„ომეგა ჯგუფს“ დავა აქვს არა სახელმწიფოსთან, არამედ კონკრეტულ პირებთან“, – ეს განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე გააკეთა. „ევროპულმა საქართველომ“ კაკაურიძეს განმარტების გაკეთება იმ პროცესებთან დაკავშირებით სთხოვა, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ბოლოდროინდელ პროცესებს უკავშირდება.
ოპოზიცია ასევე დაინტერესდა, რატომ ვერ მოხერხდა ვალების ჩამოწერაზე „ომეგა ჯგუფთან“ გრაფიკის შედგენა, რაზეც მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ „ომეგა ჯგუფის“ მიერ მიმდინარე ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია ის, რომ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით მასთან გრაფიკის გაკეთება ვერ ხერხდება.
„გადასახადებთან დაკავშირებით „ომეგა ჯგუფს“ გრაფიკი რამდენჯერმე გაუკეთდა – ეს იყო 2016 წელს. ეს გრაფიკი ორივეჯერ დაირღვა და გრაფიკის მიხედვით თანხების გადახდა არ მოხდა. ასევე წამოიქმნა დამატებით მიმდინარე ვალდებულებები. 2018 წლის პირველ თვეებში დავალიანება 30 მილიონამდე იყო. მაშინაც არ მომხდარა საწარმოს შეფერხება.
მიმდინარე ვალდებულებებს – რასაც აქციზურ მარკებს იღებდა, იმის გადახდასაც არ უზრუნველყოფდა და მაისის ბოლოსთვის დაუგროვდა ის ვალი, რაც აქვს – ჯამში, 52 მილიონ ლარამდე. მიმდინარე ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია ის, რომ გრაფიკის გაკეთება ვერ ხერხდება. კომპანიამ აქციზური მარკები წაიღო, სიგარეტი გაიყიდა და მიღებული ფული გადასახადის სახით არ გადაიხადა“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
„ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა ამ საქმის მთავარი ფიგურანტის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა, რომლის განცხადები, ყოფილი მთავარი პროკურორი მზადა არის „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გამოძიების ნებისმიერ კითხვას უპასუხოს. ადვოკატის განცხადებით, ფარცხალაძე ადასტურებს და ეთანხმება იმ ინფორმაციებს, რომელიც ლევან ყიფიანმა გააჟღერა.
ამბობს, რომ ლევან ყიფიანთან ყოფილ მთავარ პროკურორს საქმიანი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ადვოკატისთვის უცნობია, არის თუ არა ლევან ყიფიანი ფარცხალაძის სახლში ნამყოფი.
გარდა ამისა, ადვოკატის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე 5 წელია, რაც ბიზნესშია და მისი შემოსავლის მთავარი წყარო ქართულ–ებრაული კომპანია Elbit–ის ბიზნესპროექტია, რომელიც ადვოკატის თქმით, ოთარ ფარცხალაძისთვის ერთ–ერთი საამაყოა.
„არის ერთ–ერთი კომპანია Elbit, რომელიც უშვებს ბოინგის დეტალებს. ამ პროექტით ოთარ ფარცხალაძე ამაყობს. ეს კომპანია არის ქართულ–ებრაული და საკმაოდ წარმატებულია. ეს არის ერთ–ერთი ის პროექტი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად. ეს არის მისი ძირითადი ბიზნესი“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავის ნაწილების წარმოება ისრაელის კომპანია Elbit Cyclone–ს ჯერ არ დაუწყია. სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა მაისში დასრულდა. პროექტი „საპარტნიორო ფონდის“ თანადაფინანსებით განხორციელდა. ასევე აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა (ATC) პირველ პროდუქციას 2019 წლის დასაწყისში გამოუშვებს, მას შემდეგ, რაც სერტიფიცირებას გაივლის.
„საპარტნიორო ფონდში“ აცხადებენ, რომ მათსა და ქართულ–ებრაულ კომპანია Elbit–ის ერთობლივ ბიზნესპროექტთან – სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელ ქარხანასთან (ATC) ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შეხება არასდროს ჰქონია.
როგორც ფონდში აცხადებენ, „როიალ დეველპმენტთან“ არც საჯარო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების დროს, 2015 წლის მარტში და არც მისგან მიწის გამოსყიდვის მომენტში, 2016 წლის დეკემბერში ოთარ ფარცხალაძე არ ფიგურირებდა „როიალ დეველოპმენტის“ მფლობელებს შორის.
ფონდის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ და ATC–ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი რეზო ტყავაძე ფარცხალაძის ადვოკატის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
„ამ ინფორმაციას არ ვადასტურებთ. ეს ინფორმაცია იყო აბსოლუტურად მცდარი და გადაუმოწმებელი, რადგან ბატონ ოთარ ფარცხალაძეს არასდროს მიუღია ანაზღაურება თუ გასამრჯელო ჩვენი ერთობლივი საწარმოსგან. იგი არც თანამშრომელია, არც კონსულტანტი, მასთან არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არ გვაკავშირებს“, – აღნიშნა რეზო ტყავაძემ.
„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე განცხადება გააკეთა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ, რომლის განცხადებით, ამ საქმეს ყურადღებით აკვირდებიან, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სუფთა ქვეყნის რეპუტაცია ჰქონდეს.
„ჩვენ ამ საქმეს ყურადღებით ვაკვირდებით, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სუფთა ქვეყნის რეპუტაცია ჰქონდეს, რომელმაც მოიშორა კორუფცია. ამავდროულად ახლა საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და დისკურსი ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს შორის მძიმეა.
ზოგჯერ ერთმანეთისთვის წაყენებული ბრალდებების დონე არ არის სამართლიანი. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება გამჭვირვალედ ჩატარდება და დასრულებული იქნება, ვინაიდან ზოგჯერ გამოძიება დიდ ხანს გრძელდება ყოველგვარი დასკვნის გაკეთების გარეშე და ასე მართლმსაჯულება არ უნდა ხორციელდებოდეს“, – განაცხადა პასკალ მენიემ.