მას შემდეგ, რაც საქართველოს პატრიარქმა სასულიერო პირებს პოლიტიკოსების მიმართ არაკორექტული შეფასებისგან თავშკავებისკენ მოუწოდა, სასულიერო პირთა მხრიდან მკვეთრი შეფასებები შეწყდა. თუმცა პერიოდულად ცალკეულ მღვდელმსახურებს შორის მაინც იგრძნობა უარყოფითი მუხტი „ოცნების“ ფავორიტი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ.
ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი დაუფარავად აცხადებს, „თუ სალომე ზურაბიშვილი გახდება პრეზიდენტი, მე ვეცდები, დავტოვო და არ ვიცხოვრო საქართველოში... მისი აზროვნება ჩემი ქვეყნისთვის სავსებით მიუღებელია“. მეუფე ანტონის გარდა, მეუფე იაკობიც განმარტავს, „შევხედოთ, თუ გახდა პრეზიდენტი“. სხვა სასულიერო პირებზე რომ არაფერი ვთქვათ, არც მეუფე იობია მაინცდამაინც კმაყოფილი ამ არჩევანით. არ შეიძლება, არ დაეთანხმო მეუფე იობს, რომელსაც აინტერესებს, „საერთოდ, ტარდება არჩევნები?! აზრობრივი სიჯანსაღე დაკარგულია ადამიანებში. ცოტა ადამიანი თუ აზროვნებს ჯანსაღად“.
იმის გათვალისწინებით, რომ მართლმადიდებელი მრევლისთვის სასულიერო პირთა მოსაზრებები გადამწყვეტია, არავინ უარყოფს, რომ სალომე ზურაბიშვილი მრევლში ბევრ ხმას დაკარგავს. მართალია, მას „ქართული ოცნების“ შემწეობით საკმარისი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსები გააჩნია, მაგრამ ამ არჩევნებში „ნაციონალების“ ან „ყოფილი ნაციონალების“ დაწინაურებაც არ გამოირიცხება.
ცხადია, ჩვენ თეოკრატიული სახელმწიფო არ ვართ, როცა სამღვდელოება მართავს უფლის სახელით, ხოლო ძალაუფლება თავმოყრილია სასულიერო პირთა, ან ეკლესიის მეთაურთა ხელში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ქართველ სასულიერო პირთა ნაწილს არ მოსწონს ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი, რითაც შეიძლება „ნაციონალებმა“ ისარგებლონ, ხომ არ ჯობდა, ეკლესიას მისთვის სასურველი, ღირსეული კანდიდატი ირიბად მაინც შემოეთავაზებინა და ამით მრევლიც გაურკვევლობაში არ იქნებოდა, თუ ვისთვის მიეცა ხმა?!
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რეალურად მართლაც შეიძლებოდა ეკლესიისთვის მისაღებ კანდიდატზე ფიქრი, მაგრამ ეს მატარებელი უკვე ჩავლილია.
„ჩვენ თუ გადავხედავთ კანდიდატებს, იქ ერთადერთი კანდიდატია, ვინც კარგი პრეზიდენტი იქნებოდა. ჩემი აზრით, დავით უსუფაშვილს ჰქონდა შესაბამისი პოლიტიკური კომპეტენცია, მაგრამ ჩვენ ისიც კარგად გვესმის, რომ ეკლესია უსუფაშვილს მაინცდამაინც მხარს არ დაუჭერდა. ამიტომ თეორიულად რასაც ამბობთ, შესაძლოა, სწორია, მაგრამ პრაქტიკულად ამის განხორციელება დღევანდელ ვითარებაში უკვე შეუძლებელია. თანაც, ეს არ არის არჩევნები, სადაც ამომრჩეველი იღებს გადაწყვეტილებას.
ახლანდელ არჩევნებში ამომრჩეველს საერთოდ არ აინტერესებს კანდიდატურები. ყველა მათგანი დისკრედიტირებულია - სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე, ანუ ელექტორატს არ აქვს ღირსეული არჩევანი. ამიტომ ამომრჩეველი ეუბნება პოლიტიკურ ელიტას, არ მჯერა თქვენი, არ მაინტერესებს, რას ლაპარაკობთ, ან რას აპირებთ, მე ან სახლში დავრჩები, ან გადამიხადეთ და გადმოგიგდებთ ხმას. დაახლოებით ასეთია განწყობა. ვინ არის გადამხდელი? გადამხდელია ხელისუფლება, რესურსები მათ ხელშია, მათ შორის, ფინანსურიც, ადმინისტრაციულიც, ორგანიზაციული რესურსები. ცხადია, ზურაბიშვილს აქვს სერიოზული უპირატესობა ამ არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ერთი ტლაპოდან მეორეში ხტება“,-აცხადებს გია ხუხაშვილი.
