1917 წლის ივნისში, მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოების I საკავშირო ყრილობაზე მენშევიკმა წერეთელმა განაცხადა: “არ არის დღეს რუსეთში პარტია, რომელიც ხელისუფლებას აიღებდა!“ მენშევიკი კი ერქვა, მაგრამ იმ ყრილობაზე მათ და ესერებს გაცილებით მეტი დეპუტატი ჰყავდათ, ვიდრე იმათ, რომლებიც შემდეგ ბოლშევიკები გახდნენ. ლენინმა ადგილიდან უპასუხა: „არის ასეთი პარტია“!
სააკაშვილს ასე არ უთქვამს, მაგრამ განვლილმა წლებმა აჩვენა, რომ ნაციონალური მოძრაობა ის პარტიაა, რომელიც ყველაზე არაპოპულარული გადაწყვეტილებების კასკადის მიუხედავად, სულ უფრო მზარდ შედეგებს აჩვენებს არჩევნებზე.
ეს ის პარტიაა, რომელიც ამომრჩევლის 83%-ის ნების საწინააღმდეგოდ სტახანოვურად იღებს კანონში ცვლილებებს არჩევნებამდე ერთი წლით ადრე და იმაზე არ დარდობს, რომ ეს ამომრჩეველი ხმას არ მისცემს.
ის პარტიაა, რომელმაც საქართველოს პატრიარქისა და სომხების კათოლიკოსის სიტყვიდან სწორედ ამ უკანასკნელის სიტყვას გააჭრევინა, სულ მალე ხალხის რისხვის გადამისამართება სინოდისკენ მოახერხა, თავად კი კვლავაც საკუთარ თავს დაჰხარის.
ის პარტიაა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან შეთანხმებას რეკორდულ ვადაში – პარასკევიდან ორშაბათამდე ახერხებს და იმავე დღეს იწყებს მათ წინასაარჩევნოდ გაძლიერებას. შეთანხმებაზე ხელის მოწერისთანავე მათთვის ტელეეთერიც იხსნება და ადგილობრივ საკრებულოებში ფრაქციებიც იქმნება.
ის პარტიაა, რომელიც გუშინდელ ოპონენტებთან იმავე მეთოდით მოქმედებს, როგორც კომუნისტური პარტია, რომელიც "პარტიულთა და უპარტიოთა მძლავრ ბლოკს" წარმოადგენდა. ახლა ის პარტიები, რომლებსაც შაჰი ხალათს უბოძებს, „უპარტიოთა“ ბანაკში ამოყოფენ თავს. არა უშავს, „უპარტიობა“ ჯობს უმანდატობას!
ის პარტიაა, რომელმაც ფოტორეპორტიორები ჯაშუშებად გამოაცხადა, ხოლო სახელმწიფო საიდუმლოების არასათანადო დაცვისთვის არც ერთი სახელმწიფო მოხელე არ დაიჭირა. დაჭერა რა, – საყვედურიც არავის უთხრა. სამაგიეროდ, მისი საგარეო საქმეთა მინისტრი აქეთ ითხოვს ბოდიშის მოხდას „ეგრეთ წოდებული ჟურნალისტებისგან“!
ის პარტიაა, რომლის დეპუტატები ვერც ბელადის ნაკლს ამჩნევენ და არც შეკითხვები უჩნდებათ. სამაგიეროდ, ვერ იტანენ მათ, ვინც კითხვებს სვამს.
ის პარტიაა, რომელსაც ქართული ჟურნალისტიკის ერთადერთი პრობლემა ინგლისური ენის არცოდნა ჰგონია, ხოლო მისგან გაუკონტროლებელი არასამთავრობო ორგანიზაციები - თვალთვალის ობიექტი.
ის პარტიაა, რომელიც ნომერი I რეფორმატორის წოდებით ამაყობს და რომლის მოსახლეობა უკიდურესად არის გაღატაკებული.
