თავის დროზე რუსეთი გვაბრალებდა, თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში ამერიკელები ბიოლოგიურ იარაღს ამზადებდნენ. მოგვიანებით მათი საგარეო უწყების ოფიციალურმა წრმომადგენელმა მარია ზახაროვამ სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის ბრიტანეთში მოწამვლასთან დაკავშირებით კვალის მოძიება საქართველოში სცადა და აღნიშნა, „თვით ის ფაქტი, რომ რუსეთის საზღვრებთან პენტაგონი მასშტაბურ სამედიცინო-ბიოლოგიურ საქმიანობას ეწევა, ჩვენში საგანგებო შეშფოთებას იწვევს“.
როგორ გაგრძელდება ლუგარის ლაბორატორიასთან მიმართებით პოლიტიკური სპეკულაციები და წაახალისებს თუ არა რუსეთს საქართველოს საწინააღმდეგო ზრახვებისთვის? ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.
სოსო ცინცაძე: ლუგარის თემის გაგრძელება ასეთი იქნება, ჩვენი მხარე იტყვის, რომ ამ ლაბორატორიაში საზიანო არაფერი კეთდება, რუსები კი იტყვიან, რომ ადამიანებზე ლეტალურ ექსპერიმენტებს ატარებენ. საბოლოო ჯამში, ჩვენ შეიძლება მივიღოთ რუსეთის მხრიდან სამხედრო პროვოკაცია, ვინაიდან რუსეთი დღეს მხოლოდ საბაბს ეძებს. ამიტომ, ჩემი აზრით, ერთადერთი სწორი გამოსავალია, ქართულმა მხრემ მიმართოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას (OPCW), რომლის შტაბბინაც ლონდონშია. ეს საერთაშორისო ორგანიზაცია სწავლობს ქიმიური იარაღის აკრძალვისა და რეციდივების საკითხებს, მათ შორის, სკრიპალის მოწამვლის საქმეს, სირიში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს. უნდა ჩამოვიდნენ მათი ექსპერტები და სწორედ მათ უნდა შეამოწმონ, რომ ლუგარის ე.წ. ლაბორატორიაში არაფერი ისეთი არ კეთდება. სხვანაირად რუსეთის დარწმუნება შეუძლებელია, რადგან რუსებმა ჩვენზე უკეთ იციან, რაც ხდება ლუგარის ლაბორატორიაში.
რუსი ექსპერტები ამჯერადაც საქართველოში მოიწვიეს. ისინი უკვე მერამდენედ ჩამოდიან ლუგარის ლაბორატორიის შესამოწმებლად. მათი ვიზიტი ვერ გაანეიტრალებს სიტუაციას?
- ვერ გაანეიტრალებს, სანამ საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციას არ ჩავრთავთ. ელემენტარულად, ამით ჩვენ დავუმტკიცებთ მთელ მსოფლიოს, რომ აქ არაფერი ისეთი არ ხდება და რუსეთსაც საბაბი აღარ ექნება სამხედრო პროვოკაციისთვის. სხვაგვარად, ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ რუსებს შეუძლიათ, 2-3-ჯერ კიდევ გაიმეორონ, რომ ლუგარის ლაბორატორია მათთვის საფრთხეა და საქართველოში მართლაც განახორციელონ დივერსია. ასეთ შემთხვევაში, ვინ დაგვიცავს?
ძნელია ამის თქმა, ვინ დაგვიცავს. მით უმეტეს, როცა პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ლუგარის ცენტრი აშშ-ის ობიექტებს არ განეკუთვნება და საქართველოს დაავადებათა ეროვნულ ცენტრს ეკუთვნის.
- დიახ, პენტაგონმაც ხელი დაიბანა, ჩვენ არაფერი გვეხებაო, ვინაიდან ქართველებს გადავეცით, ქართველების საკუთრებაა და მათ ბალანსზეაო. გეკითხებით, ვთქვათ, რუსეთის სპეცნაზმა განახორციელა დივერსიული ქმედება, მოიტანეს, დადეს რაღაც და თქვეს, აი, ხომ ვამბობდით, ამ ცენტრს ნამდვილად სახიფათო მიზნებისთვის იყენებდნენო...
იგორ გიორგაძე ვერ აცნობიერებს, რომ რუსეთის საქმეს აკეთებს? რისთვის სჭირდება საქართველოს წინააღმდეგ რუსების მორიგი ამხედრება? რუსეთში ცხოვრება აპრიორი იმას ნიშნავს, რომ სულითაც რუსეთის ინტერესების გამტარი ხდები?
