პროკურატურამ დღეს გაავრცელა სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ჩვენება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით. ყიფიანი ჩვენებაში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ქართული თამბაქოს განვითარების პროექტს, რომელიც თანაინვესტირების ფონდს უნდა დაეფინანსებინა. პირველი არხი ამ საკითხთან დაკავშირებით თანაინვესტირების ფონდის გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვით მიმართა.
ბატონო გიორგი, დღეს პროკურატურამ გამოაქვეყნა ლევან ყიფიანის დაკითხვის ოქმი, გაეცანით თუ არა ამ დაკითხვის ოქმებს?
– არა, არ გავცნობივარ.
როგორც ყიფიანი ამბობს, თანაინვესტირების ფონდი თამბაქოს ბიზნესის დაფინანსებას აპირებდა. რა პროექტზეა საუბარი? როდის გეგმავდა ფონდი ამ პროექტის დაფინანსებას?
– დაახლოებით ორი წლის წინ იყო ამაზე საუბარი. ბიძინა ივანიშვილმა დამირეკა და მთხოვა ლევან ყიფიანს შევხვედროდი და მას საინტერესო პროექტის განხორციელებაში დავხმარებოდი. მალევე შევხვდი ლევანს; პროექტი შეეხებოდა თამბაქოს მოყვანას ლაგოდეხსა და აჭარაში და ასევე სიგარის წარმოებას, ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის. პროექტი თავშივე ჩემთვის იმდენად რისკიანი და გაუგებარი იყო, რომ გახსენებაც არ მინდა რა ომი გადავიტანე, რომ ის იმ თავდაპირველი ფორმით არ დაწყებულიყო. ძალიანაც კარგი, რომ ბოლო-ბოლო არც განხორციელდა, რადგან ჩემი აზრით, ის თავიდანვე განწირული იყო. ახლა კი, თვალყურს რომ ვადევნებ ზაზა ოქუაშვილის განცხადებებს, უფრო ნათელია, რა „კარგ პარტნიორობას“ ვარ გადარჩენილი.
რატომ იყო განწირული პროექტი?
– პირველ რიგში, ჩემთვის მიუღებელი დაფინანსების სქემა იყო შემოთავაზებული, როდესაც რეალურად თანაინვესტირების ფონდს უნდა დაგვედო მთლიანი თანხა, რაც პროექტს კაპიტალის სახით სჭირდებოდა, ხოლო პროექტის რეალური მესაკუთრე ხდებოდა სამი პარტნიორი, რომელსაც უნდა ემართა ეს პროექტი.
პარტნიორები ვინ იყვნენ? ლევან ყიფიანი? თუ კიდევ ვინმე.
– სულ თავიდან რომ გავიხსენო, პირველ ეტაპზე, ლევან ყიფიანს უნდა ჰქონოდა და ემართა ბიზნესის 100% და ის ირწმუნებოდა, რომ მალევე შეძლებდა ამ თანხის დაბრუნებას პროექტის მოგებიდან. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ მას დეტალურად არც ჰქონდა ეს პროექტი გააზრებული, რადგან საკმაოდ ძვირი, 20 მილიონ დოლარზე მეტი ჯდებოდა. მრავალჯერადი შეხვედრის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილიც და ლევანიც დავარწმუნე, რომ სიგარეტის მწარმოებელი ქარხნების პარტნიორობის გარეშე ეს ბიზნესი საერთოდ უაზრობა იყო და მე პრინციპულად უარს ვამბობდი ამ პროექტზე პასუხისმგებლობის აღებაზე.
ამის შემდეგ გამოჩნდა ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც, როგორც მეუბნებოდა, ასევე წარმოადგენდა ზაზა ოქუაშვილს, რადგან ზაზა ლონდონში იმყოფებოდა. მათ მოსწონდათ ეს პროექტი და უნდოდათ მასში მონაწილეობა. ვანო საკმაოდ აჟიტირებულიც კი იყო. ჩემი შეთავაზება იყო, რომ ვანოსა და ზაზას უნდა ჰქონოდათ პროექტის 30-30 პროცენტი და ლევანს დარჩენოდა მინორიტარული 40%, რომელსაც ჩვენ დავაფინანსებდით.
