ბათუმში ფიდეს პრეზიდენტის არჩევნების დროს, რუსეთის წარმომადგენლებმა საჩუქრებად საქართველოს რუკა დაარიგეს, სადაც აფხაზეთი და სამაჩაბლო არ არის აღნიშნული.
რუკები ოლიმპიადის მოხალისეებმა აღმოაჩინეს და ფაქტი საორგანიზაციო კომიტეტს აცნობეს. საორგანიზაციო კომიტეტმა კი, სასაჩუქრე ნაკრებებიდან რუკები ამოიღო. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნნიშნულია, რომ სპორტულ ღონისძიებაზე პოლიტიკური ელემენტების შეტანა მიუღებელია.
„ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ ყრილობას, სადაც ფიდეს პრეზიდენტი აირჩიეს, რუსეთის ქალაქ ხანტი მანსიისკიდან დელაციაც ესწრებოდა. ოლიმპიადის მოხალისეებმა მათ მიერ დარიგებულ სასაჩუქრე ჩანთებში, სუვენირებთან ერთად, აღმოაჩინეს მინიატურული ზომის გასაშლელი რუკა, სადაც საქართველო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშეა. მოხალისეებმა ფაქტი საორგანიზაციო კომიტეტს აცნობეს. საორგანიზაციო კომიტეტმა მყისიერად მიიღო შესაბამისი ზომები სასაჩუქრე ნაკრებებიდან აღნიშნული რუკის ამოღების მიზნით. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მიუღებლად მიაჩნია სპორტულ ღონისძიებაზე პოლიტიკური ელემენტების შემოტანა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვას“, – ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.