ჩემი თაობა ნარკოტიკმა მოსპო... ჩვენ ვიყავით თაობა, რომელზეც ექსპერიმენტი ჩატარდა…

ჩემი თაობა ნარკოტიკმა მოსპო... ჩვენ ვიყავით თაობა, რომელზეც ექსპერიმენტი ჩატარდა…

მსახიობმა გიორგი გურგულიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ფარული კონვერტი“ მისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი გაიხსენა, როდესაც ის ნარკომომხმარებელი იყო, ამასთან, მან ნარკოპოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება. მსახიობს მიაჩნია, რომ ნარკომანიის, როგორც პრობლების გადაჭრის გზა, საკითხზე ტაბუს მოხსნაა. როგორც გურგულიამ აღნიშნა, პრობლემის გადაჭრის, ან თავიდან აცილებისთვის,  საჭიროა საზოგადოების სწორი ინფორმირება იმის შესახებ, რომ „ნარკოტიკი კლავს“.

საკითხზე საუბრისას გურგულიამ დასძინა, რომ ფატალური შედეგები მთავრობების არასწორი ნარკოპოლიტიკის შედეგია.

„ჩვენ ვიყავით თაობა, რომელზეც ექსპერიმენტი ჩატარდა. ეს არის 60-იანელები, ჰიპებმა დაიწყეს მოძრაობა – ფსევდო თავისუფლებით… მოსაწევით დაიწყო, რომელსაც შემდეგ მძიმე ნარკოტიკი დაემატა. ეს მთლიანად პოლიტიკოსების შემოგდებული ამბავი იყო… ნარკოტიკი შემოდის შევარდნაძის პერიოდში, შემოაქვთ პოლიციელებს, შემოჰყავთ ბარიგები, „სვამდნენ კაი ოჯახის შვილებს“, რომელიც მერე „ჯიბეში ჰყადათ“ …

ჩვენი თაობა ყველაზე სპორტული თაობა იყო. ბავშვი არ არსებობდა, რომ სპორტზე არ ევლო, და წარმოიდგინეთ, ყველაზე მეტად დაეჯახა ეს ჩვენ თაობას. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი თაობა ნარკოტიკმა მოსპო. ამ საკითხს ტაბუ ედო და მშობელი ვერ ამბობდა, რომ „ჩემი შვილი ნარკომანია“, რაც არასწორი იყო, ადამინებს უნდა სცოდნოდათ, რომ ნარკოტიკი კლავს! ტაბუდადებული გახდა თემა, რომელზეც ღიად უნდა ესაუბრათ. ეს არ არის მხოლოდ ფსიქოლოგიური ზემოქმედება და ნარკოტიკის გადაგდება, იქ აუცილებელია გარემოს შეცვლა, ის თუ არ დაასაქმე, ან რაღაცით არ დააინტერესე, არ გამოიყვანე იმ წრიდან, აუცილებლად დაბრუნდება უკან და იგივეს გააკეთებს.

შევთანხმდეთ, რომ ნარკომანია არის დაავადება, ამიტომაც ჰქვია: – ნარკომანია – ეს მანიაა. პირველ რიგში, ეს ადამიანები არიან სამკურნალო და პოლიცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია ჩასარევი თუ ეს ნარკომანი ვიღაცას ნარკოტიკს აძლევს, ანუ ავრცელებს.

ეს ყველაფერი არის არასწორი ნარკოპოლიტიკის შედეგი. მე ვარ დეკრიმინალიზაციის მომხრე, ლეგალიზაციისთვის ჩვენი ქვეყანა მზად არ არის. ლეგალიზაცია ნიშნავს – გაყიდვას, ანუ როდესაც შესაძლებელი იქნება ნარკოტიკის გაყიდვა კაფეებში ბარებში და ა.შ… ამის მომხრე არ ვარ, ამ ყველაფრისთვის ჩვენი ქვეყანა არ არის მზად, ეტაპებია გასასვლელი…“ , –  განაცხადა გიორგი გურგულიამ.