„დასავლეთისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმის აღქმას, ვინ სად დაიბადა“

„დასავლეთისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმის აღქმას, ვინ სად დაიბადა“

სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას მსახიობებისა და რეჟისორების კოჰორტა უცხადებს. ისინი მასში საქართველოსთვის დამაშვრალ, საქართველოს ტკივილით დაღდასმულ ადამიანს ხედავენ და, რადგან სამი ვაჟკაცი არ ჩანს, ქაჯეთის ციხის აღებასაც მას, როგორც მანდილოსანს ანდობენ...

მსახიობების აზრით, ემიგრაციაში დაბადებულებს საქართველოს სიყვარული გამძაფრებული აქვთ. შესაბამისად, პრეზიდენტობის ქალმა კანდიდატმაც ძალიან კარგად იცის იმ ადამიანების ბედი, რომლებიც სამშობლოს გარეშე ცხოვრობენ.

მაშინ, როდესაც ხელოვანი ადამიანები პლუსად უთვლიან სალომე ზურაბიშვილს, რომ ის ემიგრაციაშია დაბადებული, სხვა ადამიანები ამაში მინუსს ხედავენ, რადგან პარიზში დაბადებულ ადამიანს მთელი ახალგაზრდობა უცხოეთში აქვს გატარებული და საქართველოს შესახებ მხოლოდ მონათხრობით გაუგია.

პლუსად ითვლება თუ მინუსად, რომ ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი პარიზში, ემიგრანტების ოჯახშია დაბადებული?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი იმ ენით საუბრობს და ურთიერთობაში იმ თამაშის წესებით შემოდის, რაც დასავლეთისთვის ჩვეულებრივია. ის, რომ „ოცნების“ ფავორიტი აღმოჩნდა სწორედ საფრანგეთში დაბადებული სალომე ზურაბიშვილი და არა საქართველოში დაბადებული საპრეზიდენტო კანდიდატი, სულაც არ აკნინებს მის ღირსებას. პირიქით, ეს არის ხელოვნური თემა, რადგან, ზარდიაშვილის აზრით, სალომე ზურაბიშვილი სისხლით ხორცამდე ქართველია.

„ახლა მას დასწამეს, თითქოს ის ანტითურქული განწყობის მქონე, პროარმენული და არმენოფილია. ლამისაა დაგვაჯერონ, თითქოს ზურაბიშვილი კი არ არის, არამედ ზურაბიანცია. დასავლეთში არავის გაუჩნდება კითხვა იმის გამო, რომ ის საქართველოში დაბადებული არ არის. რა თქმა უნდა, ის საქართველოს მოქალაქეა, წარმომავლობით ქართველია, მისი ინიციატივით მიღებული კანონი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ამას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქე იყოს, მას აქვს შესაძლებლობა, საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი, ანუ მოქალაქეობა აღიდგინოს. ეს ბუნებრივი უფლებაა ყველა ქართველისთვის. ვერავინ ვერ დააბრალებს მას, რომ ან ნაკლებად უყვარდა ქვეყანა, ან ნაკლებად ტკიოდა, ან ნაკლებად იბრძოდა ამ ქვეყნისთვის იმის გამო, რომ ის დაიბადა პარიზში. დასავლეთისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმის აღქმას, ვინ სად დაიბადა“,-აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ღირსებას აკნინებს, როცა 40 თუ 50 წლის ასაკიდან საქართველოში ჩამოსული ქალი ხდება პრეზიდენტი. For.ge-სთან საუბარში სოსო ცინცაძე განმარტავს, რომ ასეთი რამ ბალტიისპირეთში და სხვაგანაც მომხდარა, მაგრამ ბალტიისპირეთი სულ სხვაა და ბალტიისპირეთს ნუ შევედრებით.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მტკიცებას, რომ მის წინააღმდეგ საბჭოთა სტილის კამპანია მიმდინარეობს, სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ეს აბსურდია და პირადად მასაც აქვს შეკითხვები ამ ქალბატონის მიმართ.

