დღეს მორიგ სახალისო ისტორიებს შემოგთავაზებთ და სიტყვას ტრადიციულად თანამემამულე სამართალდამცველებს მივცე, ანუ მათ, რომლებსაც გაგანია საბჭოთა კავშირის დროს ოფიციალურად მილიციონერები, ხალხის ჟარგონზე კი სხვა სახელი ერქვათ.
ახლო წარსულში კრიმინალებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიტინგების მთავარი „რისხვა“, ბატონი თემურ მღებრიშვილი ამ კურიოზულ ისტორიას ხშირად იგონებს:
„შევარდნაძის დროა. პლეხანოვზე მდებარე განყოფილებაში ვმუშაობ. ზაფხულია და საშინლად ცხელა. უცებ ჩემს კაბინეტში ერთი ახალგაზრდა ქალი შემოვარდა და მეუბნება:
– ბატონო თემურ, ათი წუთის წინ „ჯიპი“ მომპარეს და ძვირფასი ტელეფონიც გააყოლეს. მარკეტთან გავაჩერე მანქანა, ცივი წყალი რომ მეყიდა, გასაღები „ზაჟიგანიაში“ ჩავტოვე და ტელეფონი – „სიდენიაზე“...
– ქალო, მანქანა უნდა ჩაგეკეტა, ტელეფონი კი, თან წაგეღო-მეთქი, – დავმოძღვრე დაზარალებული და უცებ თავში ერთმა აზრმა გამიელვა.
ქალი ცრემლად იღვრებოდა:
– მიშველე, ბატონო თემურ, თორემ ჩემმა ქმარმა თუ შეიტყო, მანქანასა და ტელეფონს აღარ მაღირსებსო.
გულში კი გავიფიქრე, – ახია შენზე-მეთქი, მაგრამ ქალს მობილურის ტელეფონის ნომერი ვკითხე. შემდეგ კორპორაციულიდან ავკრიფე და დაველოდე.
– გისმენ, – მიპასუხა გამტაცებელმა, რასაც, სიმართლე გითხრა, არ ველოდი, მაგრამ მივხვდი, რომ კრეტინ „პრისტუპნიკთან“ მქონდა საქმე.
– გენაცვალე, მე განცხადების თაობაზე ვრეკავ, სადაც ეს ნომერია მითითებული და წერია, რომ „ჯიპს“ თხუთმეტი ათას დოლარად ყიდი. ფული თან მაქვს, საბუთებიც, შევხვდეთ სადმე და მოვრიგდეთ-მეთქი, – ვუთხარი გამტაცებელ მამაკაცს.
იმანაც „ჭამა“, თხუთმეტ წუთში მუშტაიდის ბაღთან მოდიო, – მითხრა და საკუთარ თვალებს არ უჯერებდა, როდესაც ხელზე „ბრასლეტები“ დავადე და განყოფილებაში მივიყვანე“.
საქართველოს ეროვნული გმირი, სულმნათი ჟიული შარტავა უპატიოსნესი, უნიჭიერესი ადამიანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კორუმპირებულ, კომუნისტურ საქართველოში „ბობოლა“ თანამდებობები ეკავა, ფული არასდროს „გაუკეთებია“. ნამდვილი პატრიოტი იყო და კეთილსინდისიერად ემსახურებოდა თავის ერს, რომელზეც უზომოდ იყო შეყვარებული და რაც მან დაამტკიცა კიდეც, როცა ალყაშემორტყმულ სოხუმში დარჩა და ბოლომდე შეასრულა თავისი პატრიოტული ვალი.
გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში ბატონი ჟიული საქართველოს კომკავშირის პირველი მდივანი გახლდათ. თანამდებობის შესაბამისად, მას პერსონალური „ვოლგა“ ემსახურებოდა. მიუხედავად ამისა, ის ხშირად სარგებლობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით (ტრამვაით, ტროლეიბუსით, მეტროთი), რათა უფრო ახლო ყოფილიყო უბრალო ხალხთან და მათი პრობლემები გაეზიარებინა. ერთხელ, როდესაც ჟიული შარტავა ტრამვაით გაემართა სამსახურისკენ, თავის კაბინეტში აღმოაჩინა, რომ საფულე დაკარგვოდა. არადა, საფულეში პასპორტი, სამსახურის პირადობის მოწმობა, პარტიული ბილეთი და ფული ჰქონდა. იმ პერიოდში პარტიული ბილეთის დაკარგვა უსასტიკესად ისჯებოდა და ბატონი ჟიული ძალიან განიცდიდა ამ ამბავს. მეორე დღეს, კვირას, ბატონი ჟიულის ბინის კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. კარი რომ გააღეს, ზღურბლზე მდგომმა მამაკაცმა გამღებს კონვერტი მისცა და სასწრაფოდ გაუჩინარდა. კონვერტი რომ გახსნეს, შიგნით ბატონი ჟიულის დაკარგული პასპორტი, სამსახურის პირადობის მოწმობა, ორმოცდაათი კაპიკი, ტრამვაის სამკაპიკიანი ბილეთი და რაც მთავარია, პარტბილეთი იდო. აგრეთვე, ტკიცინა ხუთმანეთიანი და საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი ტექსტი, რომელშიც ეწერა: „ბატონო ჟიული, საფულე მე მოგპარეთ და უკან გიბრუნებთ. შენი პარტიაც მოვ..., შენი მთავრობაც, რომ ასეთი თანამდებობის კაცი ტრამვაით დადიხარ. გჩუქნი ხუთ მანეთს და ტაქსით იარე“.
გენერალი რომან გვენცაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „ერთხელ ერთმა თანამშრომელმა მთხოვა: დედაჩემი ჩამოდის სოფლიდან, ბარგი აქვს და იქნებ ვინმეს მანქანა გამოართვა და დავხვდეთ. სამაგიეროდ, ისეთ სუფრას გაგვიშლის, რომ ჩიტის რძეც კი იქნება და კარგად მოვილხინოთო. აბა, ჩემს მეგობარს უარს როგორ ვეტყოდი. მეზობელს ძველი „ვოლგა“ გამოვართვი და ვაგზალზე დედის დასახვედრად სამნი გავემართეთ (მესამეც ჩვენი კოლეგა იყო). რომ მივედით, მე მანქანაში დავრჩი, ისინი კი ბაქანისკენ გაემართნენ მატარებლის დასახვედრად. ნათხოვარი „ვოლგა“ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ ადგილზე მყავდა გაჩერებული, სადაც კერძო მოტაქსავეები იკრიბებოდნენ. რადიომიმღები მაქვს ჩართული, სამოქალაქო სამოსი მაცვია და ახალ ამბებს ვუსმენ, უცებ მანქანის კარი იღება. უკანა სავარძელზე ვიღაც შუახნის შავი მამაკაცი შემომიხტა, რომელსაც ტყავის ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული და მითხრა:
– წადი, ბიჭო, ჩქარა!
ვიფიქრე, კერძო ტაქსისტებში ავერიე-მეთქი და მივუგე:
– დაკავებულია!
ის კაცი კი სავარძელზე წამოწვა და მომახალა:
– ჩქარა წადი! ათმაგს გადაგიხდი, ძაღლები მომდევენო.
ბოლო ფრაზის მერე, რა თქმა უნდა, მანქანა დავქოქე და ადგილიდან დავძარი. დევნილს კი ვკითხე:
– საით მიბრძანდებით-მეთქი.
– „ხლებნი პლოშადზეო“, – მითხრა, ახლა რომ აბანოთუბანს უწოდებენ, იმ ტერიტორიაზე.