პირველ ეტაპზე, სიტყვიერად ამაზე შევთანხმდით, თუმცა, როდესაც კაპიტალის ფორმირებაზე მიდგა საქმე, გაირკვა, რომ ისინი უკეთეს შემთხვევაში, ჯამში ორ-ორ მილიონ დოლარს თუ შემოიტანდნენ, თან ამავდროულად, მაინც 20-20 პროცენტს მიიღებდნენ, ნაცვლად ორჯერ ნაკლებისა. ამას იმით ხსნიდნენ, რომ ჩვენ გვაქვს გასაღების ბაზარიო და მეტი გვეკუთვნისო. ეს ჩემთვის ცოტა აბსურდულად ჟღერდა, რადგან პროდუქციის გასაღებაში ისინი ცალკე ისედაც ღებულობდნენ მოგებას.
სწორედ ეს ვუთხარი ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს თანაბარი პარტნიორობა არ იყო და ჩემთვის მიუღებელიც იყო. საბოლოო ჯამში, ბატონი ბიძინას დაჟინებით ამაზე დავთანხმდით იმის მოტივით, რომ თამბაქოს წარმოებაში ათასობით ადამიანი დასაქმდებოდა.
მე ზოგადად ვეწინააღმდეგები მსგავს ინვესტიციებს, რადგან ბიზნესი ბიზნესია და ფონდი არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია. ამის გამო, სოფლის მეურნეობის ორივე არსებულ პროექტშიც ისედაც საკმაო პრობლემებს გადავაწყდით.
რა პრობლემებზე და რა პროექტებზე საუბრობთ?
– ჯობია ამ თემას დავამთავრებ და შემდეგ მოგიყვებით.
ბოლოს მომიწია ბოლო შემოთავაზებულ ვარიანტზე დათანხმება, რადგან ინვესტორი ბიძინა ივანიშვილია და მან გადაწყვიტა, რომ ასე იყო საჭირო. ბოლოს, ამ ყველაფრის კულმინაცია ის იყო, რომ ვანოსა და ზაზას ორ-ორი მილიონი დოლარის კაპიტალის შევსებაზეც რომ მიდგა საქმე, არც ერთს ფულის დადება არ უნდოდა. ვანომ მითხრა, რომ სიგარეტის ქარხნის გარანტიებს მოვიტანთო, რაც საერთოდ სასაცილოს ხდიდა ამ ბიზნესს. მე ამაზე ცალსახა უარი ვთქვი, ბიძინა ივანიშვილსაც ვუთხარი, რომ მე ამაზე ვერ ავიღებ პასუხისგებლობას, რაზეც ივანიშვილმა მიპასუხა, რომ ისინი ამ თანხას შეავსებდნენ რეალური კაპიტალითო.
საბედნიეროდ, ვერც ეს კაპიტალი ვერ მოიტანეს და ეს თემაც გაჩერდა, გაჭიანურდა და ბოლოს საერთოდ მიატოვეს.
სოფლის მეურნეობის სხვა პროექტებზე რას იტყვით, რა სირთულეები შეგემთხვათ?
