„ქალბატონ სალომეს არ აკლია სითამამე, მაგრამ ხალხთან სიახლოვე უფრო მეტ თავდაჯერებულობას შესძენს“

„ქალბატონ სალომეს არ აკლია სითამამე, მაგრამ ხალხთან სიახლოვე უფრო მეტ თავდაჯერებულობას შესძენს“

რისთვის სჭირდება სალომე ზურაბიშვილს რაჭაში სახლი და დამცრობილი საპრეზიდენტო უფლებამოსილების პირობებში შეძლებს თუ არა, მიხედოს რეგიონებს?

რას ნიშნავს მისი დაპირება, რომ მისთვის გარდაუვალი მიმართულებაა რეგიონების გაძლიერება, რადგან საქართველო რეგიონების გარეშე არის ერთი დიდი თავკომბალა თბილისი, რომელსაც აქვს თავისი უზარმაზარი პრობლემები.

ამ საკითხებთან დაკავშირებით For.ge-ს ანალიტიკოსი, თვითმმართველობის სპეციალისტი დავით ზარდიაშვილი ესაუბრა.

დეცენტრალიზაციის თემა ნებისმიერ ხელისუფლებას წინაასაარჩევნო პერიოდში ახსენდება და ეს შემთხვევითი არ არის. ამჯერად პრეზიდენტობის შეკვეცილი უფლებების პირობებში რისი გაკეთება შეეძლება მომავალ პრეზიდენტს, რათა თბილისი განიტვირთოს მოსახლეობისგან და შეწყდეს რეგიონების დაცლა?

- პირდაპირი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება და რეგიონალური პოლიტიკის წარმოება პრეზიდენტს, რასაკვირველია, არ შეეძლება. პრეზიდენტი ამ საკითხში ყოველგვარ კომპეტენციას მოკლებულია, მაგრამ მას შეეძლება გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს ხელისუფლებაზე, რათა დაიძრას მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის საკითხი. სწორედ ამას გულისხმობს სალომე ზურაბიშვილი, რომ ის იქნება მოსახლეობის ინტერესთა დამცველი ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობისას. ეს პირდაპირ არ ნიშნავს რაიმე პოლიტიკის წარმოებას, არამედ მოსახლეობის ნებას მიიტანს მთავრობის ყურამდე, პარლამენტამდე და ეცდება, გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. იგი კარგ კომუნიკაციას შექმნის ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის და ამის კარგი ბერკეტი იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტი. ქალბატონ სალომეს პრობლემა ზუსტად აქვს იდენტიფიცირებული. რეგიონული განვითარების გარეშე საქართველო იქცევა ერთ დიდ თავკომბალად და ამ მიმართულებით პრობლემები შეიქმნება.

მთელი მოსახლეობის თავმოყრას დედაქალაქში არც ერთი ქვეყნისთვის კარგი არ მოუტანია, მით უმეტეს, როცა ეს ხდება სოფლის მეურნეობის ჩაკვლის ხარჯზე. რას გვიქადის რეგიონების გარეშე დარჩენილი ერთ დიდ თავკომბალად გადაქცეული თბილისი?

- ყველაზე დიდი პრობლემაა რეგიონების დაცლა, ეკონომიკური დეპრესია, რაც რეგიონებშია. რაჭის მონაცემები, გურიის მონაცემები რომ ნახოთ, აღმოაჩენთ, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი პროცენტი, სადღაც 60%-მდე, ყოველ შემთხვევაში, 50%-ზე მეტი საარსებო შემწეობის იმედადაა დარჩენილი. ერთადერთი, მათი ცხოვრების სახსარია სოციალური მომსახურების სააგენტოსგან მიღებული დახმარება - 30 ლარი სულზე. ბუნებრივია, ასე დაიცლება რეგიონები, ყველა წამოვა დედაქალაქში, სადაც, ასე თუ ისე, არსებობს ეკონომიკური აქტივობა და შესაძლებელია, სასიცოცხლო მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ ამის ხარჯზე. თუ რეგიონალური განვითარება სწრაფი მასშტაბით არ განხორციელდა, რაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო დევიზი იყო წინა საპარლამენტო არჩევნებში, ისე წარმოუდგენელია რეგიონული პოლიტიკის ჩამოყალიბება.

ახლა მთავრობა მუშაობს დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე, რაც წლის ბოლომდე იქნება მიღებული. როგორც ამას გვპირდებიან, ეს თემა კიდევ უფრო გააქტიურდება და საზოგადოების ჩართულობაც მეტი იქნება. ეს არის ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესი, საარჩევნო კამპანიის დროს ათას თემაზე მიმდინარეობს დისკუსია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს საკითხია. ეს გულისხმობს ქვეყნის განვითარებას ისეთნაირად, რომ ყველა რეგიონში, მუნიციპალიტეტში, სოფელში ელემენტარული კეთილდღეობის პირობების შესაძლებლობა შეიქმნას.

