აფხაზეთის პირველ დე ფაქტო პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას ყოფილი მრჩეველი ბათუმში სასტუმროს ფლობს

აფხაზეთის პირველ დე ფაქტო პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას ყოფილი მრჩეველი ბათუმში სასტუმროს ფლობს

რუსეთის სახელმწიფო სათათაბიროს დეპუტატი, ეთნიკურად აფხაზი ოთარ არშბა ბათუმში სასტუმროს ფლობს.

საიტ sova.news-ს ცნობით, შპს „მარი გრუპი“ დარეგისტრირებლია საქართველოში 2006 წლის 5 მაისს მისამართზე ბათუმი, თამარ მეფის 1. კომპანიის ერთპიროვნული მფლობელია რუსეთის მოქალაქე ინგა არშბა, რომელიც ოთარ არშბას ქალიშვილია.

ასევე მის სახელზეა გაფორმებული კომპანია მოსკოვში მსგავსი სახელით - „მ-გრუპი“

ბათუმში „მარი გრუპი“ფლობს სასტუმრო “Marina Coliseum”-ს, რომელიც საქართველოს საჯარო რეესტრის ინფორმაციით, 2014 წლიდან დაყადაღებულია.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროს მშენებლობა ჯერ კიდევ სააკაშვილის პერიოდში დაიწყო. ერთ-ერთ ინტერვიუში ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნანობს იმას, რომ მის მიერ ჩაფიქრებული პროექტი, რომელიც აფხაზმა, „ქართულმა ოცნებამ“ მიითვისა.

4-ვარსკლავიანი სასტუმრო “Colosseum Marina Hotel” 2016 წელს გაიხსნა. წითელი ლენტი იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაჭრა.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 14 მლნ. დოლარს შეადგენს.

ვინ არის ოთარ არშბა?

დეპუტატი ოთარ არშბა რუსეთის პარლამენტის ეთიკის და შემოსავლების კონტროლის კომისიას ხელმძღვანელობს, თუმცა, ეს არ უშლის მას ხელს უცხო ქვეყნებში აქტივების ფლობაში.

არშბა მეოთხედაა რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია როსიას“ დეპუტატი 2003 წლიდან. ის არის მულტიმილიონერი და რუსული „ფორბსის“ სიის მუდმივი ფიგურანტი.

ბავშვობის წლები მომავალმა დეპუტატმა ბათუმში გაატარა, ზაფხულობით ისვენებდა აფხაზეთში, ოჩამჩირეს რაიონის სოფელ ბედიაში. 13 წლიდან ცხოვრობს მოსკოვში.

ღია წყაროების თანახმად, ოთარ არშბამ 1978 წელს სსრკ-ს სუკ-ის უმაღლესი სკოლა დაამთავრა. 1980-1990 წლებში მუშაობდა აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში და ბალტიის ქვეყნებში.

1986 წელს მოსკოვში ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალის დროს კონტრდაზვერვითი დავალებებისთვის შესრულებისთვის ღირსების ორდენი მიიღო.

1989-1991 წლებში არშბა იყო სსრკ-ს სახალხო დეპუტატის, აფხაზეთის მომავალი დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას მრჩეველი-კონსულტანტი და პოლიტიკური საქმიანობის ორგანიზატორი.

1992-1993 წლების ომის დროს არშბა იყო სეპარატისტების ერთ-ერთი ფინანსური სპონსპორი.