ახალციხის რაბათის რეაბილიტაციას ვანო მერაბიშვილი კურირებს

ახალციხის რაბათის რეაბილიტაციას ვანო მერაბიშვილი კურირებს

[ნინო მიქიაშვილი]  

ახალციხის რაბათის კომპლექსის რესტავრაცია-კონსერვაცია დაიწყო. ამ პროცესს მეთვალყურეობას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი უწევს; დაახლოებით ერთი კვირის წინ, მერაბიშვილმა რაბათის კომპლექსი ესპანელ არქიტექტორთან ერთად დაათვალიერა. ჩვენს მიერ მოპოვებული ეს ინფორმაცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ციური ლაფაჩმა დაგვიდასტურა. 

რადგან ახალციხის რაბათის რესტავრაციას თურქული მხარე მოითხოვს, ამიტომ დავინტერესდით, საზოგადოების ზურგს უკან ხომ არ გააფორმა საქართველოს ხელისუფლებამ თურქულ მხარესთან ხელშეკრულება, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ (რომელსაც მისი ოპონენტები პოლიტიკურ ხელშეკრულებას უწოდებენ) და რაბათის კომპლექსის რესტავრაცია-კონსერვაციაც ამის საფუძველზე ხომ არ დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, არაერთხელ გაკეთებული საჯარო განცხადების თანახმად, ისტორიულ ტაოში ოშკის, იშხანის, ხანძთას და ოთხთას აღდგენის სანაცვლოდ თურქეთი ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებასთან ერთად მოითხოვს: რესტავრაცია გაუკეთდეს ქობულეთის რაიონში, სოფელ კვირიკეში არსებულ ხის ჯამეს; ადიგენის რაიონში მხარჯავის მეჩეთს და ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე არსებულ კომპლექსს (და იქვე არსებულ წყვილ აბანოს), სადაც დღეს სახელმწიფო მუზეუმია განთავსებული.

რადგან თურქულ მხარესთან მოლაპარაკებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, ამ უწყებაში ვცადეთ ინფორმაციის გადამოწმება, ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. 20 ივლისს, გვიან საღამოს, ამავე უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტს ინტერნეტის საშუალებით ასეთი შინაარსის წერილით მივმართეთ:

”გთხოვთ, გვაცნობოთ რა ეტაპზეა თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ - მოეწერა თუ არა ხელი ხელშეკრულებას; თუ მოეწერა, ეს როდის მოხდა და თუ არ ხელშეკრულება ხელმოუწერელია, რა არის ამის მიზეზი, მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯაროდ არაერთხელ განაცხადეს, რომ ხელშეკრულება მაისის ბოლოს უნდა გაფორმებულიყო”.

21 ივლისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტიდან ასეთი პასუხი მივიღეთ:

”ქალბატონო ნინო, გთხოვთ, თქვენი კითხვებით, რაც ითვალისწინებს საჯარო ინფორმაციის გაცემას, ოფიციალურად მიმართოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტს. მიმართვა უნდა წარადგინოთ თქვენი სააგენტოს ოფიციალურ ბლანკზე, სამინისტროს კანცელარიაში. პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი”.

იმავე დღეს ტელეფონით ვცადეთ გაგვერკვია რატომ გვითხრეს უარი პასუხი ინტერნეტის საშუალებით მოეწერათ (როგორც ეს არაერთხელ მომხდარა). ამაზე ძალიან მოკლედ მოგვიგეს - ”რადგან ასე გიპასუხეს, ესე იგი ასეა საჭირო”.

22 ივლისს, დაახლოებით 12 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროს კანცელარიაში ჩავაბარეთ ”ობიექტივის” ბლანკზე დაბეჭდილი ზუსტად იგივე შინაარსის წერილი. შემდეგ შიდა ტელეფონით ვიკითხეთ რომელი საათისთვის შეიძლებოდა ხელზე წაგვეღო პასუხი. პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განგვიმარტეს, რომ პასუხის მომზადება 22-ში ვერ მოესწრებოდა - ჩვენს წერილს ადრესატთან დღის მეორე ნახევარში მიიტანდნენ და პასუხს გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ  მოამზადებდნენ.

ვიმედოვნებთ, რომ ”გარკვეული პროცედურების” გავლა ორშაბათს არ გასცდება. მანამდე გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორთან, ციური ლაფაჩთან.

 რაბათის ტერიტორიაზე სარესტავრაციო სამუშაოები მართლა დაიწყო?

ციური ლაფაჩი: ძველი შენობების დემონტაჟი მოხდა, რომლებიც დღევანდელი მოთხოვნების შესაბამისი არ იყო და ახლა რესტავრაცია-კონსერვაცია მიმდინარეობს; ანუ, ძველი ყველაფერი დაცული და შენარჩუნებული იქნება. აღდგება ციხე, თავისი ქონგურებით; რაც გადმოცემითაა ცნობილი და რისი აღდგენის საშუალებაც აქვთ, რომ აღადგინონ და დატოვონ ისე, როგორც საჭიროა, ყველაფერი ისე გაკეთდება.

