"7 მილიონი ადამიანი მიიღებს იარაღს, ყველა დავიცავთ ჩვენს ტერიტორიას" - რისთვის ემზადება ბელორუსის პრეზიდენტი

ბრესტის ოლქში სამხედრო პოლიგონის მონახულების დროს, ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ომის შემთხვევაში იარაღით უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის ყველა მოქალაქე.

„მე ხუმრობით არ მითქვამს, რომ თუ ჩვენ გვექნება საკმარისი ცეცხლსასროლილ იარაღი- ავტომატები, პისტოლეტები, ტყვიამფრქვევები და სხვა საბრძოლო იარაღი - თუ ომი იქნება, ჩვენ ყველა ოჯახს დავურიგებთ და ყველა დავიცავთ ჩვენს ტერიტორიას... ბავშვებს გავარიდებთ. მოხუცებიც და ქალებიც: 7 მილიონი ადამიანი მიიღებს იარაღს, რომ თავი დაიცვას.“- განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, რესპუბლიკას სჭირდება მხოლოდ თავდაცვითი იარაღი, რომელიც გამოსადეგია იმისთვის, რომ ბელორუსთან ომის მოსურნეებს ზიანი მიაყენოს „ ეს არის მაღალი სიზუსტის სარაკეტო შეიარაღება 300-350 კმ-ზე მოქმედების რადიუსით და ეს ყველაფერი ჩვენ გვაქვს“- აღნიშნა ბელორუსის პრეზიდენტმა.

ივნისში ბელორუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ეკონომიკის ჩამოშლის შემთხვევაში დამოუკიდებლობის დაკარგვის შესაძლებლობას უშვებს, ყველაზე არახელსაყრელი შედეგის მაგალითად კი ლუკაშენკომ უკრაინა მოიყვანა, სადაც მისი თქმით ომი გაჩაღდა.