სესხებზე ყოველთვიური შენატანის წესი მკაცრდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულებაშია“ აღნიშნული. უკვე ცნობილი ის შეზღუდვები, რომელიც სესხის გაცემისას წესდება.
სამუშაო ვერსია სებ-მა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა და მისი ამოქმედება სესხის გამცემი ყველა სუბიექტისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმებოდა. თუმცა, როგორც რამდენიმე დღის წინ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რეკომენდაციების მიღების შემდეგ ამ დებულების საბოლოო ვერსია ჩამოყალიბდა, ხოლო მასში გაწერილი რეგულაციების ამოქმედების თარიღმა კომერციული ბანკებისთვის გადმოიწია. ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება კომერციულ ბანკებს 1-ლი ნოემბრიდან მოუწევთ.
დებულებით გაწერილი რეგულაციები ბანკების გარდა სხვა ყველა სესხის გამცემი სუბიექტისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.
შემუშავებული დოკუმენტის თანახმად, დაუშვებელი იქნება ისეთი სესხის გაცემა, რომელზეც მსესხებელი მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს იხდის, ხოლო ძირ თანხას ან მის მნიშვნელოვან ნაწილს სასესხო ვადის ბოლოს ფარავს.
„ძირის გადახდა სასურველია ხდებოდეს მსესხებლის/თანამსესხებლის შემოსავლებზე მორგებული გონივრულად შედგენილი გრაფიკის მიხედვით. დაუშვებელია ისეთი სესხის/კრედიტის გაცემა, როდესაც მსესხებელი/თანამსესხებელი მთლიან ძირს ან ძირის მნიშვნელოვან ნაწილს იხდის ვადის ბოლოს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საკრედიტო ბარათებზე, ოვერდრაფტებზე და სხვა რევოლვირებად პროდუქტებზე.
ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, სებ-ის ახალი დებულება, რომელიც ძალაში ნოემბერში უნდა შევიდეს, ფუნდამენტურად ცვლის ფიზიკური პირების დაკრედიტების წესს. მისივე თქმით, საბანკო სექტორის მოლოდინია, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება საკრედიტო რესურსი და სამომხმარებლო პორტფელი. თუმცა, ამ თემაზე სებ-თან კონსულტაციები გაგრძელდება.
„დღეს ვერ გეტყვით რა შესწორება შეიძლება შევიდეს, თუმცა ფუნდამენტურად ეს დებულება არ შეიცვლება. ზოგადად ფიზიკური პირების დაკრედიტების პრინციპი შეიცვლება. მნიშვნელოვნად შეიცვლება მიდგომა.
გაჩნდა ტერმინი - დეტალური შემოსავლის ანალიზი, რომელიც აქამდე კანონით არ რეგულირდებოდა. ბანკს ვალდებულება უჩნდება რეგულაციის მიმართ შეამოწოს დეტალური შემოსავალი და მოაქციოს ეს შემოსავალი გარკვეულ კოეფიციენტებში. გარეგნულად ეს ბიზნესში ჩარევის მხარეთაც შეიძლება ვიგულისხმოთ, მაგრამ ეს პრაქტიკა მსოფლიოში არსებობს.
გვესმის რომ ხისტი რეგულაციაა, გვესმის, რომ ამან შესაძლოა ცვლილებები გამოიწვიოს, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ჩვენც ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ“, - ამბობს ძნელაძე.
ეკონომისტი, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ყოფილი პრეზიდენტი ვახტანგ ხომიზურაშვილი სებ-ის რეგუალაციას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ მისი ეფექტი საზოგადოების უფრო ფრთხილად ყოფნაა ვალის აღებისას, რაც გადაუხდელი სასესხო ვალდებულებებისაგან იცავს.
„სებ-ის რეგულაციები ეფექტს ახდენს იმ ადამიანებზე, რომლებიც არ იყვნენ გადახდისუნარიანნი და, გარკვეულწილად, დაიცვა ისინი, არ აეღოთ სესხი, რომელსაც ვერ მოემსახურებოდნენ. მეორე მხრივ, საზოგადოება მიხვდა, რომ უფრო ფრთხილად იყვნენ ვალის აღებისას და ჰქონდეთ გარანტიები, ხოლო რისკები, რომლებიც ვალის აღებასთნაა დაკავშირებული, უფრო მეტად გააანალიზონ. ეს არის ეფექტი, რომელიც მარეგულირებლის მიერ შემოღებულ საბანკო სფეროში ამოქმედებულ კანონებს მოჰყვა და კიდევ მოჰყვება“, - აღნიშნა ხომიზურაშვილმა.
ბრძანება, რომელიც პირველ ნოემბერს შევა სესხების გაცემისას დამეტებით შეზღუდვებს აწესებს. კერძოდ:
1. იპოთეკაზე წესდება მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი
2. უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი იქნება
3. ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი
4. ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.