“პოლიტიკური “დაბოლებიდან” პირდაპირ “დაბოლებაზე” ნუ გადავლენ” – ხუხაშვილი ხელისუფლებას

“პოლიტიკური “დაბოლებიდან” პირდაპირ “დაბოლებაზე” ნუ გადავლენ” – ხუხაშვილი ხელისუფლებას

კანაფზე ოქროს გორებს მაინც და მაინც ნუ ააშენებენ და პოლიტიკური “დაბოლებიდან” პირდაპირ დაბოლებაზე ნუ გადავლენ, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც “კანაფის კონტროლის შესახებ” კანონისა და მისგან გამომდინარე პროექტების განხილვის ორი თვით გადადებას გამოეხმაურა.

ხუხაშვილის თქმით, არავინ არის იმის წინააღმდეგი, რომ საზოგადოების ჩართულობით ამ კანონპროექტის სიღრმისეული განხილვა მოხდეს, თუმცა მისი შეფასებით, ქვეყანა მზად არ არის, რომ ამგვარ „საეჭვო ეკონომიკურ პროექტებში ჩაერთოს”.

„ბუნებრივია, კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის გადადება წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და განპირობებულია საარჩევნო დღის წესრიგში ამ საკითხის გაპრობლემებით. განხილვის გადადება შესაძლოა, სახელმწიფოებრივადაც სწორი იყოს, რადგან საარჩევნო პროცესში ნებისმიერი საკითხის შინაარსობრივი განხილვა შეუძლებელი ხდება, პროპაგანდისტული ელფერი დასდევს ყველაფერს. მე გადადების წინააღმდეგი თავისთავად არ ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, მსჯელობა იქნება სერიოზული და პოლიტიკური იწილო-ბიწილოს სახეს არ შეიძენს.

“არავინ არის იმის წინააღმდეგი, რომ ამ კანონპროექტის შინაარსობრივი განხილვა მოხდეს საზოგადოების ჩართულობით, მაგრამ ერთ რჩევას მივცემდი ხელისუფლებას: კანაფზე მაინც და მაინც ნუ ააშენებენ ოქროს გორებს და პოლიტიკური “დაბოლებიდან” პირდაპირ “დაბოლებაზე” ნუ გადავლენ. გასაგებია, რომ დღევანდელი მსოფლიო ტრენდი კანაფის ბიზნესის სასარგებლოდ მეტყველებს, მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ ჩვენი ქვეყანა მზად იყოს ასეთ საეჭვო ეკონომიკურ პროექტებში ჩართვისთვის,” – განაცხადა გია ხუხაშვილმა “ინტერპრესნიუსთან”.