სულ რაღაც 2 თვეზე ოდნავ მეტ დროში საქართველოში პენსია გაიზრდება. ინფლაციითა და ვალურტის გაუფასურებით გაბეზრებულ ასაკოვანი მოსახლებისთვის 20-ლარიანი დანამატი დიდი შვება ვერ იქნება, თუმცა ვითარებას ასე თუ ისე დააბალანსებს. მით უმეტეს, რომ 2020 წელსაც კიდევ 20 ლარით მოიმატებს ნომიმალური პენსია. თუმცა ირკვევა, რომ სახელმწიფო ყველასთვის ერთნაირად არ ზრუნავს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გაიზრდება როგორც ასაკობრივი, ასევე მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 0-დან 18 წლამდე შშმ პირთა პენსია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპენსიო თანხის 20 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება უკვე ასახულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში.
2019 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში უკვე მიმდინარეობს. როგორც ჩანს, მთავარ დოკუმენტში ასახულ ამ პუნქტს ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხვაგვარად კითხულობს. „ნაცმოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მოხდა პენსიების ზრდა მხოლოდ ასაკით პენსიონერებზე და 125 ათასი შშმ პირი დატოვეს პენსიის ზრდის გარეშე.
„2015 წლის შემდეგ, მათ არ მომატებიათ არც ერთი თეთრი. ეს ბიუჯეტი არის ფიქტიური ბიუჯეტი, ტყუილია, რომ იზრდება 300 მილიონით. დაახლოებით 300 მილიონი გადამალული აქვთ და ვინც ბევრს იყვირებს, დეკემბერში იმათ მისცემენ ფულს. ამ ადამიანებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდას სჭირდება მხოლოდ 30 მილიონი ლარი“, - აცხადებს დეპუტატი გოცირიძე.
„ევროსაქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსგან გაზრდილ თანხებს ვერ მიიღებენ 23 ათასი მარჩენალდაკარგული და 125 ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც.
„ასაკით პენსიონერებს ნამდვილად სჭირდებათ 50 ლარით მომატება, როგორც ამას „ევროპული საქართველო“ დიდი ხანია ამბობს, მაგრამ ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს შშმ პირები, რადგან თუნდაც 2015-2016 წლების 10 და 20 ლარიანი მატება არ შეეხოთ მეორე ჯგუფის შშმ პირებს, რომელთაც დარჩათ 100 ლარი და დღემდე ითხოვენ მთავრობისგან იმას, რომ პენსიის ზრდა შეეხოთ მათაც“, - ამბობს ჭიაბერაშვილი.
ამ საკთიხზე დებატები კიდევ უფრო გამწვავდება, როდესაც ბიუჯეტის პროქტი საპარლამენტო მოსმენაზე გავა. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ზოგადი მონაცემები.
2019 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 2 684.2 მლნ ლარია გამოყოფილი, საიდანაც 1 925.0 მლნ ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით ზრდა 2019 წლის პირველი იანვრიდან.
როგორც ცნობილია, საქართველოში პენსია ბოლოს 2016 წლის ივლისიდან გაიზარდა. მას შემდეგ მთავრობა ყოველგვარ დანამატზე ფეხს ითრევდა.