ლევან ყიფიანი ე.წ. სარდაფის ინციდენტს სრულ სიყალბეს და სამარცხვინო სიცრუეს უწოდებს, მაგრამ ადასტურებს, რომ მასზე არსებული ზეწოლის გამო ზაზა ოქუაშვილმა აუდიოჩანაწერების გაკეთება შესთავაზა, რათა ისინი უცხოელი პარტნიორების დასარწმუნებლად გამოეყენებინა. ყიფიანის ამ განცხადებამ უფრო მეტი კითხვები გააჩინა, ვიდრე მოხსნა. მთავარი კითხვა, ვინც ფარულ ჩანაწერებში მონაწილეობდა, ყველა თამაშობდა თუ არა – ამ კითხვაზე პასუხი საუბრის მონაწილეებს განმარტება არ გაუკეთებია.
განმარტებას არ აკეთებს სკანდალური ჩანაწერების ავტორი ზაზა ოქუაშვილი, რომელიც პროკურატურაში გამოკითხვაზე არ მიდის და მის გამოკითხვას ლონდონში ითხოვს. „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი ამ დროისთვის ლონდონში იმყოფება და საგამოძიებო ჯგუფის ჩასვლასაც იქ ითხოვს. ოქუაშვილის ამ პოზიციის მიუხადავად, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოქუაშვილი მსგავსი ქმედებით ცდილობს არსებული დავალიანება არ გადაიხადოს, თუმცა, ამბობენ, რომ მას ბიუჯეტის დავალიანების გადახდა მოუწევს.
რაც შეეხება ლევან ყიფიანის განცხადებას, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილის ვერსიას თავდაყირა აყენებს და ახლა მით უფრო საჭირო ხდება საქმის გამოძიება და ოქუაშვილმა პირველი რაც უნდა გააკეთოს, არის გამოძიებასთან თანამშრომლობა. დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ახლა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს ნამდვილია თუ გაყალბებულია ჩანაწერები, ვის ეკუთვნის და რა მოხდა. როგორც ბესელია ამბობს, ამ ყველაფრის გარეშე ყველა შეფასება არის სუბიექტური.
„ლევან ყიფიანის მიერ გაკეთებული განცხადება კიდევ უფრო მეტად ითხოვს გამოძიების სწრაფად ჩატარებას. პირადად მე, ფაქტად არავის ნათქვამს არ ვიღებ, მით უფრო ფაქტად არ ვიღებ ფარულ ჩანაწერებს, რომელიც არავინ არ იცის ვინ ჩაწერა, რეალურია თუ არა. მე იმ ადამიანების უფრო მიკვირს, ვინც ამას ფაქტად იღებს და დასკვნებს გაუგებარ ჩანაწერებზე აკეთებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
ყიფიანის განცხადებას სიმართლეში ეჭვი ეპარება უმრავლესობის წევრს გედევან ფოფხაძეს, რომლის შეფასებით, ყიფიანი დიდ გაუგებრობაშია მოყოლილი და ჯერ თვითონ უნდა ჩამოყალიბდეს, შეშინებულია, დამნაშავეა, რაღაც ავანტიურაში იღებდა მონაწილეობას თუ კორუფციულ გარიგებაში.
„ყიფიანის ემოციური მდგომარეობა არაფის განმსაზღვრელი არ არის და მნიშვნელოვანია ფაქტობრივად დადგინდეს, თუ რასათან გვაქვას საქმე რეალურად. მისი განცხადებებისა და გაურკვეველი ჩანაწერების ფონზე უნდა მოვახერხოთ, რომ ამ ყველაფერს სამართლებრივი ფორმა მიეცეს და არ იყოს ჭორაობის დონეზე. უნდა გავიგოთ ვინ ჩადიოდა დანაშაულს, ვინ არის დამნაშავე და რეალურად რასთან გვაქვს საქმე. არსებული ინფორმაციები ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს, პირად შთაბეჭდილებებზე კი ვერაფერს ვიტყვი“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
უმრავლესობისგან განსხვავებით, უმცირესობაში დარწმუნებული არიან, რომ ლევან ყიფიანმა მოჰყვა გამოგონილი ლეგენდა, რომელიც ხელისუფლებასთან ერთად შეთხზა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, არამხოლოდ პოლიტიკოსისადმი სანდოობის ხარისხი, არამედ ელემენტარულად ღირსებისა და ადამიანობის სანდოობის ხარისხის დამდგენი ტესტია – სჯერა თუ არა ყიფიანის მიერ გახმოვანებული რაღაც სისულელე და ვინც ამაზე იტყვის, რომ სჯერა, ის არის ივანიშვილის მონა.
