“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი პარტიის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას მხარს უჭერს

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი პარტიის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას მხარს უჭერს

პარლამენტის ყოფილი წევრი, ელენე თევდორაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას მხარს უჭერს. “პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივასთან დაკავშირებით, თევდორაძემ პარლამენტში ისაუბრა, სადაც ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა თანაგუნდელებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად შეხვედრა გამართა. ირმა ინაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, „ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ რეჟიმად აღიარების თაობაზე მომზადებულ რეზოლუციას მხარი დაუჭიროს.

„არ ვარ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, მაგრამ არ დაგიმალავთ, ირმას პატივს ძალიან ვცემ, რადგან მებრძოლი ქალია. ამ დროს ჩემი თავი მახსენდება. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მივუძღვენი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას და სამართლიანობის ზეიმს.

ბევრი ადამიანი დგას აქ, ვისი უბედურების დროსაც ჩავერთე მათ სამართლიანობის მიღწევაში. ზოგჯერ მივაღწიე, ზოგჯერ ვერ მივაღწიე. როცა ვეღარ მივაღწიე, ჯერ კიდევ დეპუტატი ვიყავი, განვაცხადე, რომ პარტიიდან მივდივარ, რადგან აღარ მინდოდა არც სააკაშვილთან, არც ბოკერიასთან და არც წამყვან ჯგუფთან ყოფნა.

ამიტომ, მიკვირს, რომ ადამიანებმა ვერ მიაღწიეს იმ სიმართლეს და ნანატრ სამართლიანობას, რომელიც მათ ეკუთვნით. ამიტომ მინდა, უმრავლესობას მივმართო, ზუსტად იმ ტალღაზე მოხვედით, რომ ადამიანის უფლებები პრიორიტეტია და უსამართლობას შეებრძოლებით. ეს ის მომენტია, როცა თქვენ შეგიძლიათ, ეს თქვენი სიტყვებით დაამტკიცოთ“, – განაცხადა ელენე თევდორაძემ.

ცნობისათვის, ელენე თევდორაძე იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი (2003-), საქართველოს მე-4, მე-5, მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-2008), საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრი (1993-), შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე (2004-2013). 2008 წელს ელენე თევდორაძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდა საქართველოში პარლამენტარიზმის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის.