თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარებული კონკურსით თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო პაპაჩაშვილი. მისი აზრით, აღნიშნულ ფაკულტეტზე პროცესებს მართავს შევარდნაძისდროინდელი კადრი - ავთანდილ სილაგაძე. ამიტომაც კომისიის წევრების ყურადღების მიღმა აღმოჩნდა ნინო პაპაჩაშვილის მიერ თსუ-ში საერთაშორისო ეკონომიკის მიმართულებით გაწეული სამუშაო.
For.ge ნინო პაპაჩაშვილს ესაუბრა.
სხვა კონკურსანტთა მსგავსად, კონკურსის შედეგით თქვენც უკმაყოფილო ხართ. რაში გამოიხატება კომისიის წევრთა ტენდენციურობა თქვენს მიმართ?
- მიმდინარე წლის ზაფხულში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად გამართულ კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას და 7 ხმიდან ნული ხმა მივიღე. გამოვითხოვე კონკურსანტების დოკუმენტაცია, კომისიის ოქმები და შემდეგ უკვე სააპელაციო კომისიის სხდომის ოქმები, მაგრამ ვერც ერთი დოკუმენტი ვერ მივიღე.
ეს ინფორმაცია ხომ საჯაროა?
- დიახ, ეს ინფორმაცია საჯაროა, მაგრამ უნივერსიტეტის ყველა ინსტანცია მოვიარე და პასუხი ვერ მივიღე. სააპელაციო კომისიისგან მხოლოდ ერთი ფურცელი მივიღე, სადაც არასწორად არის დებულება მითითებული, თითქოს მე არ მეკუთვნის ამ დოკუმენტაციის მიღება. ასე რომ, კონკურსანტების დოკუმენტაციაში ჩახედვის უფლება არ მომცეს. ეს მაშინ, როცა ძალზე ბევრი აქტივობა გამაჩნია, რადგან 23 წელია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ვასწავლი, აქ მქონდა კარიერული ზრდა, მასწავლებლიდან ასოცირებული პროფესორის ჩათვლით. ყოველ შემთხვევაში, ზაფხულამდე ასოცირებული პროფესორის თანამდებობა მეკავა, ხოლო სტუდენტობის წლებსაც თუ მივუმატებთ, გამოდის, უკვე 30 წელია, რაც უნივერსიტეტში ვარ. კონკურსის შედეგით ვარ აღშფოთებულიც, გაკვირვებულიც, გაოგნებულიც, რადგან ამდენი წლის განმავლობაში დასტურდებოდა ჩემი პედაგოგიური მუშაობის მიზანშეწონილობაც და სამეცნიერო მიმართულებით გაწეული მუშაობაც და ახლა ამის საწინააღმდეგო შედეგი დადგა. ძირითადად საერთაშორისო ეკონომიკის მიმართულებით ვმუშაობ და ამ კუთხით გაწეული მაქვს დიდი სამუშაო. დღეისთვის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე არის 8 სილაბუსი ჩემი ავტორობით, მათ შორის, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში და ამ პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა.
სამეცნიერო კუთხით რა მიღწევები გაქვთ?
- ამ მხრივ ჩვენ ყოველწლიურ ანგარიშს ვადგენთ, რაც მეცნიერებათა აკადემიაში იგზავნება და, ალბათ, დადებითად ფასდება, რადგან არავითარი უკუკავშირი არ გვაქვს. ორი მიმართულებით მინდა საკითხი განვიხილო, ერთია, სისტემური ცვლილებების აუცილებლობა, რადგან არ ვარგა ეს საკონკურსო წესი, დოკუმენტაცია რჩება ცალკე და კომისიის წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც გამოიხატება ხმის მიცემით, აბსოლუტურად ცალკე რჩება და ტენდენციურ, სუბიექტურ ნიშნებს ატარებს.
რა იყო ტენდენციურობის საფუძველი? თავიდანვე იგრძნობოდა, რომ თქვენს მიმართ ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი კომისიის წევრები?