მაშინ სწორედ იმ რაიონში მდებარეობდა მთელი მილიციის სამმართველო და ვიფიქრე, ბარემ მივიყვან და გავარკვევ, „ძაღლები“ რატომ მოსდევდნენ-მეთქი. არ ვიცი, რატომ დავიმსახურე იმ კაცში ასეთი ნდობა და ვინ ვეგონე, მაგრამ გული გადამიშალა და მორფის ამპულებით მოვაჭრე აღმოჩნდა, რომელიც თურმე, ჩემს კოლეგებს სწორედ რკინიგზის სადგურზე დაუსხლტა ხელიდან. ჩანთა კი, მორფიანი ამპულებით ჰქონდა სავსე. ისე იყო ის კაცი თავის ქებით გართული, როგორ მოხერხებულად დაუსხლტა ხელიდან „ძაღლებს“, რომ ვერც კი შეამჩნია, როგორ შევგორდით მილიციის სამმართველოს ეზოში და მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს, როდესაც უამრავი „პაგონებიანი“ „ძაღლი“ დაინახა.
საბედნიეროდ, ვაგზალზეც დროულად დავბრუნდი და იმ საღამოს გვარიანად მოვულხინეთ დიდებულ სუფრაზე.
დღევანდელი კრიმინალური მოგონებების დასასრულს სიტყვას კვლავ რომან გვენცაძეს გადავცემთ.
„გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში მოსკოვში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ვიყავი გაგზავნილი სამი თვით. იქ გავიცანი კოკა რუსაძე, რომელიც „მურის“ ახალგაზრდა ოპერი იყო და დავმეგობრდით. ჩვენი კურსის უფროსი, გვარს არ დავასახელებ, ერთი ლოთი, წუწკი და ახლა რომ იტყვიან, კორუმპირებული კაცი იყო. რაც უნდა კარგად ჩაგებარებინა გამოცდა, მაინც „გრევს“ ითხოვდა. ერთ დღეს მე და კოკას გვითხრა:
– ქართველებო, თუ გინდათ, წარმატებული ჩათვლები მოგცეთ, რესტორანში დამპატიჟეთ და კარგი რუსი ბოზი ქალებიც მოაყოლეთო.
კოკა ბოზი ქალების მეტს რას იცნობდა და ჩვენს კურატორს უთხრა, – ყველაფერი რიგზე იქნება. რესტორანში ამ საღამოსვე წავიდეთ. ბოზებსაც მოვიყვან და შემდეგ კი რესტორნიდან სასტუმროშიც ავიყვანთო. ჩვენმა უფროსმა ცოლს დაურეკა, ამაღამ ოპერაციაზე მივდივარ და სახლში ვერ მოვალო.
ერთი სიტყვით, რესტორან „არაგვში“ წავედით. ზღაპრული სუფრა გავაშლევინეთ და კოკას მიერ გამოძახებული რუსი ქალების მოლოდინში ვართ. ჩვენმა ლოთმა კურატორმა კი ვერ მოითმინა და სანამ ქალები მოვიდოდნენ, არყით გამოილეშა, რომელიც სპეციალურად კურსის უფროსისთვის მოვატანინეთ. მას კი სუფრაზე ჩაეძინა. ამ დროს ბოზებიც გამოჩნდნენ. სუფრას რომ მიუახლოვდნენ, სწორედ ამ დროს ასწია თავი ჩვენმა გალეშილმა კურატორმა. ერთ-ერთმა ქალმა კი, მას რომ შეხედა, უცებ ქეჩოში სტაცა ხელი, ორი სილა გააწნა და უღრიალა:
– შე ლოთო, შენა, გეგონა, გამაცურებდი? აკი სპეცოპერაციაზე მივდივარო. მაინც ხომ მოგაგენი. ახლავე აეთრიე და სახლში წამოეთრიეო.
ჩვენი კურატორი მორჩილად გაჰყვა სახლში მრისხანე ცოლს, რომელიც რესტორანში მეძავად ჰყავდა კოკას დაბარებული, მაგრამ ქალი არ დაიბნა და გაღმა შეედავა, რომ გამოღმა შერჩენოდა. ჩვენ კი გავისუსეთ.“