თურქეთში მძვინვარე ეკონომიკური კრიზისი სახიფათო სახეს იღებს მეზობელი ქვეყნებისთვის და მათ შორის, საქართველოსთვისაც. ამ წუთისთვის ეს მხოლოდ ლარის მერყეობაში გამოიხატება, მაგრამ სამომავლოდ იგი უფრო მასშტაბურ ხასიათს შეიძენს.
თურქული ლირის დევალვაციამ ინფლაცია 15-წლიან მაქსიმუმამდე აიყვანა. ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები უკვე 25%–ით გაიზარდა. მხოლოდ აგვისტო–სექტემბერში თურქეთში ცხოვრება 6,3%–ით გაძვირდა და ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ექსპერტების პროგნოზებს.
წლის დასაწყისიდან თურქულმა ლირამ დაახლოებით 40% დაკარგა აშშ დოლართან მიმართებაში. ამის ერთ–ერთი მიზეზი თურქეთში დაკავებული ამერიკელი პასტორის გამო ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვა გახდა, რასაც სანქციებიც მოჰყვა.
გარდა ამისა, ინვესტორები ქვეყნის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს არასათანადო ფულად–საკრედიტო პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ.
ლირის ვარდნასა და მაღალ ინფლაციასთან ბრძოლის მიზნით თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6,25 პუნქტით 24%–მდე გაზარდა, მაგრამ ეს საქმეს არ შველის.
თურქეთის ფინანსთა მინისტრი ბერათ ალბაირაკი ირწმუნება, რომ პრობლემების პიკმა უკვე გადაიარა. ის 2021 წლისთვის ინფლაციის ეტაპობრივად 6%–მდე დაწევის პირობას დებს. შესაბამის დეტალურ გეგმას მინისტრი მალე წარმოადგენს. დათქმუნ ვადამდე 3 წელია და ეს პერიოდი შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს მეზობელი ქვეყნისთვის.
თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. იქ მიმდინარე პროცესებმა უკვე მოახდინა გავლენა საქართველოს საფინანსო ბაზარზე და ლარი ბოლო 2 თვეში 17 პუნქტით გაუფასურდა. მოსალოდნელია თუ არა უარყოფითი გავლენა მთელი ქვეყნის ეკონომიკაზე?
ამ საკითხს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუკი თურქეთში სიტუაცია არ გაუარესდება, ჩვენს ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოსალოდნელი არ არის. მისი თქმით, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. სწორედ მასზე მოდის იმპორტის 17% და ექსპორტის 8%. ამასთან, თურქეთს დიდი წილი უკავია, როგორც ტურისტულ შემოსავლებში, ასევე ფულად გზავნილებში.
„ეკონომიკური სიტუაცია თურქეთში შეამცირებს საქართველოში, როგორც უცხოურ შემოდინებებს, ასევე მოთხოვნას ქართულ საქონელსა და მომსახურებაზე. თუმცა, მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ თურქული ლირის დინამიკა და ინფლაცია. რეგიონში გაზრდილ რისკებს, შესაძლოა ჰქონდეს გავლენა ჩვენი რისკების განსაზღვრაზე და შესაბამისად, კაპიტალის შემოდინებაზე. თურქული ლირა ქართული ლარის მიმართ მნიშვნელოვნად გაუფასურდა“, - ამბობს გვენეტაძე.
დაახლოებით იგივე პოზიციაზეა ეკონომისტი აკაკი ცომაია. იგი დამატებით ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებაში გაჩენილ მოლოდინზეც.
„თურქეთის ეკონომიკას ამჟამად ის გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე, რომ აჩენს არასახარბიელო მოლოდინს. როდესაც თურქული ლირა უფასურდება იქმნება იმის განცდა, რომ უნდა გაუფასურდეს ქართული ლარიც, ამიტომ თავისთავად ეს მოლოდინი უარყოფით გავლენას საფინანსო ბაზარზე და ლარიც უფასურდება“,- აღნიშნა ცომაიამ.
ეკონომისტის თქმით, თავად ის ფაქტი, რომ თურქეთის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება ამ წუთას საქართველოს რეალურ ეკონომიკურ სექტორზე გავლენას ვერ ახდენს, თუმცა დროთა განმავლობაში გარკვეულ გავლენას მაინც იქონიებს. გრძელვადიან პერიოდში კი თურქეთის ეკონომიკის შესუსტებამ საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელი უნდა შეუწყოს.