მსოფლიო ეკონომიკის ბედი ამერიკაში გადაწყდება

მსოფლიო ეკონომიკის ბედი ამერიკაში გადაწყდება

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკას -აშშ-ს ტექნიკური დეფოლტი ემუქრება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ 2 აგვისტომდე სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარის აწევა არ მოხდება. ამ დროისათვის ზღვარი 14,3 ტრილიონ დოლარს შეადგენს, მაგრამ იგი ჯერ კიდევ მაისში ამოიწურა. და თუ ზღვარი არ აამაღლეს, აშშ სახელმწიფო ობლიგაციების საპროცენტო გადახდას გამოტოვებს, რაც ტექნიკურ დეფოლტს გამოიწვევს.

საქმე იქამდე მივიდა, რომ განთქმული სარეიტინგო სააგენტო Moody's ამერიკას სუვერენული რეიტინგის დადაბლებით ემუქრება, რაც ასწლეულის სენსაცია იქნება. ანალოგიური განცხადება გააკეთა მეორე ავტორიტეტულმა სააგენტომ Standard & Poor's-მა. ორივე სააგენტოს ანალიტიკოსები აშშ-ს მთავრობას სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარის საერთოდ გაუქმებისაკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ პრობლემა იოლად მოგვარებადია, თუ კონგრესი კვლავ არ გაჯიქდა და ადრინდელისაგან განსხვავებით ლიმიტის აწევაზე, ან მის გაუქმებაზე უარი არ თქვა.

აღსანიშნავია, რომ პირველად ხდება, როცა კონგრესში ამგვარი გადაწყვეტილება უპრობლემოდ არ მიიღეს, რადგან ადრე მსგავსი ტექნიკური საკითხები ძალიან იოლად წყდებოდა. საერთოდ, აშშ-ს კონგრესს სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარი სულ 78-ჯერ აქვს ამაღლებული. მაგრამ ამჟამად საქმე რთულადაა, რადგან რესპუბლიკელები, რომლებიც წარმომადგენლობით პალატას აკონტროლებენ, სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარის ამაღლების სანაცვლოდ უახლოეს ათწლეულში ფედერალური დანახარჯების მკვეთრ შემცირებას ითხოვენ, რასაც დემოკრატები არ ეთანხმებიან.

თუ დავუშვებთ, რომ 2 აგვისტომდე პრობლემა არ მოგვარდება და აშშ-ს დექნიკური დეფოლტი მოხდება, მსოფლიო ეკონომიკა შავ დღეში ჩავარდება. ჯერ ერთი, გაუფასურდება ამერიკული დოლარი, რასაც ბაზრებზე სერიოზული ძვრები მოჰყვება. გარდა ამისა, ფასს დაკარგავს ყველა ამერიკული ფასიანი ქაღალდი, რაც მსოფლიოს ბაზრებზე ძალიან დიდი რაოდენობითაა. შემდეგ, პროცესი ჯაჭვური რეაქციით გადავა სხვა ქვეყნების ვალუტებსა და ფასიან ქაღალდებზე.

თავისთავად ცხადია, ყველაფერი ეს ძალიან დააშინებს ინვესტორებს, რომლებიც დიდძალ წაგებას ნახავენ. შედეგად, მოიკლებს ინვესტიციების ნაკადი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკისათვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ინვესტორები საგონებელში ჩავარდებიან, რომელი ვალუტით ჩაანაცვლონ ამერიკული დოლარი. ძნელი წარმოსადგენია, ევროს ამ ეტაპზე ვინმე ენდოს. იაპონური იენა საერთოდ სახსენებელიც არ არის. არც ინგლისულ ფუნტ სტერლინგს დაუბრუნდება არავინ. შეიძლება ვინმეს ჩინური იუანი გაახსენდეს, მაგრამ ძალიან ძნელად სანდობია ჩინეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ვალუტა.

აქვე არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამერიკა, როგორც უდიდესი ეკონომიკის მქონე სუპერსახლემწიფო მთელი მსოფლიოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, სხვა ქვეყნების დასაყრდნობია. ასე, რომ აშშ-ს დეფოლტს, დიდი შანსია, ახალი, უმძიმესი და ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისი მოჰყვეს.

მოკლედ, რისკი დიდია, მაგრამ ანალიტიკოსთა უმრავლესობა იმედოვნებს, რომ, ბოლოს და ბოლოს, რესპუბლიკელები და დემოკრატები შეთანხმდებიან, რადგან არავის აწყობს ქვეყნის ეგზომ მძიმე მდგომარეობაში ჩაგდება. ბოლოს და ბოლოს, რიგითმა ამერიკელმა მიმდინარე მოვლენების შესახებ ყველაფერი იცის და მისთვის ორივე პარტია ერთნაირად საძულველი გახდება. ანუ, მთავარია, საკითხი პოლიტიკურ ჭრილში მოგვარდეს, თორემ ამერიკული ეკონომიკა ფეხზე აუცილებლად დადგება, მას ხომ მარტლაც ულევი პოტენციალი აქვს.

პრეზიდენტი ობამაც ყველანაირად ცდილობს პრობლემა როგორღაც მოაგვაროს. იგი რეგულარულად ხვდება ორივე პარტიის წარმომადგენლებს და კომპრომისისაკენ მოუწოდებს. თავისთავად ცხადია, მას არ სურს ისტორიაში შევიდეს როგორც პრეზიდენტი, რომლის მოღვაწეობის პერიოდში ამერიკული პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკურში გადაიზარდა და მთელი მსოფლიო დააზარალა.