქნება, ეს ჯერ უცნობია. ცნობილია, რომ სქელ პარკებსაც 1-ლი აპრილის შემდეგ ამოიღებენ, თუმცა 15 მიკრონამდე სისქის პოლიეთილენის პარკებია, თუ 17 მიკრონამდე, ცოტა ძნელი გასაგებია. ახლა 17-იანებს ყიდიან და ვერც მყიდველი ხვდება რამდენ მიკრონიანია პარკი და ვერც გამყიდველი, რადგან არაფრით განსხვავდება. თანაც, გამყიდველს მიუტანენ შეკრულ თეთრ ერთჯერად პატარა პარკებს, იმას დააწერენ, რომ 17 მიკრონამდე სისქისაა და გამყიდველი არ იქნება დამნაშავე, თუკი გაყიდის. ამ დროს 17-იანი უფრო თხელია, ვიდრე 15-იანი. ამიტომ ვინ გაარჩევს, 15-იანია, თუ 17 -იანი და რომელია უფრო სქელი?“
პურის მრეწველთა კავშირის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პოლიეთილენის პარკების აკრძალვა პურის ფასზე აისახება და პური გაძვირდება, რადგან ქაღალდის პარკები მაინც ძვირადღირებული მასალაა. თანაც, ჩვენთან სიახლე ძვირი სიამოვნებაა. სამწუხაროდ, საქართველოში ერთხელ რომ გააძვირებენ პროდუქციის ფასს, მერე აღარ აკლებენ.
„ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდეთ და მერე მივიღოთ გადაწყვეტილება. ჯერჯერობით ბაზარზე ფქვილის ფასს არ დაუკლია, საკმაოდ ძვირი ღირს. გაზიც გაძვირდა, ბენზინის ფასი მაღალია საქართველოში, ეს ყველაფერი პროდუქციის თვითღირებულებაზე აისახება. ნებისმიერ რეგულაციას მოსდევს წარმოების გადაწყობა, ახლა ამას დაემატება ახალი პარკების შეძენა. თუ დააკვირდებით, საქართველოში შესაფუთი მასალები საკმაოდ ძვირადღირებულია. ფირმები, რომლებიც შესაფუთ მასალებს ამზადებენ, ამით გამდიდრდნენ, დაახლოებით 15-20 თეთრი ჯდება პურისთვის შესაფუთი მასალა, ზოგი კი 30 თეთრიც ჯდება. ეს არის კომბინირებული შესაფუთი მასალა, ფანჯარა რომ აქვს და ქაღალდით რომ არის. ის ფანჯარა პოლიეთილენი არ არის, არამედ პოლიპროპილენია, რომელიც იგივე ქაღალდია. პოლიეთილენი დროთა განმავლობაში არ იშლება, პოლიპროპილენი კი დროთა განმავლობაში იშლება, რადგან ქაღადია და დნება“, - აცხადებს მალხაზ დოლიძე.