- დიდი ხანია, ეგ რუსეთის მოქალაქეა. ეგ სულ რუსეთის მოქალაქე იყო, რუსეთის მოქალაქეები იყვნენ თავიდანვე მამა-შვილი. გიორგაძე უკვე რუსეთშია 1992-93 წლიდან, თითქმის 40 წელია.
რუსებმა ათქმევინეს მას ეს განცხადება, თუ თავად ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ ქმედებას?
- ალბათ, ეს შეთანხმებით მოხდა, ძალით ვერავინ ვერავის ვერაფერს ათქმევინებს. გიორგაძეს ამ ხელისუფლების შესახებ ცუდი რომ ათქმევინო, ეს სიძნელეს არ წარმოადგენს. თანაც, მე მგონი, ეს ლაბორატორია გიორგაძის მინისტრობის დროს შენდებოდა. მან მშვენივრად იცის, რაც ხდება ამ ლაბორატორიაში და 40 წლის შემდეგ რატომ გაახსენდა, არ ვიცი. ეს იმიტომ, რომ ახლა ძალიან გააქტიურდა ქიმიური იარაღის თემა, ანუ ასადმა სირიაში რამდენჯერ გამოიყენა ქიმიური იარაღი. ამას ემატება სკრიპალების მოწამვლის ფაქტიც. ყოველ შემთხვევაში, სკრიპალების საქმეში რუსებს ედებათ ბრალი. ცოტა ხნის წინ კიდევ რუსეთის რამდენიმე აგენტი დაიჭირეს ჰოლანდიაში, ლონდონშიც გამოავლინეს აგენტები და ასეთი საპასუხო სვლა განახორციელა რუსეთმაც. თანაც, აქ საყურადღებო ის არის, რომ განცხადება გააკეთა არა რომელიმე ორგანიზაციამ, არამედ ეს იყო რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ბრიფინგი, ანუ სამხედროები აკეთებენ ამ განცხადებას და შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ თურმე მათ სამხრეთ საზღვართან რუსეთის მოქალაქეებს შეიძლება საფრთხე შეექმნათ. ამ დროს რუსეთის დოქტრინა ითვალისწინებს, რომ განახორციელონ სამხედრო ქმედებები, თუკი ჩათვლიან, რომ რაღაც სიტუაცია მათ მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის. ამიტომ ლიტონი განცხადება, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან მიმართებით რუსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია, ქართველები და ამერიკელები არაფერ შუაში არ არიან, არაეფექტური და არაკონსტრუქციულია. მთავარია, ქართულმა მხარემ მოიწვიოს საერთაშორისო ექსპერტები.
თქვენ ბრძანებთ, რომ საბაბი სჭირდება რუსეთს, მაგრამ უცხოელი ექსპერტები პერიოდულად გვიმტკიცებენ, რომ საერთაშორისო სანქციებმა რუსეთი ძალიან დაასუსტა, თითქოს ეკონომიკურ კრიზისშია რუსეთი. აწყობთ კი რუსებს საქართველოზე თავდასხმა?
- ნუ მოვექცევით ურაპატრიოტული პროპაგანდის ტყვეობაში. რაც არ უნდა კრიზისში იყოს რუსეთი, რაც არ უნდა მძიმედ იყოს ეკონომიკურად, რაც არ უნდა შიმშილობდეს რუსი ხალხი, რუსეთის სახელმწიფოს ყოველთვის ექნება დამსჯელი პოტენციალი. გარდა ამისა, ნავთობთან დაკავშირებით, ხომ ხედავთ, თანხები სად გარბის? რუსეთი კვლავ მდიდრდება ნავთობის შემოსავლით. სულ არ სჭირდება რუსეთს მძლავრი ეკონომიკა იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ დივერსია განახორციელოს.
პერიოდულად რატომ უმიზნებს რუსეთი მაინცდამაინც ლუგარის ლაბორატორიას? ხომ შეეძლოთ გამოეყენებინათ მათთვის ასევე საყვარელი პანკისის თემა, თუნდაც იმავე ტერორისტების დაბრუნების თემა?
- ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ რუსეთი შეგვახსენებს ხოლმე ამ ლაბორატორიას. ალბათ, ჯობდა, თავის დროზე რომელიმე საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის ექსპერტებს დაედოთ თავიანთი დასკვნა, რა ხდებოდა ამ ლაბორატორიაში.
