სიღარიბის თემა ისევ ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. როგორც წესი, მკვლევარების, სპეციალისტების და ხელისუფლების წარმომადგენელთა ამ საკითხზე შეთანხმება ვერაფრით ხერხდება. ასეა ამჯერადაც, პარლამენტის თავმჯდომარე არც წარმოდგენილ სტატისტიკას ენდობა და არც ჟურნალისტურ მასალებს.
„იუნისეფის“ კვლევის მიხედვით, ბოლო 2 წელიწადში ქვეყანაში სიღარიბე გაზრდილია, პენსიის ოდენობა კი საგანგაშოდ დაბალია. დოკუმენტის მიხედვით, ირკვევა რომ 2015 წელთან შედარებით 2017 წელს, ქვეყანაში უკიდურესად ღარიბთა რიცხვი 108 ათასი კაცით გაიზარდა.
2015 წელთან შედარებით 2017 წელს, ქვეყანაში ღარიბთა რიცხვმა 124 ათასი კაცით იმატა. 2015 წელთან შედარებით 2017 წელს, უკიდურესი სიღარიბე გაიზარდა 2,9%-ით, ხოლო ზოგადი სიღარიბე - 3,3%-ით.
საქართველო არის ევროპაში ბოლოს წინა (მოლდოვამდე) ადგილზე პენსიის სიდიდის მიხედვით და იგი სომხეთსაც კი ჩამორჩება. სომხეთში პენსია არის 230 ლარის ექვივალენტი. „ოცნებას“ 230 ლარის პენსია დაგეგმილი აქვს 2021 წლისათვის.
როგორც ირკვევა, საქართველოს მოსახლეობის 32% არის ღარიბი, 37% საშუალოდ ღარიბი, ანუ მოსახლეობის 69% ცხოვრობს სიღარიბეში. 24% ცხოვრობს სიღარიბის ზღვართან ახლოს (მოწყვლადი ჯგუფი) და მხოლოდ 7%-ა საშუალო კლასის წარმომადგენელი. ეს არის 2015 წლის მონაცემები. დღეისათვის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო უარესია, რადგან მას შემდეგ მოხდა ლარის გაუფასურება და ფასების ზრდა. ეს აუცილებლად გამოიწვევდა სიღარიბის ზღვარზე მყოფი ადამიანების გადანაცვლებას ღარიბთა კატეგორიაში.
სიღარიბის თემას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში „რეაქცია“ გამოეხმაურა:
„საქართველოში 100 ათასობით ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ამის ნულამდე დაყვანას სჭირდება, რომ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 4500 აშშ დოლარიდან დაახლოებით 10 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდოს. ყველაზე წარმატებულ ეკონომიკური პირობებშიც კი აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ 8-10 წლის განმავლობაში. მთავარია საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივი წინსვლა და ჩვენი მთავარი გამოწვევაც ზუსტად ეს არის - ასი ათასობით ადამიანი ამოვიყვანოთ სიღარიბიდან.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, შარშან გვქონდა 5% მაჩვენებელი, რაც რეგიონში იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ციფრი და წელს ეს მაჩვენებლიც გაუმჯობესებულია. დაახლოებით 5.5%-იანი ეკონომიკური ზრდაა ნავარაუდევი. სიღარიბე საქართველოში 8-10 წელიწადში დაძლეული იქნება“,- განმარტავს კობახიძე.
კობახიძე პრესითა და ტელევიზიებით სიღარიბის თემაზე გავრცელებულ ინტერვიუებს არ ეთანხმება:
„ეს ინტერვიუებიც სიყალბის ნაწილია“, - უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას, - ვიცი, რასაც უშვებთ ხოლმე. ყალბი სურათი იქმნება საზოგადოებაში. გეტყვით მიზეზს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა 27%, რაც დაახლოებით მილიონი ადამიანი გამოდის. ეს მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა და ჩამოვიდა 800 000-მდე. შესაბამისად, ნებისმიერ ტელევიზიას შეუძლია 5 წლის განმავლობაში ჩაწეროს და გაუშვას ეს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სიღარიბის მასშტაბებს ადასტურებენ არა მარტო ექსპერტები, არამედ ბიზნესმენებიც. „ჯიდიჯი პლუსის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობა მძიმე ვითარებაში საქართველოს ეროვნული ბანკის არასწორმა პოლიტიკამ ჩააგდო. ბანკები სესხს ყველა ადამიანზე გასცემდნენ, შედეგად, ამან ქვეყანაში ჭარბვალიანობა გამოიწვია. სწორედ ამ მიზეზის გამო წაქაძე თვლის, რომ სებ-ის ახალი გადაწყვეტილება სწორია.
„სახელმწიფოს და ეროვნული ბანკის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი არის სწორი, რადგან ახალი რეგულაციებით მოსახლეობის გაღარიბება შემცირდება. დეველოპერებისთვის ეს კარგი არ არის, რადგან გარკვეულწილად გაყიდვებს შეგვიმცირებს, მაგრამ ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. როდესაც ეს რეგულაციები არ არსებობდა, ბანკები ყველას აძლევდნენ სესხს, ისინი ვეღარ ისტუმრებდნენ ვალს და შავ სიაში ხვდებოდნენ. ამას ვამბობ როგორც მოქალაქე და არა მშენებელი“, - აცხადებს წაქაძე.