რა შუაშია ქუმსიშვილი(?!)

რა შუაშია ქუმსიშვილი(?!)

მთავარი პროკურატურა „პალიტრამედიას“ სტამბაში (შპს „კოლორპაკი“) პროკურატურის წარმომადგენლების შესვლას იმით ხსნის, რომ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ შესაძლოა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხებია გაფლანგული.

პროკურატურის მასალების მიხედვით, შპს „კოლორპაკმა“ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღო 1 600 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი. კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივი თანადაფინანსება 24 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

კრედიტის გაცემისა და შემდგომში მისი ხარჯვის მონიტორინგის მექანიზმების შესწავლის მიზნით, პროკურატურამ სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია ამოიღო, თუმცა, შპს „კოლორპაკს“ არ ეზღუდება საქმიანობის შესაძლებლობა.

„პალიტრამედიას“ განცხადების თანახმად, 24 სექტემბერს, შპს „კოლორპაკში“ შევიდნენ მთავარი პროკურატურის გამომძიებლები და მოითხოვეს 01.01.14-დან 11.09.18-ის ჩათვლით „სრული სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტაცია და საწარმოს ამავე პერიოდის კორესპონდენცია“.

საპარლამენტო უმრავლესობა ამაში მედიაზე ზეწოლის ელემენტებს ვერ ხედავს - როგორც უმრავლსობის წევრმა, სოფო კილაძემ აღნიშნა, მთავარია, მედიის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას საფრთხე არ შეექმნას. როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, „პალიტრა მედია ჰოლდინგში“ შემავალ მედიასაშუალებების მუშაობას რაიმე შეზღუდვა ნამდვილად არ აქვთ.

„თუ „პალიტრა მედია ჰოლდინგში“ შემავალ მედიასაშუალებებს რაიმე შეზღუდვა იქნება, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამის წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს. აქ საქმე იყო მხოლოდ კონკრეტული გამოძიების ფარგლებში, საბუთების გამოთხოვასთან. არ მგონია, რომ ეს რაიმე ფორმით ზღუდავდეს „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ მედიასაშუალებების საქმიანობას. უბრალოდ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეული საბუთები იყო გამოთხოვილი. ეს არ არის მედიის თავისუფლებაში ჩარევა“ - განაცხადა კილაძემ.

გამომდინარე იქიდან, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის მეუღლის სახელი მედიაჰოლდინგ „კვირის პალიტრას“ უკავშირდება, ჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ქუმსიშვილის მინისტრობის დროინდელი საქმიანობის შესწავლითაა დაკავებული ხელისუფლება.

ქუმსიშვილის სახელი იმ ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს, რომელიც „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით „რუსთავი 2-ის“ ეთერში ვიხილეთ. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ამ თემაზე სხვა ჩანაწერებიც არსებობს, სადაც დიმიტრი ქუმსიშვილი გიორგი ვაშაძეს მიტინგზე მოქმედების ინსტრუქციას აძლევს.

ქუმსიშვილი კატეგორიულად უარყოფს ამ საქმესთან რაიმე კავშირსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობას, თუმცა, თანამდებობა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გადადგომისთანავე დატოვა.

არის თუ არა რაიმე კავშირში მედიაჰოლდინგიდან დოკუმენტაციის ამოღება დიმიტრი ქუმსიშვილის საქმიანობასთან, მოგვიანებით გამოჩნდება, თუმცა როგორც სოფო კილაძემ განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რა შუაშია ამ საქმესთან ქუმსიშვილი.

„არ ვიცი, როდის და რა ინფორმაცია მიეწოდა საგამოძიებო ორგანოებს. ამაზე, ალბათ, უკეთესად თვითონ გააკეთებენ განცხადებას. თუ პროკურატურამ შესაბამისი ინფორმაცია მიიღო ქუმსიშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, არ უნდა დაწყებულიყო გამოძიება კონკრეტულ საქმეზე? ან საერთოდ, რა შუაშია ქუმსიშვილი ჩემთვის ცოტა გაუგებარია“ - განაცხადა კილაძემ.

დაინტერესდება თუ არა პროკურატურა ჰოლდინგში შემავალი სხვა კომპანიებით, უცნობია. სხვათა შორის, მიმდინარე წლის გაზაფხულზე „ნეტგაზეთში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში - „აწარმოე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს კომპანია, რომლის მესაკუთრეები და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილის ბიზნესპარტნიორები არიან, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 11 560 000 ლარია.

სტატიის მიხედვით, ვიცე-პრემიერის ბიზნესპარტნიორების კომპანია „ტისუპეიპერს“ უკვე წელიწადნახევარია აფინანსებს მეწარმეობის განვითარების სააგენტო. ერთ-ერთი ევროპული ბანკის პროცენტს ამ კომპანიას სახელმწიფო, თანადაფინანსების სახით, კიდევ რვა თვის განმავლობაში დაუფინანსებს.

შპს „ტისუპეიპერის“ მიერ მაკულატურისა და ცელულოზის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ჰიგიენური ქაღალდების წარმოებასა და რეალიზაციაზეა ორიენტირებული, „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით 2016 წლის ბოლოს გაიხსნა. საწარმო საზეიმოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.

საწარმოს გახსნის დროს, კომპანია „ტისუპეიპერის“ მესაკუთრეები იყვნენ ზაზა ბუაძე (25%) და ირაკლი თევდორაშვილი (75%). ირაკლი თევდორაშვილი მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის მეუღლის, ნატალია თევდორაშვილის ბიძაშვილია.

გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილი შპს „რეშენალ სოლუშენსის“ 10% წილის მესაკუთრეცაა „რეშენალ სოლუშენსის“ 90%-ს შპს „კვირის პალიტრა“ ფლობს. „კვირის პალიტრის“ მფლობელები კი შპს „ტისუპეიპერის“ მესაკუთრეები - ზაზა ბუაძე (25%) და ირაკლი თევდორაშვილი (25%) არიან. კომპანიის 10 პროცენტიანი წილი ქუმსიშვილს 2012 წლის ივნისიდან ეკუთვნის.