[ნინო მიქიაშვილი]
ხათუნა კალმახელიძის უწყებამ სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის რეკომენდაცია არ დააკმაყოფილა - სახალხო დამცველი მალხაზ არქანიას უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პატიმრის გლდანის №8 საპყრობილიდან სხვა საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვდა, რაზეც უპასუხეს, რომ არქანია არსად გადაყვანას არ საჭიროებს, რადგან მისი უფლებები არასდროს დარღვეულაო.
კვლავ შეგახსენებთ, რომ ცემა-წამებით სახელგანთქმულ გლდანის №8 საპყრობილეში მყოფთაგან მალხაზ არქანია ერთადერთია, ვინც სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ღიად ისაუბრა წამების იმ მეთოდებზე, რაც უშუალოდ მასთან მიმართებაში გამოიყენეს - 22 ივნისს პატიმარმა ექსვსგვერდიან ახსნა-განმარტებაში დეტალურად აღწერა როგორ სცემეს, როგორ აჭამეს მისივე ხელით დაწერილი ჩვენება, როგორ აყურებინეს გაუპატიურების ფაქტი და შემდეგ როგორ სცადეს თავად მისი გაუპატიურება.
სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა ზემოხსენებული რეკომენდაცია პატიმრის დის, ნინო არქანიას წერილობითი თხოვნის საფუძველზე, 4 ივლისს გაგზავნა, რომლის შინაარსი „ობიექტივს“ სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო ერემაშვილმა მოაწოდა:
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, უზრუნველყონ მსჯავრდებულ მალხაზ არქანიას უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ყველა ღონისძიების გატარება, ასევე საჭიროების შემთხვევაში მისი გადაყვანა სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“.
ამ რეკომენდაციის პასუხიც ნინო ერემაშვილმა მოგვაწოდა:
„სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მიღებული პასუხის თანახმად, მსჯავრდებული მალხაზ არქანია შეუზღუდავად სარგებლობს პატიმრობის კოდექსით მსჯავრდებულთათვის განსაზღვრული უფლებებით და მისი უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც ამ ეტაპზე არ არსებობს მსჯავრდებულ მალხაზ არქანიას სხვა დაწესებულებაში გადაყვანის საჭიროება. ამავე პასუხში აღნიშნულია, რომ მალხაზ არქანიას განსაზღვრული აქვს დახურული ტიპი და მოთავსებულია N8 დაწესებულებაში. სახალხო დამცველის რწმუნებულები რეგულარულად ნახულობენ მალხაზ არქანიას და ყურადღებას არ აკლებენ მას“.