საქართველოს საპატრიარქოში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკლესიამ მხარი დაუჭირა უკრაინის ავტოკეფალიას. საპატრიარქოს განმარტებით, უკრაინულმა არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, რაც რეალობას არ შეესაბამება. საქართველოს საპატრიარქო შეფასებებისგან თავს იკავებს მანამ, სანამ საეკლესიო ნორმებზე დამყარებულ თავის საბოლოო ოფიციალურ გადაწყვეტილებას არ დააფიქსრებს როგორც კონსტანტინეპოლის, ისე მოსკოვის საპატრიარქო.
ამასობაში ქართველი მედასავლეთე პოლიტიკოსები ჩვენს ეკლესიას ურჩევენ, მოზომილი დამოკიდებულებისგან თავი შეიკავოს და სასწრაფოდ ცნოს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა. სხვაგვარად ფიქრობენ თეოლოგები. მათი აზრით, ქართული ეკლესია პროცესების ავანგარდში არ უნდა იყოს და უნდა დაელოდოს მთელი მართლმადიდებლური სამყაროს გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი ამ ყველაფერს დაიმახსოვრებს.
არც რუსეთია გულხელდაკრეფილი. მოსკოვი დიდი სქიზმით იმუქრება, რადგან უკრაინის ხელისუფლებისა და მილიონობით მართლმადიდებლის თხოვნის საფუძველზე, კონსტანტინეპოლმა უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხის განხილვა დაიწყო. კიევში ვარაუდობენ, რომ პროცესი დიდხანს არ გაიწელება და უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას ძალიან მალე მიიღებს. რუსეთმა სქიზმისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა, როცა მოსკოვის საპატრიარქოს სინოდის კრების მიხედვით, რუსეთის ეკლესიებში ლიტურგიებზე მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება შეწყდა. პარალელურად, მოსკოვის საპატრიარქოდან გაისმა მუქარა, თუკი კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოსი უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებს, რუსმა ერთგულმა მრევლმა შესაძლოა წმინდა ადგილების შესანარჩუნებლად სისხლისღვრაც დაიწყოს. განხეთქილებაში ჩართული მრევლის ნაწილი აიღებს კონტროლს დიდ მონასტრებზე, როგორიცაა პეჩორის ლავრა, პოჩაევის ლავრა და დაიწყებენ ამ წმინდა ადგილების დაცვას. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ეკლესია სისხლისღვრით იმუქრება.
როგორი უნდა იყოს საქართველოს ეკლესიის პოზიცია, ამის შესახებ For.ge-ს თეოლოგი გოჩა ბარნოვი ესაუბრა.
თეოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭება აუცილებელია, რადგან სწორედ უკრაინა იყო ჩრდილო სლავურ სამყაროში ქრისტიანობის ბურჯი. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რუსული აგრესიის ფონზე რას მოუტანს საქართველოს ეკლესიას უკრაინის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება?
- ეკლესიური დამოუკიდებლობის მინიჭებისა და ავტოკეფალიის აღიარების საკითხი კონსტანტინეპოლის ექსკლუზიური პრეროგატივაა. სხვა ეკლესიას ამის უფლება არ აქვს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეკლესიაც, სხვა ეკლესიების მსგავსად, დაელოდება კონსტანტინეპოლის გადაწყვეტილებას, ანუ ავტოკეფალიის, დამოუკიდებლობის ტომოსის მინიჭების მომენტს. როგორც კი მიანიჭებენ ტომოსს, შეიკრიბება საქართველოს ეკლესიის სინოდი და ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებენ. ლოგიკურად უნდა დაეთანხმონ კონსტანტინეპოლის გადაწყვეტილებას და ჩვენი მხარდაჭერაც ეს იქნება, რომ საქართველოც აღიარებს უკრაინის ავტოკეფალიას. სხვა მხარდაჭერა რა შეიძლება იყოს? რა თქმა უნდა, უკრაინის ეკლესია უნდა გახდეს ავტოკეფალური და გახდება კიდეც.
კონსტანტინეპოლის გადაწყვეტილება არ არის დამოკიდებული სხვა ეკლესიების ნება-სურვილზე, მაგრამ როგორი იქნება სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების პოზიცია?
- ცხადია, კონსტანტინეპოლი ანიჭებს ავტოკეფალიას თავის დაარსებულ ეკლესიას, კიევის სამიტროპოლიტოს, რისი ექსკლუზიური უფლებაც აქვს მეოთხე მსოფლიო კრების კანონებით. ანუ იმ ვალდებულებას ასრულებს, რაც მას მსოფლიო კრებების მიერ აქვს მინიჭებული. დანარჩენი ეკლესიები, დღეს თუ არა, ხვალ ნელ-ნელა დაიწყებენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. შეიძლება, ზოგიერთმა ეს დაგვიანებითაც დაიწყოს. რაც შეეხება საქართველოს ეკლესიას, მე მგონი, ერთ-ერთმა პირველმა უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინის ავტოკეფალიას, რადგან მანაც იგივე გზა გამოიარა ავტოკეფალიისთვის, რასაც ახლა უკრაინა გადის.
ვარაუდობენ, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსი წლის ბოლომდე გამოიცემა. თუმცა ქართველი სასულიერო პირები არ ჩქარობენ და ამბობენ, რომ დამამცირებელია, საქართველო ვიღაცის ბანაკში აღმოჩნდეს, რადგან აქ მთავარია საქართველოს ეროვნული ინტერესები, საეკლესიო ინტერესები. ისტორიულად თუ ეკუთვნის უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია?
