საქართველოში კიდევ ერთი მსხვილი სამშნებლო კომპანიას ჩამოიშალა. „სვეტთან“ დაკავშირებით ვითარება უკვე ძალიან რთულადაა. დაკავებულია კომპანიის დირექტორი, ხოლო დაზარალებული მოსახლეობის ბედი სრულიად გაურკვეველია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დეველოპერული კომპანია „სვეტის“ ერთ-ერთი დირექტორი, გივი ჯიბლაძე დააკავა.
„სვეტის“ საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ ივლისში დაიწყო. პროცესს წინ უძღოდა „სვეტის“ დაზარალებული მენაშენეების პროტესტი. მათ წინაშე აღებული ვალდებულებები კომპანიამ ვერ შეასრულა და „სვეტის“ ყველა ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებულია.
კომპანიას 4 000-მდე დაზარალებული მენაშენე ჰყავს.
საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ კომპანია „სვეტის“ მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 29 მაისს, გამოძიება დაიწყო აღნიშნული კომპანიის მიერ მშენებარე საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა გ.ჯ.-მ და თ.ჯ.-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს. სწორედ ამ მიზნით, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მიერ 2016 წლის დასაწყისში დაანონსდა მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტების დაწყება ისე, რომ კომპანიას მშენებლობის შესაბამისი ნებართვები არ ჰქონდა მიღებული. დიდი ოდენობით თანხის მოსაზიდად, ჩატარდა აქტიური სარეკლამო კამპანიაც, მათ შორის სოციალური ქსელების გამოყენებით, რითაც მოხდა ბინის შეძენით დაინტერესებული როგორც ადგილობრივი ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების მოზიდვა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე, ბრალდებულები გ.ჯ. და თ.ჯ. მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით.
გამოძიების პროცესში 5 000-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. მათ შორის ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 2000-ზე მეტი მენაშენე და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირი. ამოღებულია დეველოპერულ კომპანია „სვეტთან“ კავშირში მყოფი ორგანიზაციების: შპს „სვეტი დეველოპმენტის“, შპს „სვეტის“, შპს „სვეტი ჯგუფის“, შპს „სვეტი ნუცუბიძის“ და შპს „ვანკონსტრაქშენის“ საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაცია, რომლებზეც დაინიშნა თემატური შემოწმება და რევიზია. ამ ეტაპზე, აქტიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ზემოხსენებული კომპანიების მიერ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესში ჩადენილი ყველა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
უმძიმეს მდგომარეობაშია ის ათასობით მენაშენე, რომლებიც „სვეტის“ მაქინაციას შეეწირნენ. ვინ დაიცავს მათ უფლებებს, სრულიად უცნობია. ჯერჯერობით აღნიშნულ ფაქტს მხოლოდ ქალაქის მერია გამოეხმაურა.
მერის მოადგილე ილია ელოშვილი ამბობს, რომ მერია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ მოსახლეობის კანონიერი უფლება არ დაირღვეს.
„ყურადღებით ვაკვირდებით სამშენებლო კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებულ მოვლენებს, რომელსაც არც ერთ სამშენებლო ობიექტზე მშენებლობის ნებართვა არ გააჩნდა. რამდენიმე თვის წინ, მზადყოფნა გამოვთქვით და კომპანიის წარმომადგენლებს გონივრული ვადა მივეცით იმისთვის, რომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად, შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოედგინათ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სამშენებლო ნებართვების გაცემის თვალსაზრისით და კომპანიის წარმომადგენლებს ყველანაირად დავეხმარეთ, მშენებლობის კანონიერად განახლება მაინც ვერ მოხერხდა.
დედაქალაქის მერიაში უამრავი შეტყობინება შემოდის დაზარალებული მოქალაქეების მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ დღემდე მჭიდრო კოორდინაციაში ვართ დაზარალებულებთან და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ.
კანონის ფარგლებში, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს სამშენებლო პროცესის წარმართვას. გარწმუნებთ, მერია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ მოსახლეობის კანონიერი უფლება არ დაირღვეს და მათ მიერ გადახდილი თანხა არ დაიკარგოს“, - განაცხადა ილია ელოშვილმა სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.