ჩვენ ახლა ორსართულიან საგამოფენო დარბაზებში ვართ, რომლის უკან არის ჯაყელების დარბაზი, სახურავის გარეშე და ჩვენ მთლიანად იმ შენობაში მოგვიწევს გადასვლა, როცა მისი რეაბილიტაცია დასრულდება.

აქაურობას თავდაპირველ სახეს ვერავინ დაუბრუნებს, იმის გამო, რომ მეცხრე-მეათე საუკუნისაა ეს ციხე და მეცხრე საუკუნეში, ჯერ კიდევ მშენებარე ციხე მურვან ყრუმ დაანგრია და დააზიანა. შემდეგ თურქ-სელჩუკები მოვიდნენ, მათ მონღოლები მოჰყვნენ, ამ მხარეში თემურ ლენგმა ხუთჯერ ილაშქრა - ეს ციხე ყოველთვის იყო ყველას მხედველობის ცენტრში.

როდესაც ციხის დეტალებს უყურებ, თვითონ ის გეუბნება საიდან მოდის, როგორ არის; არის უამრავი დანგრეული კოშკი - ლამის ბოლომდე დასული, ზოგი ნახევრად დანგრეული, ზოგი კიდევ ცოტა უფრო ნაკლებად; ციტადელი საშინელ მდგომარეობაშია, დახეთქილია ის კლდე, რომელზედაც ციტადელი დგას.

ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი. თუ კი ციხე უნდა აღდგეს და მისი რესტავრაცია-კონსერვაცია ჩატარდეს, ეს ნიშნავს, რომ ამისთვის ძალიან დიდი შრომა და რუდუნებაა საჭირო და რაც მთავარია, ეს პროცესი მოითხოვს არქეოლოგიურ გათხრებს, რადგან აქ ძალიან სერიოზული მიწისქვეშა ნაგებობებიც არის დაფიქსირებული.

ვინ აკეთებს კომპლექსის რესტავრაცია-კონსერვაციას და როდის დაიწყო ეს პროცესი?

-რესტავრაცია-კონსერვაციას სახელმწიფო აკეთებს და ეს პროცესი დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო.

რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ თქვენთან  ესპანელი არქიტექტორი იყო მოსული, ვანო მერაბიშვილთან ერთად?

-დიახ, ესპანელი არქიტექტორი მოსული იყო. ვერაფერს გეტყვით იმაზე, თუ რა კონკრეტული დავალება აქვს მას, მაგრამ დანამდვილებით იმის თქმა შემიძლია, რომ ქართველი სპეციალისტებიც მუშაობდნენ და ჩვენი პროექტი განსახილველად შვიდ არქიტექტორს ჰქონდა წარდგენილი.

მერაბიშვილიც იყო მოსული?

-იყო, როგორ არ იყო?! თავისთავად ცხადია, ის დაინტერესებულია; ყველა თავის კუთხეს რაღაცნაირად მაინც უკავშირდება და ვთვლი, რომ სწორედ ამიტომ იყო ჩამოსული.

მოხდება თუ არა მეჩეთზე მიშენებული საკურთხევლის დემონტაჟი?

-როგორც არის, ყველაფერს ტოვებენ ისე. სიძველეს სახეს არ უცვლიან. მიწისქვეშა ნაგებობაზე, რაც დგას, სახეს იმასაც არ უცვლიან, მაგრამ მის შესწავლას აწარმოებენ.

დღეს არის ალბათ, საუკეთესო საშუალება იმისა, რომ გაითხაროს ეს ტერიტორია და არქეოლოგიური სამუშაოების შედეგადაც დადგინდეს, რომ ეს ციხე არის განვითარებული ფეოდალიზმის ძეგლი. ამის შესატყვისია გალავანი, კოშკები, ციტადელი, ბევრი რამე ლაპარაკობს მეცხრე საუკუნის ენით, მაგრამ არქეოლოგიური გათხრები ძალიან საინტერესო მასალების მომცემი იქნება. ასე ფიქრობდნენ ჩვენი მეცნიერები, ვინც აქ მოდიოდნენ და უყურებდნენ ამ ციხეს.

აქ დასახლება უფრო ადრე იყო, თუ ციხე, ეს დღემდეა კითხვის ნიშნის ქვეშაა და ვფიქრობ, ეს საკითხი საბოლოოდ უნდა დადგინდეს. მიწის ზემოთ მოპოვებული მასალა მეცხრე-მეათე საუკუნისა და შემდგომი ზემოთა პერიოდების ენით გველაპარაკება...

წყვილი აბანოს კონსერვაცია-რესტავრაციაც მოხდება?

-რაც გალავანშია მოქცეული, აბსოლუტურად ყველაფრის აღდგენაა გათვალისწინებული და მათ შორისაა წყვილი აბანოც. ის, რაზეც გესაუბრეთ, დადგენილებაში არ ამომიკითხავს. შესაძლებელია ბევრი რამ დაზუსტდეს, რაღაც დაემატოს, ან გამოაკლდეს, მაგრამ დანამდვილებით იმის თქმა შემიძლია, რომ ციხის რესტავრაცია-კონსერვაცია და მოწყობის საკითხი ნამდვილად არის დასმული და პირველი ეტაპი დაწყებულია.