„მან აღიარა, რომ ეს ჩანაწერი არის ნამდვილი და რაც მთავარია, ჩანაწერის ირგვლივ არ უნდა იყოს აქ საუბარი – უნდა იყოს ყველა ჩანაწერი, საბანკო ანგარიშები, ფირმის დარეგისტრირება, ფულის გატანა, ფულის მიტანა ოთარ ფარცხალაძესთან. ყველამ იცის მტკიცებულება, რომელიც ფულის გატანას ეხება და ვერასდროს დაიმალება. ეს არის ბანკიდან გატანილი ფული, რომელსაც ჰყავს თავისი მოწმეები, როგორ დოკუმენტური, ასევე ფიზიკური. ამიტომ ყველა კონტექსტი ერთად აღებული, ჩვენ გვაჩვენებს, რომ ეს იყო ბიზნესის რეკეტი“, – აცხადებს რომან გოცირიძე.
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში საქმის გამოძიებას იწყებს, აცხადებს, რომ ყიფიანის განცხადება ადასტურებს, რომ აღნიშნული ამბავი სიმართლეა და მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი კორუფციაშია ჩართული.
„ის, რაც მოვისმინეთ, არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და აბუჩად აგდების მცდელობა. თუ ეს ყველაფერი იყო ტყუილი, რას ელოდებოდა ამდენი ხანი ლევან ყიფიანი, თავიდანვე რატომ არ განაცხადა, რომ ეს ტყუილი იყო? იქნებ ის სხვა ჩანაწერებიც დადგმული იყო, ან „ფილიპ მორისის“ წინააღმდეგ სასამართლო გადაწყვეტილებაც ერთი წლის წინ, რომელიც შემდეგ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა, ტყული იყო და მოგვეჩვენა. სინამდვილეში, ეს ყველაფერი ადასტურებს ერთს, რომ როგორც ჩანს, მართლაც, ეს ამბავი არის სიმართლე, მართლაც, მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ჩართულია კორუფციაში და დღეს ეძებენ გამოსავალს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ლევან ყიფიანის განცხადების გულწრფელობაში ეჭვი ეპარება პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს, რომლის განცხადებით, სხვა პოზიციას ელოდა ყიფიანისგან და რადიკალურად განსხვავებული პასუხები მიიღო.
„როდესაც იძახის, რომ ჩანაწერი უცხოელების მოსატყუებლად გავაკეთეთო, რა მნიშვნელობა აქვს ტყუილი ვისთან იქნება ნათქვამი?! გული დამწყდა იმაზე, რომ ამას ლევან ყიფიანი ვერ მიხვდა. ამიტომ, ხელისუფლება ვალდებულია ეს საქმე ბოლომდე გამოიძიოს, მით უმეტეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. რამოდენიმე სკანდალური განცხადება იყო იგივე გია გაჩეჩილაძის მხრიდან, სახიფათო ინფორმაციები მოდიოდა სხვადასხვა მიმართულებიდან. საერთოდ, კორუფციის საფრთხე ყოველთვის არის. სარეველასავით არის, სულ რომ არ ჩანდეს უნდა იგულისხმო, რომ თუ დამცავი მექანიზმი არ აამუშავე, რაღაცა დროის მერე თავს ამოყოფს და დაიწყებს განადგურებას“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისივე თქმით, არ არსებობს სახელმწიფო, სადაც კორუფცია არ არის. მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში კორუფციის წინააღმდეგ არის ბრძოლა, შედარებით ნაკლებად განუვითარებელ ქვეყნებში ხელისუფლება ადაპტირებულია კორუფციასთან.
„კორუფცია დამარცხდაო, ასეთი რამე არ არსებობს. სარეველა არ მარცხდება, შეიძლება დამარცხდეს დროის რაღაცა მონაკვეთში, მერე მაინც გაჩნდება. გამომდინარე იქიდან, რომ 2012 წლის მერე საქართველოში ასეთი ანტიკორუფციული საქმიანობა არ დაშლილა, სავარაუდო იყო, რომ კორუფცია აუცილებლად იქნებოდა. არ უნდოდა ამას რამე ჩანაწერების აღებ–მიცემა.