კერძოდ, ვინ დაუფინანსა წიგნი აგვისტოს ომის შესახებ საფრანგეთში, რადგან, როგორც წესი, საქართველოში ავტორი თავად აფინანსებს თავის წიგნებს. ევროპაში, ამერიკაში კი არც ერთი ავტორი თავის წიგნს თვითონ არ აფინანსებს, არამედ რომელიღაც პიროვნება, ორგანიზაცია ან ფონდი უფინანსებს. საინტერესოა, ვინ იყო დაინტერესებული აგვისტოს ომით ევროპაში, კონკრეტულად, საფრანგეთში, რომ მას დაუფინანსეს წიგნი, რომელსაც არანაირი მეცნიერული ფასეულობა არ აქვს და არც პირველწყარო არ არის. უბრალოდ, ეს წიგნი არის ხელისუფლებაზე გაბოროტებული, თანამდებობიდან გაგდებული ერთი ადამიანის ღვარძლი, მეტი არაფერი.

„ათი წელი გავიდა და დღესაც იძახის მთელი მსოფლიო, რომ რუსეთი დაესხა თავს საქართველოს. ამ დროს კი ზურაბიშვილის წიგნის პირველი გვერდიდან ბოლო გვერდამდე წერია, თითქოს საქართველო დაესხა თავს მძინარე ცხინვალს. ამაზე დუმს ზურაბიშვილი, თუ ვინ დაუფინანსა მას ეს წიგნი. გარდა ამისა, მაინტერესებს, იყო თუ არა კგბ-ს მხრიდან მისი დავერბოვკების მცდელობა?! კგბ როგორ მუშაობდა ქართულ ემიგრაციაზე, ეს კარგად ვიცი, რადგან ჩემთან, ისტორიის ინსტიტუტში, მუშაობდა ქართველი ემიგრანტი დავრიშაშვილი, რომელიც მიყვებოდა, რა დღეში აგდებდა ემიგრანტებს კგბ. მათ შორის, კარგი სიტყვით, დახმარებით, ნათესაობით, ზურაბიშვილი კი თავისი ოჯახიდან, შთამომავლობიდან გამომდინარე, საინტერესო იქნებოდა კგბ-სთვის. მით უმეტეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მსახურობდა და ქართველი ემიგრანტი იყო.

რაც შეეხება რუსეთის ჯარის გაყვანის ზურაბიშვილისეულ ვერსიას, ვის სჯერა ეს ზღაპრები? ეს იყო კლინტონის მიერ გაკეთებული საქმე, უბრალოდ, ზურაბიშვილი მოსკოვში ჩავიდა და ლავროვთან შეთანხმება დადო, რა გზით, როგორ უნდა გასულიყვნენ ჯარები. ზურაბიშვილი რომ არ ყოფილიყო და პლეხანოველი კიკა ყოფილიყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯარი მაინც გავიდოდა, რადგან ელცინისა და კლინტონის ხელმოწერა იყო“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და აინტერესებს, რატომ არავინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს, საკუთარ ძმას რატომ არ ელაპარაკება? ადამიანმა, რომელსაც ოჯახში არ აქვს სიტუაცია აწყობილი, ხალხი როგორ უნდა შეარიგოს?!

პოლიტოლოგი მას საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდსაც უხსენებს, როცა პირველსავე დღეს ტელევიზიით გამოვიდა და თქვა, ყველამ იცოდეთ, მე ძალიან ცუდი ხასიათი მაქვსო. შედეგად, ყველანი გაყარა, „საწყალმა საშა ჩიკვაიძემ ძლივს დაალაგა მის მიერ აწეწილი საქმეები“.

„ჯერ ერთი, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს ხელფასს რატომ უხდიდა უცხო ქვეყანა? რომელი ტალეირანი, ბისმარკი ეგ იყო? მარტო მაგიტომ არის სააკაშვილი გასასამართლებელი. მისი მინისტრობისას საფრანგეთი ნატო-ში ჩვენი მიღების მომხრე არ იყო, კატეგორიულად გვეწინააღმდეგებოდა. ემიგრანტების ნაწილი იყო პატიოსანი, მეომარი ხალხი, ხოლო ემიგრანტების ნაწილს შეადგენდა ათასი ჯურის ხალხი. ექვთიმე თაყაიშვილიც ემიგრანტი იყო და ეგეც ემიგრანტია?!“