რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შერეული ორთაბრძოლის სპორტსმენს ჰაბიბ ნურმაგომედოვს შეხვდა, რომელმაც 7 ოქტომბერს UFC-ის ჩემპიონის ტიტული აიღო, თუმცა ბრძოლის შემდეგ დაღესტნელმა რინგის გალია გაწყვიტა და მოწინააღმდეგის, კონორ მაკგრეგორის მხარდამჭერებს დაეძგერა.
პუტინმა ნურმაგომედოვს საქციელი მოუწონა და ინციდენტი რუსეთის მაგალითს შეადარა. „ქვეყნის შიგნით ჩვენი ერთი დიდი ოჯახი ვართ, მაგრამ თუ ჩვენ არსაიდან გვირტყამენ, არამხოლოდ შენ, არამედ ჩვენ ყველა შევძლებთ გადახტომას, თან ისე, რომ ტოლსაც არავის დავუდებთ", - უთხრა პუტინმა დაღესტნელს.
ნევადის სპორტულმა კომისიამ ჰაბიბ ნურმაგომედოვსა და კონორ მაკგრეგორს 10-დღიანი დისკვალიფიკაცია მისცა, სანამ ბრძოლის ყველა დეტალს განიხილავს. ლას-ვეგასში შერეული ორთაბრძოლის ვარსკვლავები დაღესტნელი ჰაბიბ ნურმაგომედოვი და ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი ერთმანეთს 7 ოქტომბერს შეხვდნენ. UFC 229-ის მთავარი ბრძოლის გამარჯვებული ჰაბიბ ნურმაგომედოვი გახდა.