„იმედი მაქვს, უნივერსიტეტში შექმნილ უსამართლობას საბოლოოდ მე დავუსვამ წერტილს“

„იმედი მაქვს, უნივერსიტეტში შექმნილ უსამართლობას საბოლოოდ მე დავუსვამ წერტილს“

თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ზაფხულში ჩატარებული კონკურსის თაობაზე უკმაყოფილების ტალღა არ ცხრება. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მენეჯმენტისა და ადმინისტრირების მიმართულებით ეკა ჩოხელი მიიჩნევს, რომ 2018 წლის 31 ივლისს დასრულებული კონკურსი ტენდენციურობით მხოლოდ იმიტომ ხასიათდებოდა, რომ ამას წინ უძღოდა მარტში ამავე ფაკულტეტზე ჩატარებული დეკანის არჩევნები, სადაც უსამართლოდ გაიმარჯვა გიორგი ღაღანიძემ.

For.ge ეკა ჩოხელს ესაუბრა.

- წლეულს ზაფხულში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარებული კონკურსი უსამართლო, სუბიექტური და უთანასწორო იყო. უპირველესად ეს გახლავთ ფაკულტეტზე დეკანის არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარების შედეგი. ამჟამინდელი დეკანი გიორგი ღაღანიძე არჩეულ იქნა ფაკულტეტის საბჭოს მიერ ა.წ. 30 მარტს აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის პირდაპირი ჩარევით და თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის მხარდაჭერით. სხვა მხრივ, დამერწმუნეთ, გიორგი ღაღანიძე 2-3 ხმასაც ვერ მიიღებდა. ფაკულტეტის საბჭოს წევრები იყვნენ აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის სურვილი იყო, რომ დეკანად აუცილებლად გამხდარიყო გიორგი ღაღანიძე.

ავთანდილ სილაგაძეს რა მოტივით სურდა გიორგი ღაღანიძის დეკანად გახდომა, ღაღანიძე მისი ახლობელია?

- ვფიქრობ, მათ საერთო ინტერესები ჰქონდათ, რადგან სილაგაძე თვითონვე ხელმძღვანელობდა დეკანის არჩევნების მთელ პროცესს. საუბრობდნენ მთელ რიგ ფარულ გარიგებებზე, რომლებიც ჭორი გვეგონა იმ მომენტში, თუმცა ყველა ეს ჭორი გახდა ფაქტი კონკურსის დამთავრების შემდეგ. რაც შეეხება რექტორს, სამწუხაროა, როცა იგი, ერთი მხრივ, აღნიშნავდა, რომ არ ერეოდა ფაკულტეტის დეკანის არჩევნებში, სინამდვილეში კი, თანამონაწილე იყო მთელი ამ პროცესისა. სხვათა შორის, გიორგი ღაღანიძისთვის სტუდენტების ხმების მიცემასთან დაკავშირებითაც კითხვის ნიშნებია. ყოველივე ამის შედეგად, ასეთი ფორმით არჩეული დეკანის-გიორგი ღაღანიძის ორგანიზებით სულ ახლახანს ჩატარდა ისეთი კონკურსი, რომ 8 კონკურსანტი აგრძელებს დავას სასამართლოში. პირადად მე მონაწილეობას ვიღებდი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით პროფესორის პოზიციაზე, სადაც ერთ-ერთი კონკურსანტი სწორედ დეკანი გიორგი ღაღანიძე გახლდათ.

რის საფუძველზე აცხადებთ, რომ დეკანმა გიორგი ღაღანიძემ თავად დააკომპლექტა საარჩევნო კომისია?

- დეკანი, რომელიც აირჩა 30 მარტს, ზაფხულში უკვე კონკურსანტი იყო და ორ თვეში თუ არ გახდებოდა პროფესორი, დეკანობას კარგავდა. ამიტომაც დეკანმა კონკურსანტმა გიორგი ღაღანიძემ თვითონვე შეადგინა კომისია და შედეგმაც არ დააყოვნა. გიორგი ღაღანიძე აირჩიეს, მის მიერვე არჩეული კომისიის 7 წევრიდან 6-მა კაცმა სწორედ მას ხმა მისცა და იგი გავიდა პროფესორის პოზიციაზე. იმ ფაქტის გამო, რომ თავად კონკურსანტმა შეადგინა თავისი საარჩევნო კომისია, მივმართე რექტორს და მოვითხოვე, რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი და აღნიშნული კომისია შეეცვალათ და სხვა ნეიტრალური პირის მიერ შექმნილიყო ახალი კომისიები. თუმცა ამ სამართალს უნივერსიტეტში ვერ მივაღწიე და ახლა უკვე სასამართლოში ვაგრძელებ ბრძოლას. ჩანიშნულია ჩემი პროცესი და დიდი იმედი მაქვს, ამ უსამართლობას საბოლოოდ მე დავუსვამ წერტილს.