რეგიონალური პოლიტიკის თვალსაზრისით რამდენად მნიშვნელოვანია სატელიტი ქალაქების დაარსება, ანუ დედაქალაქის მსგავსი პატარ-პატარა ქალაქების წარმოშობა? ასეთი კონცეფცია საქართველოში მისაღებია?

- ეს არის რეგიონულ ცენტრებსა და რეგიონალურ ჰაბებზე მორგებული იდეა. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია და ურბანული განვითარების კანონზომიერებაცაა. როცა რეგიონებში ეკონომიკური აქტივობა გაიზრდება, ცხადია, წარმოიშობა ქალაქები. ქალაქი არის ადგილი, სადაც არის საერთო ბირჟა და კომუნიკაციის ისეთი შესაძლებლობა, რაც სოფელში არ არის. თანამედროვე განვითარება შესაძლებელია ისეთნაირადაც განხორციელდეს, რომ თანაბარზომიერად მოიცვას სოფლებიც და ქალაქებიც. ამის შესანიშნავი მაგალითია ფინეთი. ეს არ არის იოლი საქმე. ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემა განუვითარებელი ქალაქების სახით, მაგრამ უფრო სერიოზული პრობლემაა ჩვენი დაცლილი სოფლები.

ბალანსის მიღწევა აუცილებელია. არ შეიძლება, სოფლების დაცლის ხარჯზე ქალაქები განვითარდეს. ისიც არ შეიძლება, რომ ეს ქალაქებიც საერთოდ ჩაკვდეს. ამას ეფექტური რეგიონული პოლიტიკის ჩამოყალიბება სჭირდება. ამის აუცილებელი პირობა სწორედ მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციაა. ეს ნიშნავს, რომ მმართველობითი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ადგილებზე, მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად.

ყველაზე მეტი ჩავარდნა რომელ რეგიონშია?

- ყველა რეგიონშია ჩავარდნა. მმართველობითი დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით ორი სერიოზული პრობლემაა. პირველ რიგში, ის, რომ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებების მიღებას თვითმმართველობა მოკლებულია. მაგალითად, ქვიშის კარიერის დამუშავება თუ სურთ რეგიონში, თბილისში უნდა ჩამოვიდნენ, რომ გარემოს დაცვითი ნებართვა აიღონ. მეორეც, რაც მთავარია, თვითმმართველობას არ აქვს რესურსი, უფლებამოსილება თავად განახორციელოს. ბიუჯეტის, საჯარო სახსრების განაწილებისას ყოველი ასი ლარიდან, რაც ქვეყნის საჯარო სექტორში იკრიბება, 82 ლარს ხარჯავს ცენტრალური ხელისუფლება, ხოლო თვითმმართველობაზე, ანუ ყველა რეგიონზე ერთად მხოლოდ 7 ლარს ხარჯავენ. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა დისპროპორციაა. ამიტომაც ყველა თბილისში ჩამოდის. ეს უნდა შეიცვალოს. ევროპელობა თუ გვინდა, ეს თანხა არანაკლებ 30% უნდა იყოს, ანუ მთელი ფულის მესამედი მაინც უნდა იხარჯებოდეს ადგილებზე, თანაც არა ცენტრალური ხელისუფლების მიერ, არამედ თვითონ თვითმმართველობების მიერ მოქალაქეთა ჩართულობით.

სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს, იყოს სასახლეში მჯდომი პრეზიდენტი, არამედ უკვე ეძებს პატარა რაჭულ სახლს, რომ რაჭაში ხშირად ჩავიდეს და ხალხს მოუსმინოს. ცხადია, უბრალო ხალხის გასაჭირის დანახვა სახლის შეძენის გარეშც შეიძლება. ამაში პიარის ელემენტები ხომ არ ჩანს?

- ეს არ იქნება არარეალური დაპირება. სალომეს პირადად რაც შეუძლია, ისეთ დაპირებას იძლევა. უწინარეს ყოვლისა, მას შეუძლია, კომუნიკატორის როლი ითამაშოს. მოსახლეობის ინტერესები უშუალოდ მიიტანოს ხელისუფლებასთან, პრეზიდენტს ისევ აქვს ფუნქცია, რომ წელიწადში ერთხელ ანგარიშით წარდგეს პარლამენტის წინაშე, საჯარო გამოსვლების უფლებაც აქვს და საყოველთაო არჩევნებით მოსული პრეზიდენტის სიტყვას გაცილებით მეტი წონა ექნება. რაჭაში სახლის შეძენაც ამის ერთ-ერთი საშუალებაა, რადგან მას მოსახლეობასთან სიახლოვე შეეძლება. ქალბატონ სალომეს არ აკლია სითამამე, მაგრამ ხალხთან სიახლოვე უფრო მეტ თავდაჯერებულობას შესძენს, რათა ხალხის სახელით ილაპარაკოს.