[მერაბ ბრეგაძე]
ბოტანიკური ბაღის თანამშრომლების განცხადებით, „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის 200-მდე თანამშრომელს უმუშევრად დარჩენა, ბაღს კი გაუქმება ემუქრება“. ბაღი და ბოტანიკის ინსტიტუტი უკვე 4 წელია გაერთიანებულია და ილიას უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია. 4 ივლისს ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ თანამშრომელებს საბიუჯეტო დაფინანსების განულებისა და ახალი ხელშეკრულებების შესახებ აცნობა.
როგორც ბაღის თანამშრობლები განმარტავენ, ახალი ხელშეკრულებებით მათ ილიას უნივერსიტეტი ხელფასს აღარ გადაუხდის და თანამშრომლების ანაზღაურება საქველმოქმედო ფონდ „ქართუზე“ იქნება დამოკიდებული. ამ ტიპის ხელშეკრულებებზე ბაღის თანამშომლების უმრავლესობა, მეცნიერები და მკვლევარები ხელის მოწერას არ აპირებენ.
„საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ილიას უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუმცირეს სახელმწიფო დაფინანსება, შესაბამისად ჩვენ გაგვინულდა სახელმწიფო დაფინანსება“, – აღნიშნა ბაღის დირექტორმა შალვა სიხარულიძემ.
მისი თქმით, ის არ აიძულებს თანაშრომლებს ახალი ხელშეკრულებების ხელმოწერას. იმ შემთხვევაში კი, თუ ბაღის თანამშრომლები ხელშეკრულებებს არ გააფორმებენ, ილიას უნივერსიტეტი მათ ერთი თვის კომპენსაციას გადაუხდის და სამსახურიდან გაათავისუფლებს.
ასევე შალვა სიხარულიძე ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ არის საუბარი ბაღისა და ინსტიტუტის გაყოფისა და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის თბილისის მერიისთვის გადაცემის შესახებ.
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ოფიციალურად ბოტანიკური ბაღი 1845 წელს ეწოდა. ბაღის ფართობი 128 000 ჰექტარია. ბაღში საქართველოსა და კავკასიაში უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ასევე ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები ინახება. მეცნიერ-თანამშრობლები თვლიან, რომ ბოტანიკური ბაღის გაუქმება, საუკუნის დანაშაული იქნება.
ბაღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი სოფიო ხორგუანი აცხადებს, რომ „ხელისუფლება ბოტანიკური ბაღის განადგურებას ცდილობს და ამ მიზნით შემოვლითი გზა აირჩია“. მისივე თქმით, ეს დაწესებულება ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის დაქვემდებარებიდან დედაქალაქის მერიის დაქვემდებარებაში გადადის:
„გაურკვეველია რა მიზანს ისახავს თბილისის მერიისთვის ბოტანიკური ბაღის გადაცემა. ფაქტობრივად იქმნება სახელისუფლებო კორუფციის კიდევ ერთი პრეცედენტი. არ არის გამორიცხული, ახლო მომავალში უნიკალური ნარგავები გაიჩეხოს და განადგურები ბოტანიკური ბაღის ადგილზე დიდი სავაჭრო კომპლექსი ანდა რაიმე სხვა კომერციული დანიშნულების ობიექტი ვიხილოთ, რომელსაც დედაქალაქის მერია გიგი უგულავასთან დაახლოებულ ბიზნესჯგუფს გადასცემს“.
როგორც ხორგუანი აცხადებს, გაუგებარია ვინ არის პასუხისმგებელი ბოტანიკური ბაღის 200 თანამშრომლის სოციალურ მდგომარეობაზე. მისი განცხადებით, მათი უმრავლესობა სამსახურის გარეშე რჩება.
„ქართული პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრი კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:
„ოფიციალურად, ბოტანიკური ბაღის ტერიტორია 128 ჰექტარს შეადგენს. თუმცა, ბაღის დირექცია აცხადებს, რომ ბოტანიკური ბაღის ფართობი მხოლოდ 98 ჰექტარია. არავინ იცის, ეს 30 ჰექტარი როდის და როგორ გაქრა. არ უნდა დავუშვათ, რომ ბაღის ტერიტორია მომავალში კიდევ უფრო შემცირდეს. ეს არ არის „ნაციონალური მოძრაობის მიერ გაშენებული პატარა სკვერი. ბოტანიკური ბაღი თითოეული ჩვენგანის სიმდიდრე და კუთვნილებაა“.
ცნობისთვის, თბილისის ბოტანიკური ბაღი, ყოფილი სამეფო ბაღი, სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდ. წავკისისწყლის (ლეღვთახევის) ხეობაში მდებარეობს. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1845 წელს მას ბოტანიკური ბაღი ეწოდა.
1896-1904 წლებში ბაღი დასავლეთისკენ გაფართოვდა. 1932-58 წლებში მას მიემატა ყოფილი მუსლიმური სასაფლაოს ტერიტორია წავკისისწყლის მარჯვენა ნაპირზე და თაბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე. აქ შემორჩენილ საფლავებს შორის აზერბაიჯანელი მწერლის მირზა ფათალი ახუნდოვის (1812-1878) საფლავია.
ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები. ბაღის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის გამოირჩევა 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი ჩანჩქერის თავზე.
ბაღის მთავარი შესასვლელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოსაა, ნარიყალას ძირას. 1909-14 წლებში სოლოლაკის ქედში გაიჭრა გვირაბი და გაკეთდა მეორე შესასვლელი ლადო ასათიანის ქუჩიდან.
ბოტანიკური ბაღი არის სპეციალურად გაშენებული ბაღი, სადაც გამოჰყავთ სხვადასხვა ჯიშის მცენარეები და ატარებენ მათზე დაკვირვებებს. ბაღში ფლორის 3500-მდე ნაირსახეობაა წარმოდგენილი. მათ შორისაა საქართველოს ენდემური,იშვიათი და გადაშენებადი სახეობები, რაც თბილისის ბოტანიკურ ბაღს უნიკალურს ხდის. ასევე აქ იხილავთ მცენარეებს მსოფლიოს მრავალი კუთხიდან: ხმელთაშუაზღვისპირეთიდან, ჩრდილო ამერიკიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ჰიმალაის მთებიდან, ციმბირიდან...
ასევე უიშვიათეს მცენარეს როგორიცაა – მოღვინისფრო პიონი „მაიკო“ და იბერიულ ირისს, რომლებიც ბუნებაში აღარ გვხვდებიან. მცენარეები წელიწადის სხვადასხვა დროს ყვავიან, მათ შორის არის ჩინური ხიმონანტუსი, რომელიც ყვავილობით ზამთარში ახარებს მნახველს. შეგიძლიათ იხილოთ ჯუჯა ფიჭვები, ცხრატყავა, უთხოვერი, რომელსაც წითელ ხესაც უწოდებენ.
ადგილობრივი მცენარეების ასეთი მრავალფეროვნება განპირობებულია ბაღის სხვადასხვა რელიეფური და მიკროკლიმატური პირობებით. აქვე გვხვდება ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიც: მელიები, ტურები, ზღარბები, ციყვები, კუ, გველები და ა. შ.