ბოლო ხანებში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ფსიქოტროპული ნივთიერება "პრეგაბალინის", იგივე "ლირიკას" მოხმარებისთვის არაერთი ახალგაზრდა დააკავეს. ინფორმაციას "AMBEBI.GE" ავრცელებს.
მათ კვალდაკვალ აფხაზმა ე.წ. სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულში ბრალდებულებიც აიყვანეს, თუმცა, "ჩარევების" შემდეგ, რამდენიმე მათგანი გაათავისუფლეს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მღელვარება მოჰყვა. აფხაზები წერენ, რომ რეგიონში ახალი ფსიქოტროპული ნივთიერება შემოიტანეს - ეს "პრეგაბალინია", თუმცა უფრო ძლიერი მოქმედება აქვს.
"ქიმიური ნივთიერება, პირდაპირ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და მას ძირითადად 18-წლამდე ასაკის მოზარდები მოიხმარენ. არაერთი მათგანი აიყვანეს სკოლებში, სკვერებსა და პარკებში. უაზრო გამომეტყველებით და საშიში, აგრესიული ქმედებებით მოიყვანეს 16 წლის ბიჭი სკოლიდან სახლში. მას ექიმებმა ვერაფერი გაუგეს და შემდეგ, ისევ ვიღაც ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, გამოცდილების მქონემ უშველა," - წერს სოციალურ ქსელში იასონ აფხაზი.
რაც შეეხება "პრეგაბალინს", ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ბევრმა თქვა, რომ მას ექიმის რეკომენდაციით იღებდა, თუმცა, მისი მოქმედების შედეგიდან გამომდინარე, ის მკაცრად კონტროლდება. "ამ მედიკამენტის გამოწერის უფლება, მოქმედი კანონმდებლობით, ყველა ექიმს არ აქვს" - წერს აფხაზური მედია და დასძენს, რომ მას ნარკოდამოკიდებული ადამიანები, ე.წ. ლომკის მოსახსნელად იღებენ.