საწვავის შეუჩერებელმა გაძვირებამ თავისი შედეგი გამოიღო - იმპორტიც და მოხმარებაც საგრძნობლად შემცირდა. ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, სექტემბრის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 81,2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 26,3 ათასი ტონით ნაკლები მაჩვენებლია აგვისტოსთან შედარებით და ასევე 28,3 ათასი ტონით ჩამორჩება გასული წლის სექტემბრის თვის მაჩვენებელს.
კლება თვალსაჩინოა, რასაც ორი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის მაღალი ფასიდან გამომდინარე საწვავის მოხმარების შემცირება, რადგან საქართველოში ნავთობპროდუქტების ფასი ბოლო წლების მაქსიმუმზეა.
„ფაქტობრივად დასრულდა შვებულებების, დასვენებისა და მოგზაურობის აქტიური პერიოდი, როდესაც ტრადიციულად საწვავის მომხმარება და შესაბამისად, იმპორტი ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე დგას. ეს გახლავთ ზაფხულის თვეები. რაც შეეხება საწვავის მაღალი ფასიდან გამომდინარე საწვავის მოხმარების შემცირებას, ეს ფაქტორიც მოქმედებს, თუმცა რამდენად რეალური იქნება გავლენა, მომდევნო თვეებში გამოჩნდება საწვავის იმპორტის მოცულობიდან გამომდინარე“, - აცხადებს კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ნავთობიმპორტიორი კომპანიები მთავრობას საწვავის გაიაფების გზას სთავაზობდნენ. მათ ერთ-ერთ ინიციატივას აქციზის განაკვეთის ლარის გაცვლით კურსზე მიბმა წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კურსის ცვლილება ავტომატურად გამოიწვევდა აქციზის კორექტირებას. ამ მიზნით ბიზნესი პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა, თუმცა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის პარლამენტში წარდგენამ და წინასაარჩევნო პერიოდმა ეს პროცესები შეაჩერა.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი, ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ მთავრობას ბიუჯეტი უკვე დაგეგმილი აქვს, შესაბამისად ნაკლებ სავარაუდოა მათი ინიციატივის გაჟღერების შემდეგ მთავრობამ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დააკორექტიროს.
„ამ ეტაპზე ამ ინიციატივის დაყენებას აღარ ვაპირებთ და ამაზე საუბარი, სავარაუდოდ, აღარ გაგრძელდება“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ მთვრალაშვილმა.
ჯერჯერობით უკან დახევას არ აპირებს „ევროპული საქართველო“. ისინი საწვავზე აქციზის გადასახადის ძველ ნიშნულზე დაბრუნების ინიციატივით პარლამენტის წინაშე გამოდიან. საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორის
ზურაბ ჭიაბერავილის თქმით, თუკი ეს ინიციატივა მხარდაჭერას მოიპოვებს, 2019 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს ამ თვალსაზრისით 310 მლნ ლარი დააკლდება. სამაგიეროდ, ნავთობპროდუქტები 20-25 თეთრით გაიაფდება.
„უკვე ორი წელია, ანუ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გაზარდა აქციზი საწვავზე, ხელისუფლება პირდაპირ ძარცვავს მოსახლეობას. დღემდე ძალიან მაღალია ფასების ზრდა საწვავზე და „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნა არის, აქციზი დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს, რაც როგორც ნავთობიმპრტიორები ადასტურებენ, 20-25 თეთრით გააიაფებს საწვავს.
ეს დღევანდელ გაძვირებულ ცხოვრებაში ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება. ჩვენ დავითვალეთ და 2019 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს ამ თვალსაზრისით 310 მლნ ლარი დააკლდება, მაგრამ თუ პრემიერ ბახტახის განცხადება მცირე მთავრობის შესახებ არის რეალისტური და ნამდვილი, მაშინ სჯობს მან ფული დატოვოს ხალხის ჯიბესა და ეკონომიკაში, ვიდრე წაიღოს მთავრობამ და ხარჯოს უყაირათოდ“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ამასობაში კი საქართველოში საწვავის ფასი ბოლო წლების მაქსიმუმზე ავიდა და ჩამოსვლას აღარ აპირებს. 2017 წლის იანვრიდან მოყოლებული, როცა მთავრობამ საწვავზე აქციზის განაკვეთი გაზარდა, სხვადასხვა ფაქტორების გამო 1 ლიტრი ბენზინი დაახლოებით 80-85 თეთრით გაძვირდა.