ის პარტიაა, რომელმაც ერთგული პარტიული ტელევიზიებისთვის, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ზღვისპირეთში საგანგებო საზაფხულო სტუდიები გახსნა, რათა დასიცხულ ჟურნალისტებს სიმართლეზე თვალი არ ახელოდათ.
ის პარტიაა, რომელმაც კანცელარიას რკინის მესერი რევოლუციის დღეებში მოახერხა, შემდეგ კი საგულდაგულოდ ჩაკეტა ყველა უწყება.
ის პარტიაა, რომელმაც ღამით მალულად მოხსნა სტალინის ძეგლი, ხოლო რეპრესიული მანქანის სტატისტიკით 1937 წლის მაჩვენებელსაც გადააჭარბა: მაშინ ასიდან ათ ბრალდებულს სასამართლო ამართლებდა, დღეს გამამართლებელი განაჩენი 0.01%-მდეა დასული!
ის პარტიაა, რომლის მმართველობისას ციხეებში, ოფიციალური მონაცემებით, 23.000 პატიმარია (ცნობისათვის: ნაცისტურ გერმანიაში, რომლის მოსახლეობა საქართველოსას 12-ჯერ სჭარბობდა, 1934-38 წლებში სულ 20.000 პატიმარი იყო, მათგან - 3.000 ებრაელი).
ის პარტიაა, რომელმაც საკუთარი ტერიტორიები დაკარგა და ჯარისკაცებს ცხრა მთას იქით აგზავნის "დემოკრატიის" სახელით.
ის პარტიაა, რომლის 2003 წლის პარტიული სიის პირველი ათეულიდან მის რიგებში მხოლოდ ვანო მერაბიშვილია დარჩენილი და რომლის რიგებიდან წამოსულიც, ყველა "მტერი და მოღალატეა".
ის პარტიაა, რომელმაც ყველა კორპუსში ზედამხედველი დააყენა და სოციალურ დახმარებას მხოლოდ ლოიალობის ნიშნით გასცემს.
ის პარტიაა, რომელმაც, მართალია, საკუთარი ინტელიგენცია ვერ წარმოშვა, მაგრამ ბევრი მდაბიო გაააზნაურა.
ის პარტიაა, რომლის «ნულოვანი ტოლერანტობა» საკუთარ ტყავზე იწვნია ასეულობით ოჯახმა.
ის პარტიაა, რომელმაც კომუნისტური კლიშე - „არასანქცირებული მიტინგი“ მკვდრეთით აღადგინა.
ის პარტიაა, რომლის დამცველებიც ვერასდროს „ისეთს ვერაფერს ხედავენ“, მაშინაც კი, როცა „არასანქცირებული მიტინგის“ დარბევისას ადამიანები იღუპებიან.
ერთი სიტყვით, არის ასეთი პარტია!
საბჭოთა კავშირში კომუნისტების რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე საქართველო ლიდერობდა. რეჟიმმა ერთმანეთის მიყოლებით მოიშორა ყველა ჯგუფი, რომელიც რაიმეში მაინც არ ეთანხმებოდა. მათაც, ჩვენი ხელისუფლებისა არ იყოს, ღრმად სწამდათ, რომ ისინი მსოფლიოში საუკეთესო სახელმწიფოს შექმნაში უშლიდნენ ხელს. ნელ-ნელა ადამიანები მიხვდნენ, რომ რეჟიმთან დაპირისპირება უშედეგო, მეტიც, სიცოცხლისთვის საშიში იყო. 60-70-იან წლებში პარტიაში ბევრი ჩინებული ადამიანი იმ მოტივით შედიოდა, რომ იქნებ შიგნიდან მაინც შეეცვალა რაიმე უკეთესობისკენ. ბოლოს ის რეჟიმი დაინგრა.
იქნებ ეს იყოს საშველი? ვიდრე საქართველოში „არ არის პარტია, რომელიც ხელისუფლებას აიღებდა“, ყველანი მწყობრი ნაბიჯით – ნაციონალურ მოძრაობაში!“