„ქართულმა პოლიტიკამ სარეზერვო სკამი დაკარგა“

„ქართულმა პოლიტიკამ სარეზერვო სკამი დაკარგა“

სალომე ზურაბიშვილს შეუძლია გააერთიანოს ადამიანები, რომლებიც დღეს გარკვეული პოლიტიკური ნიშნით არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულნი“, - აცხადებს გია ვოლსკი და ამომრჩეველს ურჩევს, არჩევანი გააკეთონ ორ მოცემულობას შორის - დესტაბილიზაცია, თუ სტაბილურობა, ჩვენი შვილების მომავალი, თუ ჩვენი შვილების ცხოვრება არეულ ქვეყანაში.

გია ვოლსკის იდეა ქართველების შერიგების შესახებ მისაღები იდეაა, მაგრამ რთულად მისაღწევია. ასეთი ლოზუნგები გვახსოვს ეროვნული დამოუკიდებლობის წლებიდან მოყოლებული, როცა გაისმა ფრაზა: „ქართველები შეარიგე, მერაბ!“ თუმცა იმ პერიოდიდან მოყოლებული, ქართველებს შორის სულ უფრო ღრმავდებოდა უფსკრული და ეს უფსკრული მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირებაში არ გამოიხატებოდა, არამედ გაღრმავებულ სოციალურ უთანასწორობაში, სამართლიანობის არაღსრულებასა და კრიმინალთან კოაბიტაციაში.

ამდენად, საინტერესოა, რამდენად არის პოლიტიკური ნიშნით ცალკეულ ადამიანებთან შერიგების იდეა ქართველი ხალხის დაკვეთა, როცა მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი ხალხი სამართლის აღსრულებას ელოდა, რაც კატეგორიულად გამორიცხავს კოაბიტაცია №2-ს?!

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ადამიანების გაერთიანების თაობაზე „ქართული ოცნების“ წევრთა მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში არანაირი ლოგიკა არ ჩანს, რადგან სალომე ზურაბიშვილი, როგორც გამაერთიანებელი და მედიატორი ნაკლებად წარმოსადგენია.

„სალომე ზურაბიშვილის ლექსიკასთან დაკავშირებით არაფერს ვამბობ და არც მიმაჩნია სამართლიანად, როდესაც გრამატიკულ ან სხვა ტიპის შეცდომებზე ადამიანებს უტევენ, მაგრამ, მეორე მხრივ, მის რიტორიკაში იგრძნობა აგრესია და დაპირისპირება. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ რიტორიკა რეალურის საპირისპიროს მტკიცებაა, რადგან სალომე ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ ის კონფლიქტური ადამიანია. მას შეიძლება, დამსახურებულად ან დაუმსახურებლად აქვს პრეტენზიები საზოგადოებასთან, ოპოზიციასთან. კი ბატონო, მეც შეიძლება ვიზიარებდე მის მოსაზრებებს თუნდაც იმავე ოპოზიციასთან მიმართებით, მაგრამ გამაერთიანებელი ასეთ ადამიანს არ ეწოდება. ის არის ფრონტის ხაზზე, ანუ ის დგას ფრონტზე და გამოცხადებული აქვს ომი, მათ შორის, სამოქალაქო სექტორთანაც“, - აცხადებს გია ხუხაშვილი და მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც შემოგვთავაზეს დამნაშავეებთან კოაბიტაცია, ყველაფერი აირია. ყველაზე ტრაგიკომიკური კი ის არის, რომ მუდმივად გვესმის სისხლიანი ცხრა წელიწადის შესახებ რიტორიკა, რაც პოლიტიკური აბსურდია მაშინ, როცა დამნაშავეებთან თანაცხოვრებას განაგრძობ.

გია ხუხაშვილის აზრით, პოლიტიკური ელიტა უკვე აღარ ფიქრობს, მწყობრი ლოგიკური ხაზი გაატაროს. ისინი ცინიკურად გვაყრიან თვალში ნაცარს და ორსვლიანი ლოგიკური ჯაჭვიც არ აქვთ, ამიტომაც ურთიერთგამომრიცხავ გზავნილებს უშვებენ საზოგადოებაში.

რაც შეეხება დავით უსუფაშვილს, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მას ნამდვილად შეეძლო ხალხის გამთლიანება და არა მხოლოდ გამთლიანება, მას ბევრი პლუსი აქვს. უსუფაშვილი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია, რაც ჩვენთან იშვიათია, იგი კომპეტენტურია, გამოცდილია და არასოდეს მიდის აგრესიულ გამწვავებაზე. მას ნამდვილად შეეძლო მედიატორის როლი ეთამაშა, დღევანდელ ვითარებაში ის საუკეთესო პრეზიდენტი იქნებოდა ამ ქვეყნისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არარეალისტური ამოცანაა.

მხოლოდ უსუფაშვილი და ზურაბიშვილი, მეტი არავინ ჰყავს ჩვენს ერს ღირსეულ საპრეზიდენტო კანდიდატად?! ამ კითხვის საპასუხოდ, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ელიტა კი არ განვითარდა, არამედ აბსოლუტური დეგრადაცია განიცადა. პოლიტიკური ელიტა თითქმის მთლიანად კომპრომეტირებული, დისკრედიტირებული, ან მუდმივი წარუმატებლობით აღბეჭდილია. შესაბამისად, ახალი სისხლის გადასხმის გარეშე ჩვენს პოლიტიკურ პროცესს არაფერი ეშველება. არსებული სპექტრიდან კი ჩვენ ვეღარ ვპოულობთ ადამიანებს. ეს ნიშნავს, რომ ქართულმა პოლიტიკამ სარეზერვო სკამი დაკარგა.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სასაზღვრო საკითხების დამოუკიდებელი ექსპერტი, საპრეზიდენტო კანდიდატი გელა ხუციშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სამწუხაროდ, ჩვენ ვქმნით სახეს, რომელიც ხელოვნურად შექმნილია და ეს სახე სალომე ზურაბიშვილის შიგნიდან არ მოდის. ამიტომ ქალბატონ სალომეს ნუ გავამტყუვნებთ, ის სხვა სოციალურ სივრცეში ჩამოყალიბდა პიროვნებად და მისი ხედვა აბსოლუტურად განსხვავებულია.

„მისდამი დამოკიდებულებაც არათანაბარია. დღეს მე გახლდით მერაბ კოსტავას ეზოში, სადაც ძველი ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილნი. ამ ადამიანებს კატეგორიული შეურიგებლობა აქვთ მისი პიროვნების მიმართ. რატომღაც ერის შერიგებაზე როცა ლაპარაკობენ, ავიწყდებათ, რომ ძალიან ცხელია ეს მოვლენები. მე არაფერს ვამბობ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე, მაგრამ, სანამ ჩვენ სამართლებრივ შეფასებას არ მივცემთ ყველა მოვლენას, დაწყებულს 1991 წლიდან დღემდე, არაფერი გამოვა. ყოველთვის იქნება ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ჩათვლის, რომ მათ მიმართ უსამართლობა განხორციელდა. ასე რომ, ქალბატონი სალომე, მიუხედავად მის მიმართ ჩემი ადამიანური და პიროვნული დამოკიდებულებისა, გამაერთიანებლის ფუნქციას ვერ შეასრულებს“, - აცხადებს გელა ხუციშვილი.