რა მოხდება, თუ ზურაბიშვილმა „ქართუს“ ვალი არ დაუბრუნა

რა მოხდება, თუ ზურაბიშვილმა „ქართუს“ ვალი არ დაუბრუნა

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართუ ბანკიდან“ მილიონი ლარი ისესხა. ეს ინფორმცია კანდიდატის ფინანსურ ანგარიშზეა მითითებული, რომელიც აუდიტის სამსახურის საიტზე გამოქვეყნდა. 

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს მიიღებს, საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად არაუმეტეს 1 000 000 ლარის მიღების უფლება აქვს არჩევნების საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარავად. როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, იგი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლთა ხმების არა 10%-ს, არამედ 70%-ს მიიღებს.

თუმცა, აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ შეისწავლიან, თუ რამდენ პროცენტში აიღო ზურაბიშვილმა სესხი და თუკი ამ კონკრეტულ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი იქნება, „ეს უკვე შემოწირულობად ითვლება და დეკლარაციაში ასახული უნდა იყოს“.

როგორც „რეზონანსთან“ იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა კერძო ბანკიდან საარჩევნო კამპნიის  საწარმოებლად გარკვეული თანხა ისესხა, ეს არ არის საარჩევნო წესების დარღვევა. მისი თქმით, „ქართუ ჯგუფი“, სადაინაც მოხდა სესხის აღება, არის ცალკე იურიდიული პირი, ბანკმა თანხა გასცა სესხის სახით და არ უჩუქებია. 

„იმ შემხვევაში კი, თუ სალომე ზურაბიშვილი ამ თანხას არ დააბრუნებს, ან ბანკი ამ თანხას აჩუქებს, ეს უკვე სხვა ამბავია და შემდეგ შეიძლება გაკეთდეს შეფასებები ამ მოვლენის კანონიერებასთან დაკავშირებით“, - განუცხადა მუხაშავრიამ „რეზონანსს“.