საქართველოში დასასვენებლად ტურისტები სარგებლობენ სამედიცინო მომსახურებით, თუმცა თანხას არ იხდიან. გამოდის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები სერვისით სარგებლობენ, მაგრამ შემდეგ ან კლინიკებიდან ქრებიან, ან ფიქტიურ სადაზღვევო პოლისებს წარადგენენ, საიდანაც თანხის მიღება პრაქტიკულად შეუძელბელია. ამასთან დაკავშირებით არაერთი სასამართლო დავაც მიმდინარეობს.
ასეთი ფაქტებს დაუფარავად ამხელს მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი ნიკა ჭელიძე.
„კლინიკა ვალდებულია მოემსახუროს პაციენტს, თუმცა თანხის ანაზღაურება არ ხდება. ძალიან ხშირად უცხოელი პაციენტი უარს აცხადებს თანხის გადახდაზე. მათ არ გააჩნიათ სამოგზაურო დაზღვევა და ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმები - სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც გადაწყვეტილება რჩება აღუსრულებელი“, - აცხადებს სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი.
უშუალოდ მათ შემთხვევაში სასამართლო დავა ამჟამადაც მიმდინარეობს. საუბარია რუსეთის მოქალაქეზე, რომელსაც სამედიცინო ცენტრის მიმართ დავალიანება 15 ათას ლარამდე აქვს.
ტურიზმის სფეროს ექსპერტი ნიკო კვარაცხელია პრობლემას, სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის არარსეობაში ხედავს. მსგავსი შემთხვების შესახებ მასაც არაერთხელ სმენია, მიზეზი კი არის საზღვარზე დოკუმენტაციის წარდგენის არარსებობა.
„ყველა ქვეყნა ითხოვს, რომ ტურისტი იყოს დაზღვუელი იმ კომპანის მიერ, რომელსაც მიმღები ქვეყანა ცნობს. ეს საერთაშორისო ნორმაა და აუცილებელია ასე ხდებოდეს ყველგან. საზღვარზე უნდა მოწმდებოდეს, აქვს თუ არა სადაზღვევო პოლისი, რომელიც ქართულია ან საერთაშორისოდ აღიარებული.
პრობლემა რომ არსებობს და გადასაჭრელია, ეს უკვე ფაქტია. სახელმწიფოსთან ერთად ამაში უნდა ჩაერთს ბიზნესიც. მაგალითად, თუკი ტურისტი საზღვარზე ვერ წარადგენს ჯანმრთელობის დაზღვევას, კომპანიებისაგან იქვე შეიძინონ პოლისი, რათა ერთი მხრივ პრობლემა არ შეექმნას ვიზიტორს შემოსვლაში, მეორე მხრივ კი - ქვეყანას“, - განაცხდა კვარაცხელიამ.
ეს ყველაფერი რომ სადაზღვევო კომპონენტის გაუმართაობის ბრალია, ამას „საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილიც ამბობს. მისი თქმით, გადაუდებელი შემთხვევების დროს სახელმწიფო ვალდებულია ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ყველას (მათ შორის უცხოელსაც) უფასოდ მოემსახუროს. მათი ნაწილი კი შემდეგ თანხის გადახდას თავს არიდებს.
„ქვეყანაში შემოსვლისას დაზღვევას არავინ სთხოვს, თუმცა ვიზისთვის საჭირო ჩამონათვალში იგი არის ნახსენები. რაც შეეხება, ტურისტებს, რომელთაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ, თავისთავად არავინ ეუბნება, რომ სამოგზაურო დაზღვევა იქონიონ. თვეში უცხოელების მიერ 2000 სასწრაფო დახმარების გამოძახება ფიქსირდება. ისინი ამას თავად იხდიან, რადგან 50 ლარამდე ღირს. მათგან რაღაც ნაწილის კლინიკებში გადაყვანა ხდება, მაგრამ ნაწილი სტაციონარულ მომსახურებაში თანხას აღარ იხდის.
ნამდვილად ვიცით, რომ საკმაოდ გართულებულია პრობლემა ირანელებთან მიმართებაში. ისინი თავის ქვეყანაში დაზღვევას ყიდულობენ, რომელიც საქართველოშიც მოქმედებს, მაგრამ შემდეგ ირანულ სადაზღვევო კომპანიას აქ ფულის ჩარიცხვის პრობლემა აქვს. სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, რამდენი ასეთი შემთხვევაა და რა თანხაზე გავდივართ. ეს ფაქტები უდავოდ ხდება. ჩვენს კლინიკებს შემდეგ ნამდვილად აქვს ფულის ამოღების პრობლემა“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ ხეჩინაშვილმა.