არის თუ არ ივანიშვილი გარეული კორუფციაში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ, რომ ამ წლების განმავლობაში უამრავჯერ გვინახია უწყების და მათ შორის ქვეყნის სათავეში ადამიანი, რომელიც კორუმპირებული არ იყო, მაგრამ კორუფციას მიჰქონდა ყველაფერი, შევარდნაძე იყო ასეთი.
მერე ვნახეთ, რომ კრწანისის რეზიდენციაში ცხოვრობდა, არაფერი ეტყობოდა, რომ კორუფციით ჰქონდა რამე მიღებული, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ იმ პერიოდში ქვეყანა წაიღო კორუფციამ. ასე რომ, ეს მოდელი – პირველი შეიძლება კორუმპირებული არ იყოს, მაგრამ თუ ვერ მოუარე, დანარჩენი სისტემა ხდება კორუმპირებული, ნანახი გვაქვს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოსის ვახტანგ ძაბირაძეს შეფასებით, ამ ეტაპზე ძალიან რთული სათქმელია რაზე იყო ყიფიანი ჩამოყალიბებული. ამბობს, რომ არ იცის რა, ან ვინ დგას ამ განცხადების უკან, მაგრამ განცხადება, რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ და ეს ჩანაწერი უცხოელ პარტნიორებთან თავის გასამართლებლად გაკეთდა, სიმართლეს არ ჰგავს.
„არა მგონია ამ ქვეყანაზე ისეთი გულუბრყვილო ადამიანი იყოს, რომელსაც გულწრფელად სჯეროდეს ასეთი განცხადების. გარდა ამისა, რაც მნიშვნელოვანი იყო – მან დაადასტურა, რომ ბანკმა გასცა 4 მილიონი ლარი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ფაქტორი, სად წავიდა ეს თანხა. ყველაფერს ამის შემდეგ აეხდება ფარდა. ეს იქნება გასაღები მთელი ამ საქმის. მაგრამ ეს არ ანთავისუფელბს პასუხისმგებლობისგან „ომეგა ჯგუფს“, რომელსაც აქვს ბიუჯეტის დავალიანება, რომელიც უნდა გადაიხდოს. საკმაოდ არასასიამოვნო სიტუაცია არის როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
რაც შეეხება ხელისუფლების მაღალჩინოსნების კორუფციაში ჩართულობის ნიშნებს, ძაბირაძე ამბობს, რომ თუ რამდენიმე ფაქტს ერთმანეთს დავუკავშირებთ, სწორედ აქეთკენ მივდივართ.
„პირველი აღიარება, რომ რაღაც კლანურ კორუფციას ჰქონდა ადგილი, მოჰყვა პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა. მაშინ ითქვა, რომ კლანი მოქმედებდა და ამ კლანის გამო მოხდა მისი გადაყენება. ამავე ხელისუფლებამ თქვა, რომ 800 მილიონი გაქრა და ადანაშაულებენ ქუმსიშვილს და ალავიძეს, რომ უკრაინაში რაღაცა გადარიცხეს. ანუ, ეს ორი ფაქტი თავად ხელისუფლების მიერ არის აღიარებული და ხელისუფლებამ გააჩინა კითხვის ნიშნები გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით.
ამის შემდეგ ილაპარაკო, რომ კორუფცია მაღალ დონეზე არ არის, მაშინ უნდა თქვა, რომ ის 800 მილიონი რომელიც ბიუჯეტიდან გაქრა, ამას უნდა გამოკვლევა. თუ არ გამოიძიებ მაშინ რატომ შეიძლება დავუშვათ, რომ იქ 800 მილიონზე იყო ლაპარაკი და აქ 4 მილიონზე არ იყო საუბარი? ჩეულებრივი ამბავია, მარტივი ლოგიკაა, როდესაც უმრავლესობა იძახის, რომ ფაქტები დაგვისახელეთო, ამ ფაქტებს თვითონ ასახელებენ.
კორუფციული დანაშაულის გამოძიება არ ყოფილა როგორც შევარდნაძის, ასევე სააკაშვილის დროსაც. უბრალოდ ვიცოდით, რომ ასე იყო და ვამბობდით, რომ არის კორუფცია, ვხედავდით ამას. ამიტომ, ვინ როდის რა ქრთამი მისცა, რა ჩააწყო, ან არა, ამას სჭირდება მთელი სტრუქურა, რომელიც სახელმწიფოს აქვს და არა საზოგადოებას. საზოგადოება არსებული ვითარებიდან აკეთებს დასკვნას“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.