- რა თქმა უნდა, ეკუთვნის, რადგან ავტოკეფალიას ეკლესიებს ანიჭებენ ტერიტორიების მიხედვით. აქედან გამომდინარე, დამოუკიდებელი ტერიტორიული ერთეულია უკრაინის სახელმწიფო, თავისი მრავალმილიონიანი მოსახლეობით. ამიტომ მას აქვს როგორც სუბიექტური წინაპირობები ავტოკეფალიისთვის (კერძოდ, უკრაინელ პოლიტიკოსებსა და ერს სურს ავტოკეფალია, რაც გამოიხატა უკრაინის უმაღლესი რადას გადაწყვეტილებით და უკრაინის პრეზიდენტის ჩასვლით კონსტანტინეპოლში), ისე ობიექტური წინაპირობა, რომ უკრაინისა და რუსეთის ეკლესიებს შორის ურთიერთობა უფრო სამართლიანი და თანასწორი იქნება. ეს ორი წინაპირობა უკვე არსებობს, ამიტომ უკრაინის ეკლესია იმსახურებს ავტოკეფალიას.
მაგრამ აქ პრობლემაა, რომ უკრაინაში სამი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეკლესია მოქმედებს. პირველია, კიევის საპატრიარქო და პატრიარქი ფილარეტი, რომელიც მოსკოვის ხელისუფლებას არ ცნობს; მეორეა, მოსკოვს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია; ხოლო მესამეა, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც 1921 წელს მოსკოვის წინააღმდეგობის მიუხედავად დაფუძნდა. ამდენად, ავტოკეფალიის მინიჭება ხომ არ გაართულებს მდგომარეობას თავად უკრაინის შიგნით?
- ასე არ მოხდება, მსოფლიო პატრიარქმა უკრაინაში მიავლინა თავისი ორი ეგზარქოსი, რომლებიც სწორედ დაქსაქსულობის საკითხებს არეგულირებენ და გაერთიანებას ცდილობენ. ამიტომ გამოიკვეთება უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის ერთი მეთაური, რომელსაც გადაეცემა ავტოკეფალიის ტომოსი კონსტანტინეპოლში. აუცილებლად კონსტანტინეპოლში უნდა ჩავიდეს უკრაინის ეკლესიის ამორჩეული ხელმძღვანელი და მას გადაეცემა ავტოკეფალიის ტომოსი ისევე, როგორც საქართველოს პატრიარქი ჩავიდა 1990 წელს კონსტანტინეპოლში და მას გადაეცა ავტოკეფალიის ტომოსი. ასე ხდება ყველა ეკლესიასთან მიმართებით.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის ეკლესიურადაც დაძაბვას?
- არა მგონია, რუსეთთან ურთიერთობა დაიძაბოს. რა უნდა გააკეთოს და მოიმოქმედოს რუსეთმა? იქ ხომ მარტო საქართველო არ იქნება, რომელიც უკრაინას მხარს დაუჭერს? რუსეთი ომს ხომ არ დაიწყებს? ან როგორც იმუქრებოდა რამდენიმე კვირის წინ, რომ სქიზმაში გავიდოდა, ეს უკვე რუსეთის გადასაწყვეტია. თუ უნდა გავიდეს სქიზმაში, რუსეთი გავა, მაგრამ მთავარია, ამ არასწორ გადაწყვეტილებაში მან სხვა ეკლესიებიც არ წაიყოლიოს. რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს ეკლესია არ იყოს ამ ეკლესიათა რიცხვში.
ქართულ ეკლესიას რუსულ ეკლესიასთან მეტ-ნაკლებად კავშირი აქვს და, ტერიტორიების წართმევის მიუხედავად, მოსკოვის საპატრიარქო ცნობს ჩვენი ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს, ცნობს იმას, რომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ჩვენი იურისდიქცია ვრცელდება. რუსეთი სხვა ქვეყნებს არ შეუქმნის პრობლემას, მაგრამ ჩვენთვის უფრო ძნელი ხომ არ იქნება რუსეთის საწინააღმდეგო პოზიციის დაკავება?
- არა, ჩვენ აფხაზეთში მაინც ვერ შევდივართ. საეკლესიო კუთხით ვამბობ, რომ აფხაზეთის პრობლემა მხოლოდ მაშინ დარეგულირდება, როდესაც პოლიტიკურად დარეგულირდება. პოლიტიკური დარეგულირების გარეშე ეს პრობლემა მოუგვარებელი იქნება. ამჟამადაც რუსეთს როგორც პოლიტიკურად აქვს მიტაცებული აფხაზეთი, ისე ეკლესიურადაც, რადგან ყუბანის მიტროპოლიტი მართავს დღესაც აფხაზეთს და ჩადის იქ, ატარებს წირვას, რაც ანტიკანონიკურია, მაგრამ აკეთებს ამას. ასე რომ, უარესი რაღა უნდა მოხდეს? რუსეთმა, როგორც სახელმწიფომ ისედაც აღიარა აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ ორი-სამი სახელმწიფოს გარდა, მისთვის მხარი არავის დაუჭერია. ასე იქნება საეკლესიო კუთხითაც, რუსეთს არ აქვს უფლება, რომელიმე ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭოს. ეს კონსტანტინეპოლის ექსკლუზიური უფლებაა.