იუპიტერის ირგვლივ მეცნიერებმა 12 ახალი ბუნებრივი თანამგზავრი აღმოაჩინეს. CNN-ის ინფორმაციით, მეცნიერებმა ახალი აღმოჩენა იმ კვლევის ფარგლებში გააკეთეს, რომელიც მზის სისტემის მეცხრე პლანეტის აღმოსაჩენად შეიქმნა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მზის სისტემის კიდეში, კიდევ ერთი პლანეტა უნდა არსებობდეს.
აღნიშნული აღმოჩენის შემდეგ იუპიტერის ჩვენთვის ცნობილი თანამგზავრების რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. იუპიტერს ყველაზე მეტი თანამგზავრი ჰყავს მზის სისტემაში.
CNN-ის ინფორმაციით, 2017 წლის მარტში იუპიტერი იდეალურ პოზიციაზე აღმოჩნდა, რათა მასზე დაკვირვება განეხორციელებინა ვიქტორ ბლანკოს სახელობის ტელესკოპს. ამ დროს, აღნიშნული ტელესკოპის გამოყენებით, ასტრონომები მზის სისტემის მეცხრე პლანეტას ეძებდნენ. ბლანკოს სახელობის ტელესკოპი აღჭურვილა ბნელი ენერგიის კამერით, რომელსაც მკრთალი ციური სხეულების აღმოჩენაც შეუძლია.
ასტრონომის სკოტ შეპარდის განცხადებით, ისინი მეცხრე პლანეტას ეძებდნენ, როდესაც შეამჩნიეს, რომ პარალელურად იუპიტერზე დაკვირვებაც იყო შესაძლებელი. სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს მათ 12 ახალი თანამგზავრი.