- მე არ ვიცი, რა კითხვები დაუსვეს ჩემს კონკურენტებს, მაგრამ კომისიის ერთ-ერთი წევრის მხრიდან ჩემი მისამართით იგრძნობოდა ტენდენციურად ჩაძიებული დამოკიდებულება გასაუბრების დროს. გასაუბრების ჩანაწერებსაც, ალბათ, სასამართლო გამოითხოვს, რადგან მე ეს საქმე სასამართლოში შევიტანე, თუმცა რამდენად თანაბარი კითხვები იყო ჩემი კონკურენტების მიმართ დასმული კომისიის მიერ, ამის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია. ჩვენთან სულ ორი ადგილი იყო. კონკრეტულად მე საერთაშორისო ეკონომიკის მიმართულებით ვიღებდი მონაწილეობას. ვიყავი საშტატო პროფესორი ერთ ჩემს კოლეგასთან ერთად. სულ სამი კონკურსანტი იყო და მათ შორის მესამე, რომელსაც შტატი არ ეკავა და, რომელსაც მუდმივად იწვევდა კათედრის გამგე, აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე. რატომ მაქვს ეჭვები? რადგან იმ მესამეს ავთანდილ სილაგაძე მიზანმიმართულად უქმნიდა საერთაშორისო ეკონომიკის მიმართულებით ავტობიოგრაფიას. არადა, საერთაშორისო ეკონომიკა თეორიაა, მარტივი წასაკითხი არ არის. აკადემიკოს სილაგაძის გუნდის წევრები მუდმივად შემოდიოდნენ ჩემთან სემინარებზე, უზარმაზარი ტესტების ბაზა შევქმენი მე ჩემს ერთ კოლეგასთან ერთად, მომზადებული გვაქვს შუალედური, ფინალური გამოცდისთვის ტესტები, საკითხები, ეს ტვირთი ყოველთვის ჩემზე გადადიოდა და, იცით, რა ხდებოდა? „მომეცი, შაბლონი, მომეცი შაბლონი“, ყოველთვის ასეთი დაძალება იყო მათი მხრიდან. იმისთვის, რომ კოლეგებთან ნორმალური ურთიერთობა შემენარჩუნებინა, ვაძლევდი ამ შაბლონებს. ერთხელაც, შაბლონი რომ ვერ მივეცი, ვეშაპიძემ (რომელიც ახლა გაიყვანა სილაგაძემ ამ კონკურსში), რა გააკეთა, იცით? მოიპარა ჩემი გასწორებული შაბლონი, რადგან ამოცანების ამოხსნის შესაძლებლობა მას არ გააჩნია. ასეთი უუნარო ადამიანები მოჰყავთ, სამაგიეროდ, მონურ მორჩილებას მოითხოვენ მათგან და ისინიც კარგი შემსრულებლები არიან. ასეთი ხალხის შემოკრება აწყობთ.
მანამდე კათედრის გამგის ავთანდილ სილაგაძის მხრიდან არაერთხელ განხორციელებულა არაეთიკური ქმედებები და ეს უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამაც განიხილა. ის არის პრივატიზაციის ყოფილი მინისტრი, რომელიც წლების განმავლობაში არ იღებდა კონკურსებში მონაწილეობას. ზუსტად 2009 წელს კათედრა დაგვიხურეს, აქეთ-იქით გადაგვანაწილეს, ათი წელი ფსიქოლოგიურ და პირდაპირ ომში ვიმყოფები, მე პირადად, ჩემს კოლეგებთან ერთად, შევინარჩუნე ეს პროგრამები, ძალიან დიდი ტვირთი მქონდა და ამიტომ გავხდი მოდულის ხელმძღვანელი ბაკალავრიატის და მაგისტრატურის დონეზე. 2009-დან 2014 წლამდე ვატარე ეს ტვირთი, რადგან სხვადასხვა კათედრაზე ვიყავით შეკედლებულნი.
პაპავას დროს ავთანდილ სილაგაძეს შესაძლებლობა მიეცა, შემობრუნებულიყო უნივერსიტეტში. დიდი ხნის განმავლობაში ის იყო სასწავლო პროცესებს მიღმა, ამიტომ ჩამორჩა დროს და დღეისთვის ვთვლი, რომ ის არის დრომოჭმული აზროვნების ადამიანი, რომელიც აფერხებს უნივერსიტეტის განვითარებას, ჩაძირვისკენ მიჰყავს ფაკულტეტი, ახალგაზრდებს უქმნის შემოსვლის ბარიერს უნივერსიტეტში და თავისი დრომოჭმული მენტალიტეტის გამო მსხვერპლად ხდის კოლეგებსაც და თანამშრომლებსაც. მას დაგზავნილი ჰყავს ინფორმაციის მოსაპოვებლად ადამიანები და არაჯანსაღ ვითარებას ქმნის, ინტრიგებით, არაფორმალური გზებით მართავს ფაკულტეტს და შეკრულია დღევანდელ დეკანთან - გიორგი ღაღანიძესთან.
