არჩევნების წინ თბილისს აშშ-ის ხელისუფლების „მთავარი ქორი“ ეწვევა

არჩევნების წინ თბილისს აშშ-ის ხელისუფლების „მთავარი ქორი“ ეწვევა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის  პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ოქტომბერში საქართველოს ეწვევა. მისი სტუმრობის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ვიზიტი 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შედგება.

ჯონ ბოლტონი აშშ-ის ხელისუფლებაში აგრესიული და უკომპრომისო საგარეო პოლიტიკის ყველაზე აქტიურ მხარდამჭერად მიიჩნევა და მას პრეზიდენტ დონალ ტრამპის ადმინისტრაციის „მთავარი ქორის“ რეპუტაცია აქვს.

ცნობები ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილ მის ვიზიტზე სომხურმა მედიამ გაავრცელა. სომეხი პოლიტოლოგის, სურენ სარკისიანის ცნობით, ბოლტონი „დაახლოებით ორი კვირის შემდეგ“ რუსეთს, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა. ამავე წყაროს ინფორმაციით, ამ ვიზიტების ინიციატორი თავად ბოლტონია.

რას უნდა ნიშნავდეს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის ჩამოსვლა თბილისში? პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ეს რეგიონალური ტურნე კავკასიის თემატიკას უკავშირდება და არა კონკრეტულად საქართველოს.

„ტურნე არის და უბრალოდ, რეგიონებთან დაკავშირებით რა პრობლემებიც არსებობს, იმას განიხილავენ. კონკრეტულად საქართველოსთვის არ ჩამოდის. აქტუალური არის კავკასიური თემა  და ამის ირგვლივ იქნება საუბარი,“ - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას საყვარელიძემ.

მისივე თქმით, საკითხი პირველ რიგში შეეხება ყარაბაღის კონფლიქტსა და ზოგადად, რუსეთის გავლენას, რომელიც დღეს არსებობს.

„უპირველეს ყოვლისა ტერიტორიულ მთლიანობას შეეხება საკითხი და კონფლიქტებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის კონფლიქტურ რეგიონებში, კერძოდ ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო რუსეთის გავლენის გავრცელება ცალკე სომხეთზე და ახლა უკვე აზერბაიჯანზეც,“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.