თუკი სამხედრო ძლიერებით დაგვემუქრებიან, ხომ არ მიგვიყვანენ იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ თვითონვე დავხუროთ ეს ლაბორატორია?
- უბრალო ადამიანებმა არ ვიცით, ამ ლაბორატორიაში რა კეთდება. მართალია, გვეუბნებიან, რომ სამშვიდობო ლაბორატორიაა და, ალბათ, სამშვიდობოცაა, მაგრამ მაინც სჯობს, მისი მშვიდობიანობა დაადასტუროს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ, იმავე OPCW-მ. რუსეთი მაშინ იძულებული იქნება, გაჩუმდეს.
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ზოგიერთი ქართველი ექსპერტისგანაც მომისმენია მოსაზრება, ხომ არ არის ცალკეული ვირუსები ხელოვნურად გამოწვეული ლუგარის ლაბორატორიის მიერ? ეს ადამიანები ბრმად არიან აყოლილნი რუსულ პროვოკაციას, თუ მიზანმიმართულად აკეთებენ რუსეთის სასარგებლო განცხადებებს?
- ვერ გეტყვით, არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ფაქტია, ეს ლაბორატორია სკანდალის საბაბად იქცა. გაჩუმება, ხელის აქნევა, რომ ეს რუსული პროპაგანდაა და ფეხებზე მკიდია, რუსეთი რას იტყვის, შეიძლება საშიში აღმოჩნდეს.
თუკი ლუგარის ლაბორატორიის საკითხს ანტიდასავლური პროპაგანდის ჭრილში განვიხილავთ, შეიძლება, ეს პროპაგანდა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ანტიდასავლური კანდიდატის გაყვანას ემსახურებოდეს?
- დღეს ჩვენ ყველაფერს არჩევნების ჭრილში ვუყურებთ, ზოგჯერ ბუნებრივად, ზოგჯერ ხელოვნურად. თუმცა რუსეთის მიმართ ღია თუ ჩუმი სიმპათიით გამსჭვალული ადამიანისთვის ლუგარის ლაბორატორია წონადი არგუმენტი ნამდვილად იქნება, ვინაიდან ჩვენ არ გაგვაჩნია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა. ასე იყო შევარდნაძის ხელისუფლების დროს, მიშას დროს, ახლაც ასეა და მხოლოდ არაფრისმთქმელი განცხადებები კეთდებოდა ასეთი თემების დროს, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი განცხადებები. ვიმეორებ, თუ რუსეთმა მართლაც რაღაც დივერსია განახორციელა, ვინ დაგვიცავს?
რა გარანტიაა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა რუსეთს დააშოშმინებს?
- ასეთ შემთხვევაში, რუსეთს მაინც გაუჭირდება. ეს იგორ გიორგაძის დონეზე არ წყდება, უბრალოდ, გიორგაძემ თავისი საქმე გააკეთა. ახლა გიორგაძეს არავინ არაფერს ეკითხება მოსკოვში და უკვე ავტომატურ რეჟიმშია გენერალური შტაბის განცხადება, რომ ლუგარის ლაბორატორია საშიშია. შეიძლება, ამან უბრალოდ ჩაიაროს და რამდენიმე წლის შემდეგ გაგვიხსენონ. ისიც შეიძლება, რომ რაიმე შედეგი მოჰყვეს, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოების გარანტიისთვის მაინც საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა, რომლის წევრიც რუსეთიცაა, რათა საქართველოში მცხოვრებ რუსეთის აგენტებს არ ჰქონდეთ საბაბი, თითქოს ამ ლაბორატორიაში ათასი მუტაცია ხორციელდება. ახლა აგარაკზე ვიმყოფები და ლამის ბეღურებისხელა კრაზანები დაფრინავენ. აქუბარდიას ტელევიზიიდანაც ვაჩვენე ეს კრაზანები. ვაშლებს მთლიანად ჭამენ. საშინელებაა, ასეთი რამ არასდროს ყოფილა. ავის მოსურნემ და ვინმე ნაძირალამ შეიძლება თქვას, რომ ეს ყველაფერი ლუგარის ლაბორატორიიდან გამოდის.
სხვათა შორის, თავის დროზე რუსეთმა „ზიკას ვირუსის“ კვალს საქართველოში „მიაგნო“ და ამ ეპიდემიის გამომწვევი კოღოს შექმნის ადგილად ლუგარის ლაბორატორია დაასახელა.
- ამიტომ რატომ ვაძლევთ რუსეთს ამის საბაბს? ეჭვის საბაბს ხელოვნურად რატომ ვქმნით?