ავთანდილ სილაგაძეს რატომ არ მოსწონდა თქვენი კანდიდატურა?

- ვერ გეტყვით, რადგან პირადად მე დეკანის არჩევნების დროს დეკანის-გიორგი ღაღანიძის ერთ-ერთი კონკურენტი გახლდით. იმ პერიოდში ბატონი ავთო მას უჭერდა მხარს დეკანის არჩევნებში. აქედან გამომდინარე, ახლაც ღაღანიძე რომ არ გაეყვანათ პროფესორის თანამდებობაზე, დეკანობას კარგავდა. ცხადია, ბატონ ავთო სილაგაძეს თავისი ინტერესები ექნებოდა, მას სურდა, ფაკულტეტი „დაელაგებინა“ თავისი ინტერესებით და, ალბათ, ალაგებს კიდეც ფაკულტეტს ამ ინტერესებით. ეს კონკურსები ერთგვარი აქილევსის ქუსლია უნივერსიტეტისა და ფაკულტეტებისთვის, რადგან კონკურსის ჩატარების წესში სუბიექტურობის ხარისხი ძალზე მაღალია და ფორმალური ძალაუფლების მქონე ადამიანები კარგად ირგებენ მას პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ფაკულტეტზე შექმნილია არაჯანსაღი ვითარება, ე.წ. კლანური გარიგებები და თსუ-ის რექტორის მხრიდან ნების არქონა ეწინააღმდეგება პროგრესს, წინსვლას, ზიანს აყენებს მომავალ თაობას და ლახავს პირველი ქართული უნივერსიტეტის პრესტიჟს.

For.ge ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს გიორგი ღაღანიძეს დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უბრალო სიტყვების რახა-რუხია, რადგან 30 მარტს ჩატარებული დეკანის არჩევნები იყო ღია, სადაც ყველა კონკურსანტს თანაბარი შესაძლებლობა ეძლეოდა და ყველა მათგანს შეეძლო ჩაეწერა ვიდეომიმართვა.

„დეკანის არჩევნებში სამი ადამიანი იღებდა მონაწილეობას და პირადად მე 39-დან 22 ხმა მივიღე, კონკურენტებმა კი მიიღეს 8 და 6 ხმა. როგორც აღმოჩნდა, ჩემს ზურგს უკან 22 ადამიანი იდგა და არა -ავთანდილ სილაგაძე. ამ 22 ადამიანს მოსწონდა ჩემი საარჩევნო პროგრამა, ჩემი პროფესიონალიზმი და ადამიანური უნარები“, - აცხადებს გიორგი ღაღანიძე და მიმდინარე წლის ზაფხულში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარებულ კონკურსსაც ეხმიანება.

მისი თქმით, უნივერსიტეტში არსებული წესის მიხედვით, შეუძლებელია, რომელიმე დეკანმა დააკომპლექტოს კომისია. ამდენად, სიცრუეა, თითქოს მან თავად დააკომპლექტა კომისია. გიორგი ღაღანიძე აცხადებს, რომ საკონკურსო კომისიას ამტკიცებს აკადემიური საბჭო, ხოლო აკადემიური საბჭოს წარმდგენი არის რექტორი, რექტორს კი სრული უფლება აქვს, სხვადასხვა ადამიანებს აზრი ჰკითხოს.

„მე არაფერ შუაში ვარ, მე ვიყავი ერთი ჩვეულებრივი კონკურსანტი. სულ სამი კომისია იყო დამტკიცებული. ვთვლი, რომ ეს კონკურსი არ იყო ტენდენციური. ნებისმიერ ადამიანს, ვინც ამ კონკურსში იღებდა მონაწილეობას და გავიდა კონკურსში, რომ ჰკითხოთ, ეს სულაც არ იყო ტენდენციური კონკურსი. მე არ ვიცი, ბატონ ავთანდილ სილაგაძესთან რატომ დამაკავშირეს. სტუდენტობისას ბატონი ავთო ჩემი ლექტორი იყო და ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს ბატონ ავთოსთანაც, ბატონ ლადო პაპავასთანაც, ბატონ ელგუჯა მექვაბიშვილთანაც და უამრავ ღირსეულ პროფესორთან ჩვენს ფაკულტეტზე, რადგან წლებია, ამ ხალხს ვიცნობ“, - აცხადებს გიორგი ღაღანიძე.