კონკურსში წარუმატებლობის შემდეგ თუ შეხვდით ავთანდილ სილაგაძეს და ჰკითხეთ მიზეზები, რის გამო დაგიწუნათ საკონკურსო კომისიამ?
- მას არ დავლაპარაკებივარ, მე შევხვდი დეკანს, გიორგი ღაღანიძეს, მოვითხოვე, რომ კათედრაზე ვყოფილიყავი დატვირთული. სხვათა შორის, 2013 წელს წამოვიწყე ნობელის პრემიის ლაურეატის წიგნის თარგმანი, 2014 წელს ავთანდილ სილაგაძე ჩაუდგა ამ წიგნს სათავეში და ლამის ჩაძირა მისი თარგმანი. როგორც იქნა, ამ წიგნის ერთი ეგზემპლარი დავაბეჭდინე, რაშიც მხარი დამიჭირა უნივერსიტეტის კანცლერმა, მაგრამ გამოიტანეს წიგნი და კაბინეტში ჩაკეტეს, რათა სილაბუსებში არ გვქონოდა მითითებული. სარედაქციო კომისიაში ბატონმა ავთანდილმა დააწერა გვარი ვეშაპიძე მაშინ, როდესაც საერთოდ არ არსებობდა ვეშაპიძის თარგმანი.
კომისიის წევრთა შესახებ რას იტყვით?
- კრიტიკის დონეს ვერ უძლებს ის დასკვნა, რაც დადო ამ სამარცხვინო კომისიამ, მეცოდება კომისიის ყველა წევრი, რადგან ისინი არიან მსხვერპლნი. ჩემი ეჭვია, თითოეულ ადამიანს დასდევს სილაგაძე და აშანტაჟებს, რადგან ისინი ხვალ და ზეგ კონკურსანტები იქნებიან. ჩვენმა უბრალო კოლეგამ, რომელიც არ არის ლექტორი, აღნიშნა, რომ უსამართლოდ ჩატარდა კონკურესები და ამ ე.წ. აკადემიკოსმა შეუთვალა, გაჩუმდი, თორემ დაკარგავ სამსახურსო.
თქვენ დასაწყისში ახსენეთ, რომ ავთანდილ სილაგაძე ლადო პაპავას დროს დაბრუნდა უნივერსიტეტში, მაგრამ ლადო პაპავა აღარ არის უნივერსიტეტის რექტორი. ვინ ეხმარება თავად სილაგაძეს?
- ისინი მეგობრობდნენ და მას პაპავამ მისცა საშუალება, შემობრუნებულიყო უნივერსიტეტში, მაგრამ სილაგაძეს დიდი წვრთვნა აქვს მიღებული, რადგან შევარდნაძის დროიდან მოდის. საერთოდ, 30 წლის წინ, რაც ფეხი შევდგი უნივერსიტეტში, უნივერსიტეტს ესენი მართავდნენ, ახლაც ისევ მათი მსხვერპლი გავხდი, რადგან ისინი წყვეტენ უნივერსიტეტის ბედს. ვინც შიგნით ეწინააღმდეგება, ყველა უნდა გაიწიროს. ეს ნიშნავს განსხვავებული აზრის მიუღებლობას. რომელ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ? უნივერსიტეტის ავტონომიურობის საბურველს ამოფარებით, რომ თითქოს უნივერსიტეტის, ფაკულტეტების, კათედრის საქმიანობაში ჩარევა არ შეიძლება, ასეთ შედეგს ვიღებთ. მონური საზოგადოება ყალიბდება უნივერსიტეტში.
ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ვალი მომავალი თაობის წინაშე, ყველას გვაბარია ქვეყნის ბედი. ამიტომაც შევიტანეთ კოლექტიური განაცხადი განათლების სამინისტროში და ვნახავთ მათ რეაქციას. როცა უნივერსიტეტის შიგნით არსებულ სისტემას განვითარების შესაძლებლობა არ გააჩნია და აზიანებს მომავალ თაობას, განა ამაზე რეაგირება არ მართებს განათლების სამინისტროს, ან პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტს?
