"ხეზე ასვლა, რომ გცოდნოდათ, უკვე ჩამოხვიდოდით, „ტურფა საბაღნარო" თქვენ მიატოვეთ"

თქვენი ყოველი გამოჩენა ცისფერ ეკრანებზე ივანიშვილის გაბანკროტებული რეჟიმის მაშველი რგოლია, რადგან მხოლოდ შურისძიებას და ეგოიზმს ასხივებთ, - ასე მიმართავს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო" არის „ვარდების რევოლუციის" იდეების და რეფორმების გამგრძელებელი განსხვავებით იმ მლიქვნელი ოპორტუნისტებისა, რომლითაც დღეს სავსეა „ნაციონალური მოძრაობა".

„ევროპული საქართველო" ნამდვილად არ წარმოგადგენთ თქვენ. ეს მართალია. თუ რამე ერთმანეთისგან გვისწავლია, თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მხოლოდ მადლობას გეტყვით. ხეზე ასვლა რომ გცოდნოდათ, უკვე ჩამოხვიდოდით. „ტურფა საბაღნარო" თქვენ მიატოვეთ, ეს ფაქტია და კარგია, რომ ეს კომპლექსი გაწუხებთ. კიდევ დიდი ხანი შეგაწუხებთ, რადგან იცით, რომ ფატალური შეცდომა დაუშვით, როცა ბრძოლის ველი მიატოვეთ. კიდევ ერთხელ, ნამდვილად არ არის ბაქრაძე თქვენი კანდიდატი. ჩვენ მხოლოდ წარსული გვაერთიანებს", - წერს უგულავა.

გიგი უგულავა ამით მიხეილ სააკაშვილის იმ პოსტს გამოეხმაურა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი წერს, რომ მას „ევროპული საქართველოსთვის" ხეზე ასვლა არ უსწავლებია.