ბორჯომელები სააკაშვილის მოლოდინში

ბორჯომელები სააკაშვილის მოლოდინში

[თეონა ხარაბაძე]

მიხეილ სააკაშვილმა ბორჯომში ხვალ რესტორანი უნდა გახსნას, რომლის მშენებლობის დასრულება, ამ ეტაპზე, სათუოა. სააკაშვილს რესტორნის გახსნის რიტუალი რომ არ ჩუვარდეს, ამიტომ მშენებელ კომპანიას წამზომი ჩაურთეს და დაჰპირდნენ, თუ რესტორანს პრეზიდენტის ჩასვლამდე სათანადოდ არ მოამზადებს  ჯარიმის -  250 ათასი ლარის გადახდა არ ასცდება.  

ბორჯომში ხვალ პრეზიდენტს ელოდებიან. ყოველ შემთხვევაში, იქაურმა მოსახლეობამ ასე იცის. ამიტომაც სააკაშვილის დასახვედრად საკადრისი მზადება ერთ კვირაზე მეტია, მიმდინარეობს და რესტორანის დასამთავრებლად თუ ასაშენებლად ადამიანებს დღე და ღამე ამუშავებენ. მართალია, შენობაში ვერც წყლის შეყვანა მოესწრო, ვერც გაზის და ვერც ელექტროენერგიის, მაგრამ გარეთა ფასადი პრეზიდენტის დასახვედრად მზად არის.

დიდი ამბავი, თუ ამ რესტორნის დამთავრებას თვეზე მეტი მაინც სჭირდება. მთავარი ის არის, რომ ხვალ, თუკი პრეზიდენტი მართლა ჩამოვა, აუცილებლად გაიხსნება.

რაში სჭირდება პრეზიდენტს სასტუმროების და რესტორნების გამხსნელის იმიჯი, არავინ იცის. მაგრამ, ფაქტია, სააკაშვილისთვის ეს საყვარელ საქმიანობას წარმოადგენს და მოსახლეობასაც მეტი გზა არა აქვს, „ლაივში“ უნდა ნახოს, დაუმათავრებელი შენობები როგორ იხსნება.

პრინციპში, ამაში ახალი არაფერი არ არის და დაუმთავრებელი შენობების გახსნას ის დადებითი მხარე მაინც აქვს, რომ რამდენჯერმე შეიძლება ერთი და იგივე შენობის გახსნა. ამ შემთხვევაში კი მოსახლეობა ამ ყველაფერს  არჩევნებს უკავშირებს.

როგორც აქაურები ამბობენ, პრეზიდენტი იმიტომ გადაგვეკიდა, რომ ბოჯომში არჩევნები წააგოო. მართალია, ხელისუფლებას დიდად არ ეტყობა, რომელიმე უბანში ცოტა ნაკლებ ხმას იღებს თუ არა, მაგრამ, როგორც ჩანს, ქვეყნის პირველი პირი ამას მაინც იმახსოვრებს.

ყოველ შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობას სწორედ ამას აყვედრიან, რომ მათი მძიმე მდგომარეობა მათი პოლიტიკური შეხედულების ბრალია. რას ვიზამთ, ესეც ქართული დემოკრატიაა და ჩვენს პრეზიდენტს რომ ვკითხოთ, ჩვენზე მაგარი ქვეყანა არსად არ არსებობს, მათ შორის დემოკრატიის ხარისხის თვალსაზრისით.

არადა, ბოჯომელების სოციალური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა ზაფხულის განმავლობაში მაინც არ უნდა იყოს, როგორც ბორჯომელები ამბობენ, მათი დიდი ნაწილი დამსვენებლებზე სახლის გაქირავებას ვერ ახერხებს, რადგან სათანადო პირობები არ გააჩნიათ. პირობების შექმნას, ცხადია, დამატებითი თანხა სჭირდება და ეს ადამიანები მოჯადოებულ წრეში არიან მოქცეულები.

დამსვენებელთა ჩასვლის გამო კი ფასები იმდენად არის მომატებული, რომ რიგითი ადამიანები პირველადი საჭიროების დაკმაყოფილებასაც ვერ ახერხებენ. თუმცა,  გარკვეული ოჯახები როგორღაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნას ახერხებენ. მაგალითად, ბოჯომის პარკთან ერთ-ერთ ქუჩაზე ტაქსაობის უფლება მხოლოდ ბორჯომის რწმუნებულის მამას ჰქონია. ამიტომაც სხვა ადამიანებს აქ ტაქსაობის უფლება არ აქვთ.

რაც შეეხება უშუალოდ მშენებლობას, ეს რესტორანი, რომლის მფლობელი, დიდი მცდელობის მიუხედავად მაინც ვერ გავარკვიეთ, ადგილობრივთა ღრმა რწმენით სახელმწიფოს ეკუთვნის. ჩვენ ვცადეთ, მათთვის აგვეხსნა, რომ სახელმწიფოს ქვეყანაში რესტორნები და სასტუმროები ვერ ექნება, მაგრამ არ დაგვიჯერეს.

ასეა თუ ისე, ბორჯომის პარკთან პრესტიჟულ ადგილას რესტორანი დაჩქარებული წესით შენდება და როგორც სააკაშვილის ტრადიცია მოითხოვს, სარესტავრაციო სამუშაოები პარკის შესასვლელთანაც მიმდინარეობს. 

მთავარი კი ის არის, რომ ბოჯომში პრეზიდენტის ჩასასვლელად ადამიანებს მშენებლობაზე დღისით და ღამით ამუშავებენ. არც ის არის გამორიცხული, რომ სააკაშვილის ჩასვლას რესტორნის მეპატრონე მშენებლების დასაჩქარებლად იყენებდეს, მაგრამ ბორჯომელები მშენებლობის დაჩქარებულ ტემპს სწორედ სააკაშვილის ჩასვლით ხსნიან. ამასთან, ბორჯომელები ირწმუნებიან, რომ თუკი სააკაშვილის ჩასვლამდე რესტორნის მშენებლობა ვერ მოესწრება, მშნებლებს 250 ათასიანი ჯარიმით ემუქრებიან. 

ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ პრეზიდენტის შემორიგების სურვილმა თუ არა, ჯარიმის შიშმა მაინც აიძულოს ადამიანები, რომ მშენებლობაზე ღამითაც კი იმუშაონ. სხვა საკითხია, ასეთი მშენებლობა რა ხარისხით შესრულდება. თუმცა ამას ვიღა დაეძებს, მთავარია, რომ სააკაშვილს კიდევ ერთი ლენტის გაჭრის საშუალება მიეცემა.