თბილისის საქალაქო სასამართლოში თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე გამომძიებლებმა ჩვენება მისცეს.
გამომძიებელმა დავით ჩინჩალაძემ თქვა, რომ მან მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის სახლის ჩხრეკაში მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც ამოიღეს ბრალდებულის ქურთუკი და ზოლიანი სვიტერი, ასევე ნაცვლიშვილის და გრიგალაშვილის ფოტოსურათი.
ლადო გრიგალაშვილის საძინებლიდან ამოღებულ სვიტერზე, წინა მხარეს იყო მოწითალო ლაქები.
სასამართლოს ჩვენება მისცა ასევე გამომძიებელმა, ირაკლი ფიფიამაც. ის აწარმოებდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებს.
ფიფიას ინფორმაციით, ბრალდებულისა და მოკლულის კუთვნილი მობილური ტელეფონებიდან ამოღებული ინფორმაციის მიხედვით, გრიგალაშვილსა და ნაცვლიშვილს შორის საუბარი მკვლელობის ღამეს შეხვედრაზე იყო.
"ღამეა მეშინია, ჩემებს არ სძინავთ", - მსგავსი ტექსტი აქვს მიწერილი ნაცვლიშვილს, აცხადებს გამომძიებელი.
თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით გოგონას შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.