მესმის, რომ ოქმები დაგიმალეს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ კონკურსგარეშედ დარჩენილი ნებისმიერი ადამიანი უკმაყოფილო იქნებოდა. როგორ უნდა ჩატარდეს ისეთი კონკურსი, რომ, ვინც გასაცხრილია, გაიცხრილოს და უკმაყოფილების გრძნობა არ დარჩეს?
- ფუნდამენტური საკითხები უნდა გამოსწორდეს. აღნიშნული საკონკურსო წესი უნდა შეიცვალოს. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დღეს არსებული ფონი ტენდენციური გადაწყვეტილებების მიღებას უწყობს ხელს. ცოტა რთული საკითხია, მაგრამ შესაძლოა, კონკურსანტი ქულებით შეფასდეს და გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღება. პირადად მე თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გახლდით, ამჟამად თსუ-ში რამდენიმე საათი დამრჩა ინტერდისციპლინური პროგრამის განხრით. უნივერსიტეტის ღირებულებები განსხვავებულია. მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტიც რომ იყო და აღარ გააგრძელო მოღვაწეობა უნივერსიტეტში, მთელი ცხოვრება მაინც უნივერსიტეტელად რჩები. მე აქ 30 წელი მაქვს გატარებული. უფრო მეტად გულნატკენი იმიტომ ვარ, რომ არსებობს A და B კონტრაქტი, B კონტრაქტი იძლევა სხვაგან მუშაობის საშუალებას, A კონტრაქტი კი არ იძლევა. A კონტრაქტით აბსოლუტურად მიკედლებული ვიყავი უნივერსიტეტს და ჩამოვცილდი ყველა სხვა უმაღლეს სასწავლებელს, სადაც გამკაცრებული ადმინისტრაციის გამო პერსონალი უკვე დაკომპლექტებულია. სხვათა შორის, არაერთხელ დაგვმუქრებია ავთანდილ სილაგაძე, კანტიც დიდი ფილოსოფოსი იყო, მაგრამ უნივერსიტეტ-უნივერსიტეტ დადიოდა საათების საძებნელადო. მე კანტს არ ვადარებ თავს, მაგრამ მართლაც ასე გამიხდა საქმე. 2014 წლიდან მოყოლებული, რაც კათედრა აღდგა, უამრავი ფსიქოლოგიური პრობლემა გადავიტანე უნივერსიტეტში. სამი თვის განმავლობაში გახარებული ვიყავი, რადგან ოქმები არსებობდა, საკათედრო საქმეებიც იყო, ახალი მოდული შევაქმნევინე და დახმარება გავუწიე მაგისტრატურაში. საბოლოოდ მიხვდა ავთანდილ სილაგაძე, რომ საერთაშორისო ეკონომიკაში კონკურენციას ვერ გამიწევდა, აკადემიკოს სილაგაძეს ცხოვრების განმავლობაში საერთაშორისო ეკონომიკის განხრით ერთი საათიც არ წაუკითხავს, ის არ არის ამის სპეციალისტი. ის არის ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის სპეციალისტი, მაგრამ თავის დროზე, ალბათ, პარტიულმა თანამდებობებმა მისცა საშუალება, გაეხსნა კათედრა ასეთი სახელწოდებით „საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრა“. ისევ ძველებურად უნდა, შეინარჩუნოს პრივილეგია და ჰგონია, იქ რომ მიდიხარ, ვიღაცის სტუმარი ხარ. საოჯახო და კლანური მიდგომები აქვს, მათ არც ლექციების ჩატარება არ სჭირდებათ, არც სტუდენტების ბედი არ აინტერესებთ. მათ სურთ, ისხდნენ კაბინეტებში და კლანურად, არაფორმალურად მართონ ვითარება. ავთანდილ სილაგაძეს მეუღლეც უნივერსიტეტში ჰყავს და, ცხადია, ჩემნაირებს გამოუშვებს, რადგან თავის შვილსაც მიიყვანს. სხვებს კი არსებობის საშუალებას უსპობს, ვინც მთელი სიცოცხლე გაიღო უნივერსიტეტისთვის. 90-იან წლებში გავხდი სტუდენტი, ლექციები რომ არ ტარდებოდა და გამოსვლები იყო, მართლა საკუთარი სისხლითა და ოფლით გავარკვიე, რა უნდა გამეკეთებინა მეცნიერებაში, ახლა კი 30-წლიანი ახალგაზრდობა წამართვეს.
For.ge შეეცდება, გაარკვიოს, მართავს თუ არა სიტუაციას ფაკულტეტზე ავთანდილ სილაგაძე?!