სტუდია GNS და ნანა ლეჟავა წარმოგიდგენთ:
1.ფოტორეპორტიორების საქმე დასრულდა. დასრულდა საპროცესო შეთანხმებით და ფოტორეპორტიორები უკვე თავისუფლები არიან. ჟურნალისტები გამარჯვებას ზეიმობენ. გამარჯვებულად მიიჩნევს თავს შინაგან საქმეთა სამინისტროც, რადგან მან დაკავებულებს ბრალი აღიარებინა. ფაქტია, რომ ქართულმა მედიამ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლო. ფაქტია ისიც, რომ შსს-მ ამ ადამიანების გათავისუფლებით, თემა დახურა. ფოტოგრაფების საქმე, - საქმე, რომელიც ყველამ თაროზე შემოდო...
2.სამწუხაროდ, არის თემები, რომლისთვისაც ქართულ მედიას ჯეროვანი ყურადღება არ მიუქცევია. კვლავ ჯაშუშები, მაგრამ ამჯერად ისინი, ვინც დანაშაული არ აღიარა და ახლა მრავალწლიან სასჯელს იხდის. მათ საქმეებსაც ”გრიფით საიდუმლო” ადევს და როგორც ადვოკატები ამბობენ, თეთრი ძაფითაა ნაკერი. სად მუშაობს დღეს, ვანო მერაბიშვილის ოპერაცია ”ენვერის” ერთერთი მთავარი გმირი, რომელმაც ბორჯომის ხეობის გადაწვა აღიარა, - ანა გოჩაშვილი გვიამბობს...
3.ისევ ჯაშუშები, ამჯერად რუსეთის, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას კალთის ქვეშ ჰყავდა შეფარებული და დიდი დროის განმავლობაში სოლიდურ ხელფასსაც უხდიდა. ჩვენა ახლა სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ მთავრობაზე გიამბობთ. ვანო მერაბიშვილის პროექტში მილიონობით თანხა დაიხარჯა. დღეს, დიმიტრი სანაკოევის მთავრობის წევრთა დიდი ნაწილი მოსკოვშია და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას აღიარებს. თავად მთავრობის ხელმძღვანელი კი, ფეხბურთით ერთობა.
4. გადაცემის ბოლო სიუჟეტიც ჯაშუშებზეა, ოღონდ იმ ადამიანებზე, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ომის წინ საქართველოს სპეცსამსახურების დავალებას ასრულებდნენ და ახლა სასჯელს რუსეთის ციხეში იხდიან. ქართული დაზვერვის ერთერთი მსხვილი ქსელი ჩრდილოეთ კავკასიაში ხუთდღიანი ომის წინ ჩავარდა. რუსებმა ათამდე ჩვენი აგენტი დააკავეს. იმედა დარსალია არკვევდა, აგო თუა არა ვინმემ პასუხი სადაზვერვო ქსელის ჩავარდნის გამო და რას აკეთებს ხელისუფლება ქართველი მზვერავების დასახსნელად.