„ლუგარის ლაბორატორიასთან“ დაკავშირებით რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ კვლავ აგრძელებს ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებას. ამჯერად რუსმა გენერლებმა საქართველო ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში დაადანაშაულეს. კრემლის მტკიცებით, თბილისის ამერიკულ ლაბორატორიაში ცდებს ადამიანებზე ატარებენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
რუსეთმა „ლუგარის ლაბორატორიასთან“ დაკავშირებით საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსის და საქართველოს მიერ ტერორიზმში ბრალდებული იგორ გიორგაძის განცხადება გამოიყენა.
გიორგაძის განცხადებით, მას აქვს მტკიცებულება იმის შესახებ, თუ როგორ ატარებენ ამერიკელები საქართველოში ადამიანებზე საიდუმლო ექსპერიმენტებს.
რამდენიმე დღის წინ ცნობლი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრისა და ამერიკის საელჩოს მიმოწერა, რომელიც თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობას შეეხებოდა, მოსკოვში აღმოჩნდა. ინფორმაციის თანახმად, ოკუპანტმა ქვეყანამ მინისტრ სერგეენკოს წერილები პროპაგანდისტულ იარაღად აქცია.
რუსი გენერლების განცხადებას პასუხი მოჰყვა შეერთებული შტატებიდან. პენტაგონის არმომადგენელი ერიკ პაჰონი „რია ნოვოსტისთან“ აცხადებს, რომ „ლუგარის ცენტრი“ აშშ-ის ობიექტებს არ განეკუთვნება და ის საქართველოს შესაბამის უწყებას ეკუთვნის.
„რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მდებარეობს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში და ეკუთვნის მას. ცენტრის მისიაა, წვლილი შეიტანოს ადამიანებისთვის ბიოლოგიური საფრთხისგან დაცვაში, ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობის დაცვაში ინფექციური დაავადებების აღმოჩენის გზით, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესწავლით, ასევე, კვლევების ჩატარებით საქართველოს, კავკასიის რეგიონისა და მსოფლიო საზოგადოების საკეთილდღეო “, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, რუსეთის ეს საინფორმაციო კამპანია არის დეზინფორმაცია, რომელიც დასავლეთის წინააღმდეგაა მიმართული.