ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა "ვასმედიის" პროდიუსერი გვანცა გორდეზიანი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გადაცემა პარლამენტის თავმჯდომარეზე ხუმრობის გამო დაიხურა:
„სისულელე, არაფერი საერთოდ შეხება, არანაირი მსგავსი არაფერი არ ყოფილა. ალბათ გამომდინარე იქიდან, რომ წინა გადაცემაში გვქონდა რაღაც ბლოკი კობახიძეზე. მსგავსი არაფერი არ ყოფილა. ჩვეულებრივად იგივე ფორმატით იგივე წამყვანით გრძელდება გადაცემა კვირას იქნება. გვინდოდა უბრალოდ ერთი რუბრიკის დამატება ჩვეულებრივი მომენტია და გავიჭედეთ და ვეღარ მოვასწარით გადაცემის ბოლომდე დამონტაჟება. ვერ ჩავეტიეთ დროში და ტექნიკურად გავიჭედეთ.“-განაცხადა გვანცა გორდეზიანმა.
შეგახსენებთ. ვასიკო ოდიშვილის სატირულ-იუმორისტული შოუ „ვასმედია", რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ყოველ კვირა დღეს გადიოდა, გუშინ ეთერში აღარ გასულა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა 30 სექტემბერს გასულ გადაცემას უკავშირდებოდეს, რომელშიც წამყვანმა პარლამენტის თავმჯდომარეზე იხუმრა.
დღეს „ვასმედიის“ ფეისბუკგვერდზე გავრცელდა განცხადება, სადაც პროდიუსერის განცხადებისგან განსხვავებით, გადაცემის დროებით შეჩერების მიზეზად დეკორაციის განახლდება დასახელდა.