– ეს სირთულეები იმასთან არის დაკავშირებული, რომ ბიზნესპროექტი არ უნდა იყოს ამავდროულად საქველმოქმედო. ჩვენი ფონდი და მისი მენეჯმენტი ფინანსური შედეგებით ფასდება და საკმაოდ რთულია, როდესაც კომერციულ ამოცანებს ზედ ვადებთ სოციალურ სხვადასხვა ტვირთს. ზოგადად, სოფლის მეურნეობის ბიზნესი საკმაოდ რთულია საქართველოში, რადგან ქვეყანაში საკმაოდ მწირია თანამედროვე ექსპერტიზა და ამავდროულად, ბაზარი გახსნილია ყველანაირი იმპორტისთვის, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, მეზობელი ქვეყნები პირდაპირ ან ირიბად ასუბსიდირებენ. მაგალითად, სათბურების პროექტი, რომელიც გარდაბანში განვახორციელეთ. თავიდანვე გასაგები იყო, რომ 30 მილიონ დოლარიან ინვესტიციას ვერ გაამართლებდა, რადგან თურქეთიდან შემოდის ძალიან ბევრი სუბსიდირებული და დაბალი ხარისხის ბოსტნეული. აქაც, ბიძინა ივანიშვილის დაჟინება იყო, რომ ადგილობრივი წარმოება გაგვევითარებინა. უკვე სამი წელიწადია რაც ვმუშაობთ და წელს პირველი წელი იქნება, როდესაც ნულოვან მოგებაზე გავალთ.
მეორე მაგალითია რძის წარმოების ის პროექტი, რომელიც 2014 წელს დავიწყეთ. ამ პროექტს საერთოდ ისეთი რისკები ჰქონდა, რომ შეიძლებოდა თეთრიც კი ვერ ამოგვეღო ამ ბიზნესიდან. 4 მილიონ დოლარზე მეტი დავხარჯეთ მოსამზადებელ სამუშაოებში და ბოლოს იმით შევძელი გადამერწმუნებინა ბიძინა ივანიშვილი, რომ ადგილობრივ, ისედაც მცირე შემოსავლიან ფერმერებს კიდევ უფრო გაუჭირდებოდათ გადარჩენა გაზრდილ კონკურენციაში. ბოლოს, ისევ ივანიშვილის მოთხოვნით, ამ მიწებზე თხილის ბაღი გაშენება დავიწყეთ. ამჟამად, 200 ჰექტარი თხილი უკვე დაირგა და კიდევ დამატებით 6 მილიონ დოლარს ვდებთ, რომ კიდევ 500 ჰექტარზე მოვაშენოთ ეს კულტურა. ჩემი აზრით, ეს ინვესტიციაც საკმაოდ დიდი და სარისკოა სოფლის მეურნეობის ბიზნესისთვის, თუმცა, მას უნდოდა, რომ აბაშის რეგიონშიც დაპირებისამებრ დასაქმებულიყო ხალხი და ისეთი პროდუქცია შეგვექმნა, რომელიც წვრილ ფერმერებთან კონკურენციაში არ შევიდოდა.
აქვე დავამატებ, ზუსტად იმ მიზეზით, რომ კარგად გაგვეყო კომერციული პროექტები და ის პროექტები, რომლებიც ძირითადად, ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაზეა ორიენტირებული, ჩვენ შევქმენით საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი. სწორედ ამ ფონდის მეშვეობით ვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომლებიც ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურის გრძელვადიან განვითარებაზეა ორიენტირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს თანაინვესტირების ფონდს გაუჭირდებოდა შეკვეთილის სასტუმროსა და „პანორამა თბილისის“ პროექტების განხორციელება, რადგან ამ პროექტებში ისეთი ექსკლუზივები დევს, რომლებიც ფინანსურად საკმაოდ ამძიმებენ ამ პროექტებს.
ამ ყველაფრის რეზიუმედ მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ პროექტში უნდა არსებობდეს სტრატეგიული და ფინანსური პარტნიორი. ფონდის ამოცანაა, მინიმალურად იყოს ჩართული ბიზნესის მართვაში და თავისი ფინანსები მიმართოს იმგვარად, რომ ყოველ ინვესტიციას ჰყავდეს მაჟორიტარული პარტნიორი, რომელიც არის გამოცდილი ამა თუ იმ ბიზნესში.