მისივე მოსაზრებით, პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ჩვენი ქვეყნიდან რომ წასულიყო და სულაც არ ამოეღო ხმა 27 ოქტომბრამდე, ბევრად მეტ ხმას მიიღებდა, ვიდრე იმ ანტიკამპანიის პირობებში, რასაც ის ატარებს. დღეის მდგომარეობით, ზურაბიშვილს უპირატესობა კიდევ აქვს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კვლავაც ბევრი ნეგატიური სიურპრიზი შეიძლება შემოგვთავაზოს, გამოსარიცხი უკვე არაფერია და მეორე ტურის შანსები ყოველდღიურად იზრდება.
პოლიტოლოგი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები ქართული ეკლესიისთვის უჩვეულოა. ისტორიულად ქართული ეკლესია ობსკურანტული არ ყოფილა, ეს კი ობსკურანტიზმია.
„რას ჰქვია, რომელიმე მეუფე სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემთხვევაში საქართველოს დატოვებს? ასეთი კატეგორიული ტონი რას ნიშნავს? უცნაური განცხადებები კეთდება, ერთი ასეთი განცხადებაც მახსოვს, რომ თურმე უშიშროების საბჭოში უნდა იყოს საპატრიარქოს წარმომადგენელი. იქითკენ მივდივართ, რომ სახელმწიფოს მართვაში ერეოდეს ეკლესია. ეს არის ძველი შუასაუკუნეები, რაც საქართველოსთვის არასდროს არ ყოფილა დამახასიათებელი. ეს უფრო რუსული სტილია. ცხადია, მეუფეების ასეთი მოწოდებით მრევლი ნიჰილისტურად განეწყობა. ეს მძიმედ მოსასმენია, რადგან ეკლესიას მრევლზე დიდი გავლენა აქვს. სწორედ ამიტომ მოუწოდა პატრიარქმა სამღვდელოებას, მსგავსი განცხადებისგან თავი შეიკავონ. რაც შეეხება ეკლესიისთვის სასურველი კანდიდატურის შემოთავაზებას, ეს საერო სახელმწიფოზე უარის თქმა იქნებოდა. ირანში ხომ არ ვართ. ჩვენს ეკლესიას აქვს უდიდესი როლი, როგორც მორალურ ავტორიტეტს, სულიერ მოძღვარს. პოლიტიკაში მათი მონაწილეობა კი არც მათი ფუნქციაა და ეს უწინარესად თავად ეკლესიას აზიანებს“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
მანვე არ გამორიცხა, რომ ეკლესიის უდიდესი გავლენის გამო შეიძლება გამოჩნდეს რომელიმე ახალი ლიდერი, რომელიც უშუალოდ ეკლესიის მიერ დასახელებული კანდიდატი კი არ იქნება, არამედ იქნება ეკლესიის მიერ მორალურად მხარდაჭერილი. თუმცა ბოლოდროინდელი პერიპეტიებიდან გამომდინარე, ისიც გამოჩნდა, რომ ეკლესიაც არ არის ერთფეროვანი. თუნდაც მეუფე სპირიდონი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს.
დავით ზარდიაშვილის აზრით, საპრეზიდენტო კანდიდატის ირგვლივ ასეთი განსხვავებული პოზიციები ნიშნავს, რომ ეკლესიაც ერთგვარი დუღილის პერიოდშია, რაღაც უნდა გაიწმინდოს, ჩამოიქნას. ეს ყველაფერი კი დაკავშირებულია პატრიარქის მემკვიდრეობასთან და უამრავ სხვა მტკივნეულ თემასთან. არც ცეზაროპაპიზმში უნდა გადავარდეს ეკლესია, როცა სახელმწიფო მართავს ეკლესიას და არც ეკლესია უნდა მართავდეს სახელმწიფოს.