კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში სინოდის ისტორიული სხდომა დაიწყო

კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში სინოდის ისტორიული სხდომა დაიწყო

დღეს საღამოს სტამბულში მსოფლიო პატრიარქის ბართლომე პირველის მეთაურობით კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო, რომელიც 11 ოქტომბრამდე გასტანს. სხდომის დღის წესრიგი არ ხმაურდება, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ განხილვის მთავარი თემა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი იქნება.

ეს სინოდის სხდომა უდაოდ ისტორიულია. უკრაინა, რუსეთი და პრაქტიკულად მთელი მართლმადიდებელი სამყარო დიდი ინტერესით ელის მის გადაწყვეტილებას. გამორიცხული არ არის, 11 ოქტომბერს უკრაინის ეკლესიისათვის ტომოსის მინიჭების გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურად იქნას მიღებული, რაც შესაძლოა მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დიდი განხეთქილების დაწყების მიზეზი გახდეს.

ის, რომ ავტოკეფალიის მიღება უკრაინის ეკლესიისთვის ისტორიული მნიშვნელობის საკითხია, ხოლო უკრაინის ხელისუფლებისთვის - ყველაზე პრიორიტეტული საკითხი, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჯერ კიდევ 19 სექტემბერს განაცხადა და თქვა, რომ მსოფლიო პარიარქის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, უკრიანისთვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე, "ფინიშს უახლოვდება". უკრაინში იმედოვნებენ, რომ სწორდ სტამბოლში წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გადაწყდება უკრაინის ეკლესიისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების საკითხი.

თავად კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ბოლო ქმედებებიც იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიო პატრიარქი უკრაინის ავტოკეფალიას მტკიცედ უჭერს მხარს. მაგალითად, ასეთი იყო უკრაინაში კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ორი ეპისკოპოსის სტუმრობა ეგზარხოსების რანგში, რომელთა ვიზიტის ოფიციალურ მიზნად სწორედ უკრანისათვის ავტოკეფალიის მისანიჭებლად მოსამზადებელი სამუშაოები იყო დასახელებული.

აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომის დასრულებისთანავე მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომაა დანიშნული, რომელიც 13-15 ოქტომბერს ბელორუსში გაიმართება. ოფიციალური ინფორმაციით, ამ სინოდის მთავარი თემაც ასევე უკრაინის ეკლესიაა.