"საერთაშორისო ორგანიზაციებს შევატყობინებ, როგორ დევნიან მსოფლიო მნიშვნელობის მომღერალს"

„საქართველოს პროკურატურა ჩემი და ჩემი ოჯახის დისკრედიტაციას ახდენს", - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის მეუღლის ანგელა ვასილენკოს განცხადებაშია ნათქვამი.

ვასილენკოს თქმით, ის ყველა უცხოელ მეგობარს და გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციას შეატყობინებს, თუ როგორ დევნიან საქართველოში მსოფლიო მნიშვნელობის მომღერალს, მის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს და მის ოჯახს.

"აშკარა ფაქტია, რომ დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურა პაატა ბურჭულაძის და „იავნანას" დისკრედიტაციის ხელშეწყობით არის დაკავებული. ვიღაცას არ მოსწონს მისი ავტორიტეტი და მედიას და სამარათალდამცავ ორგანოებს, როგორც ჩანს „შავ პიარს" ავალებს ჩვენს წინააღმდეგ. მოვუსმინე პროკურორ ამირან გულუაშვილის 8 ოქტომბრის განცხადებებს და გაოგნებული ვარ მისი უტიფარი სიცრუით. იგი ამჯერად, ჩემი დისკრედიტაციის აშკარა მცდელობით არის დაკავებული, თითქოს თავს ვარიდებდი საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, არადა პროკურატურამ თავად თქვა უარი 2018 წლის 1-ელ მარტს ჩემს გამოკითხვაზე და ეს განცხადება საჯაროდ გაავრცელა, მას შემდეგ 8 თვის მანძილზე არავინ გამოჩენილა.

"პროკურორ გულუას განცხადებები არღვევს ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმპციას, ალბათ მას ავიწყდება, რომ გერმანიის მოქალაქე ვარ, ქვეყნის, სადაც ადამიანის უფლებები უზენაესია.

ჩვენს ყველა უცხოელ მეგობარს და გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციას შევატყობინებ თუ როგორ დევნიან საქართველოში მსოფლიო მნიშვნელობის მომღერალს, მის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს და მის ოჯახს. სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს და აუცილებლად დაისჯებიან ისინი, ვინც ამ უგუნურ ბოროტებას სჩადიან", - აცხადებს ანგელა ვასილენკო.